„ასე ცდილობს მარტოობის გრძნობის ჩახშობას.. მარტოხელა დედების, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სტიმულია ეს გოგო“

181

ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მიუხედავად უმძიმესი წარსულისა, „ეს ქალი მისთვის სიძლიერის, ცხოვრებას ჩაჭიდებული ქალის სიმბოლოა, რომელიც შვილებისა და საკუთარი თავის გამო, დათვსაც შეებმება“.

როგორც ნინო თარხნიშვილი წერს, Tik Tok ბლოგერს, ვირტუალურ მეგობარი ჰყავს, რომელსაც „გოგოს“ ეძახის და სავარაუდოდ, ასე ცდილობს მარტოობის გრძნობის ჩახშობას.

ჟურნალისტის აღნიშნული პოსტი ბლოგერმა ქეთი ქველაძემ ნახა და Tik Tok-ზე გავრცელებულ ვიდეოში თქვა, რომ მისმა სიტყვებმა „აატირა, ძალიან გახარებულია და მადლობას უხდის“.

ეს პოსტი უპოვია ქეთის ❤ სულ არ მინდოდა ეტირა ❤“, – წერს ნინო თარხნიშვილი პოსტის კომენტარებში.

„თითქმის ერთი წელია, ახალგაზრდა გოგოს ვადევნებ თვალს ტიკ-ტოკზე. ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. სამი მცირეწლოვანი შვილით გამოექცა ქმარს. უჩივლა. კაცი დააპატიმრეს. გარკვეული პერიოდი თავშესაფარში იცხოვრა, მერე ბინა იქირავა და ფაქტობრივად, გაუსაძლის სიღარიბეში განაგრძო ცხოვრება სამ ბავშვთან ერთად, სულ მარტომ. ეს ცხოვრება კი თავიდან ბოლომდე, ვირტუალურ სივრცეში გადაიტანა. გაღვიძებიდან დაძინებამდე, ბაღში წასვლიდან მაღაზიაში შესვლამდე. სიცილიდან ტირილამდე.

– გოგო, ეს ვიყიდე ჩემთვის. ესენი – ბავშვებს.

– ამ ბავშვის გლანდებმა ხო მომინელა, გოგო, ჰა.

– გოგო, ახლა ამ იატაკსაც მოვწმენდ და მერე მჭადებს დავაცხობ.

აი, ასე მიმართავს ვირტუალურ მეგობარს, „გოგოს“, ანუ, ყველას, ვინც უყურებს და სავარაუდოდ, ასე ცდილობს მარტოობის გრძნობის ჩახშობას.

მის ყოველდღიურ ვლოგებს ათასობით ადამიანი ელოდება და უყურებს, ასიათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ადამიანები, რომლებიც მის ვლოგებს უბრალოდ კი არ უყურებენ, გვერდშიც უდგანან და ვისაც როგორ შეუძლია, ისე ეხმარება – ზოგი ტანსაცმელს სჩუქნის, ზოგი პროდუქტს. ზოგი თანხას.

ამ გოგომ ყოველდღიური ტიკ-ტოკ ლაივები შემოსავლის წყაროდ აქცია, ანაბარი გახსნა, ბინის შესაძენი თანხის შეგროვება დაიწყო და ერთი წლის თავზე, უამრავი ადამიანის დახმარებით, ერთოთახიანი ბინაც იყიდა.

ისეთი გამხდარია, ძვლებს დაუთვლი. ხანდახან მიკვირს, რაში უდგას სული.

სულ პატარაა, მგონი, 26 წლის. აქვს უმძიმესი წარსული, ჯერ კიდევ ბავშვობიდან. ქუჩაში ცხოვრება, ალკოჰოლზე დამოკიდებული დედა. მამის სიკვდილი, რომელიც ძალიან უყვარდა.

დღემდე დასცინიან სოციალურ ქსელში მისი თინეიჯერობის დროინდელი ცხოვრების გამო. უფრიალებენ ძველ ვიდეოებს, ზოგი ბოზს ეძახის, ზოგი ნაგავს, აბულინგებენ.

აბულინგებენ და მათხოვარს უწოდებენ დღევანდელი ცხოვრების გამოც – რომ ბინა მათხოვრობით იყიდა, რომ უსაქმურია.

ის კიდე ხან შეიგინებს გულიანად, ხანდახან იტირებს კიდეც და მერე ისევ აგრძელებს თავის ვიტრუალურ ცხოვრება-ბრძოლას.

გადარჩენისთვის, ვისაც როგორ შეუძლია, ისე იბრძვის. ზოგი სტილისტობას სწავლობს, ზოგი კერვას, ზოგი კულინარიას, ამ გოგომ ვირტუალური სივრცე და “კონტენტ კრეატორობა” არჩია და თავისთავად შემოესწავლა. ვიღაცები აყვედრიან ხოლმე, რატომ არ მუშაობსო – მუშაობს, და ესაა მისი საქმე, ათასობით ადამიანზე მუშაობს. რაც შეეხება სამსახურს სახლს მიღმა, ამ ეტაპზე მაინც, ვერ მოახერხებს. სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მართალია სამივე დაჰყავს ბაღში, მაგრამ როგორც ყველა ბავშვი, ხან როდის ავადობენ, ხან როდის და მათ მოსავლელად რომელი დავრჩებით? მე თუ თქვენ?

ჩემთვის ეს გოგო სიძლიერის სიმბოლოა. ცხოვრებას ჩაჭიდებული ქალის სიმბოლო, შვილებისა და საკუთარი თავის გამო, დათვსაც რომ შეებმება.

მე, მის ადილას, ნაცემი, შეურაცხყოფილი, სამი პატარა შვილით, სადღაც თხრილში ვეგდებოდი მკვდარი. ამ გოგომ კიდე მოახერხა თავის გადარჩენაც და შვილებისაც.

ამ ერთ წელში განიცადა სრული ტრანსფორმაცია ფიზიკურად, შინაგანად, რაც მთავარია, სწორი ღირებულებებით. ხისტია, ხანდახან უხეშიც, მაგრამ რომ არა ეს სიხისტე, ვერასდროს გახდებოდა ისეთი, როგორიც დღესაა.

მარტოხელა დედების, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სტიმულია ეს გოგო და მისი ყოველდღიურობა – როგორ გადარჩა, როგორ გადაარჩინა შვილები და არ დაკარგა სიცოცხლის სიყვარული, იუმორი და ბრძოლის უნარი.

ადგება ხოლმე დილაადრიან, ჯერ კიდევ რო ბნელა, გაყოფს თავს ფანჯარაში, იტყვის,

– გოგო, წვიმს დღეს, ქარიცაა. გავაღვიძებ ახლა ამათ, ხელ-პირს დავბან და წავალთ ბაღში.

დარწმუნებული ვარ, კარგ შვილებს გაზრდის. ისეთ კაცებს, აზრადაც რომ არ მოუვათ, ქალს აწყენინონ.

თავისნაირ გოგოს გაზრდის, მებრძოლს, არასდროს რომ დააჩაგვრინებს სხვას თავს.

ნეტა, ყველა ძალადობაგამოვლილმა ქალმა შეძლოს ის, რაც ამ გოგომ მოახერხა.

და ნეტა მე მისი გამბედაობის, ძალის მეათედი მაინც მომცა“, – წერს ნინო თარხნიშვილი.