“მარტო ნიკოს მიმართ კი არა, ზოგადად არ მაქვს ნდობა მამრობითი სქესის მიმართ. ჩვენ ერთმანეთის ტელეფონის პაროლებიც ვიცით“

333

რით არის გამორჩეული „პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე სალომე უშხვანისთვის ახალი წელი და როგორია მისი და ნიკოლოზ ქართველის ოჯახური ცხოვრება – ამაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს:

გთავაზობს ამონარიდს ინტერვიუდან

– როგორი დიასახლისი და მზარეული ხარ?

– ერთადერთი, რაზეც შემიძლია, თავი დავდო, ფელამუშია. რაც მიყვარს, იმის კეთება, გამომდის (იცინის). ნიკოც აღფრთოვანებულია ჩემი ნახელავით. ჩურჩხელასაც შევეჭიდები, მაგრამ აქამდე არ მიცდია. ჯერ არც გოზინაყი გამიკეთებია, მაგრამ არა მგონია, რთული იყოს. სალათები გამომდის, საცივსაც გავართმევ თავს. ოსტრი მიყვარს და აუცილებლად გამომივა. ჩიხირთმა და ბოზბაში შეიძლება, არ გამომივიდეს, მაგრამ ელემენტარულებს ვაკეთებ.

– სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოებს დებთ ხოლმე, მართლა ისეთი ეჭვიანი ხარ, როგორიც იქ?

– მე ძალიან ეჭვიანი ვარ. ნიკოს ეჭვის ნატამალიც არ აქვს. მეუბნება, რომ მენდობა და იმიტომ. მეც ვენდობი, მაგრამ მაინც ფხიზლად ვარ. მას ვენდობი, მაგრამ სხვებს – არა (იცინის). ყველაფერი ხდება და ამიტომ მირჩევნია, მიწაზე მყარად ვიდგე. „მოხვალ შენ სახლში“ – მსგავსი ფრაზები მაქვს ხოლმე, თუმცა სახის მიმიკითაც კარგად ვახვედრებ, როცა ვეჭვიანობ. როდესაც საქმე სადმე წასვლას ეხება, ვეუბნები: წადი, მაგრამ მერე მე ვიცი (იცინის). როლში ღრმად არასდროს ვიჭრები, რეალურად არ მაძლეს ეჭვიანობის საბაბს, მაგრამ ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში ვარ. მარტო ნიკოს მიმრთ კი არა, ზოგადად არ მაქვს ნდობა მამრობითი სქესის მიმართ. ჩვენ ერთმანეთის ტელეფონის პაროლებიც ვიცით. ჩემს ტელეფონს ხელი არ მოჰკიდო, ამას როგორ მკადრებ და ასე შემდეგ, მსგავსი ტექსტები არ გვაქვს. მაგრამ იმდენჯერ მაქვს ყველაფერი გადამოწმებული, ჩვენს წელთაღრიცხვამდე შემოსული თუ გაგზავნილი ესემესებიც კი მაქვს ნანახი, მაგრამ რამდენჯერაც გადავქექე იმის „იმედით“, რომ რამეზე წამოვიკიდებდი, საბაბი ვერ ვიპოვე და უკვე ისე მომბეზრდა, ვიცი, ტელეფონს რომ გავხსნი არაფერი დამხვდება და ამ ეტაპზე ხელს აღარც ვკიდებ (იცინის). ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და რა ვქნა? არ ვფიქრობ, რომ ამით ნიკოს პირად სივრცეს ვარღვევ. ამ ამბავს ძალიან იუმორით ვუყურებ. ნიკოს თვითონაც არ აქვს გართულება, ეცინება ხოლმე ჩემი ეჭვიანობის გამოვლინებებზე. თვითონ ნიკო საერთოდ არ ჰკიდებს ხელს ჩემს ტელეფონს.

– თუ დაინახე, რომ სხვა გოგო ზედმეტ ყურადღებას იჩენს მის მიმართ, რა ხდება?

– ჩხუბს ხომ არ დავიწყებ, ღიმილიანი სახით ვუახლოვდები, მაგრამ სახლში რომ მოდის, მერე მე ვიცი, რაც ხდება (იცინის). სხვათა შორის, ვაფასებ ნიკოს დამოკიდებულებას, თუ რამე ზედმეტს შეატყობს სხვა ქალს, თუ ვინმე რამეს ცდილობს, ნიკო მაშინვე თბილად აგრძნობინებს, რომ მხოლოდ გულშემატკივრად აღიქვამს. მსგავსი სიტუაციებიდან მარტივად გამოძვრება ხოლმე. არ გამოძვრება და მოვა სახლში (იცინის).