“ბებიაჩემის ღამის პერანგს ჩავიცვამ ხოლმე , როცა ძალიან მენატრება…”

544

ნინო ბაშარული გარდაცვლილ ბებიას ემოციურად იხსენებს.

მომღერალი წერს, რომ როცა ბებია ენატრება მის ღამის პერანგს იცვამს.

მის პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, უცვლელად გთავაზობთ:

” ბებიაჩემის ღამის პერანგს ჩავიცვამ ხოლმე , როცა ძალიან მენატრება და მგონია, თითქოს ბებიაჩემი ვარ… მასსავით ვიმზირები ,ვლაპარაკობ, მასსავით ღირსეულად და ამაყად მიჭირავს თავი , საკუთარ ძალებში საოცრად დარწმუნებულს, მგონია მთებს გადავდგამ!
ბებოს რომ ვუყურებდი, სამყაროს დედა მეგონა…
დღის განმავლობაში ასწრებდა შეუძლებელს! სახლის დალაგებას, საჭმლის მომზადებას, პირველი, მეორე, მესამე… შვილების დაპურებას, მოფერებას, სკოლაში გაცილებას, პურის თონეში გამოცხობას, სარეცხის გარეცხვას, თეთრეულის არნახულად და ზედმიწევნით დაუთოებას, ისე, რომ ერთ ნაკეცს არ ტოვებდა, ღმერთო ჩემო არც ერთს, მეზობლების და ნათესავის მომადლიერებას, ოთარაანთ ქვრივივით საყვედურის თქმას ზოგიერთ უსაქმურზეც…
არაფერს არ მაკარებდა, დედოფალივით მზრდიდა. მერეც გეყოფაო… სამაგიეროდ, ყოველთვის, როდესაც სახლის “მნიშვნელოვან”საქმეებს აკეთებდა, მეძახდა და მაყურებინებდა, თვალი ყველაზე უკეთ იმახსოვრებსო.
… მენატრებოდა რომ სახლში მტვერი დამენახა… მწყუროდა რომ ბებოს ერთხელ მაინც არ გაემზადებინა საჭმელი და ჩემთვის დაევალა გაკეთება…სკოლიდან მოსულს საჭმელი არ დაეხვედრებინა მაგიდაზე,
რომ სრულყოფილ არსებად არ მეგრძნო თავი❗
დიახ, არ მინდოდა რომ სრულყოფილ არსებად მეგრძნო თავი…მინდოდა რომ ხანდახან დაუვარცხნელ-დაუბანელი წავსულიყავი სკოლაში, ცოტა მოთხვრილი თეთრი პერანგით ანდა სხვადასხვა ფერის წინდით, რომ მგონებოდა საკუთარი თავი სხვებივით ჩვეულებრივი.
ავად როცა ვხდებოდი(და ეს ხშირად ხდებოდა, დაბალი იმუნიტეტის გამო) ის ჩემს სასთუმალთან ჰაეროვნად ცეკვავდა, რომ მე გამცინებოდა და მეც სიცილისგან ვიფსამდი ხოლმე, როგორია, როდესაც ხედავ მრგვალ,ძალიან მრგვალ, ფუმფულა არსებას ბალერინას პოზაში. 😄ავადმყოფობის დროს კარაქიან პურს ოთხკუთხედებად დაჭრიდა და ისე მომართმევდა ლუკმას პირში, რომ არ დავღლილიყავი პირის გაღებით და ლუკმის ღეჭვით…
მის ნაცვამ ღამის პერანგს როცა ვიცვამ, მგონია ბებიაჩემი ვარ … და ღრმა სიბერემდე ჩავიცვამ მის ღამის პერანგს .ჩემი ოჯახის წევრებიც შევაჩვიე იმ აზრს, რომ ყოველ მესამე დღეს მისი ნაცვამი პერანგი მეცმევა. ძველმოდური, რუშებიანი
და როცა მოვხუცდები და ჩემი დრო მოვა, მინდა რომ ბებიასავით გარდავიცვალო! … მინდა ჩემს გვერდით არავინ იყოს, არც შვილი, არც შვილიშვილი, არ მინდა ვინმე შევაშინო, არავინ უნდა უყუროს ჩემი სულის იმქვეყნად გადაბრძანებას… არავინ იყოს გვერდით, ვინც წყალს დამალევინებს , მომეფერება, შუბლზე მაკოცებს, თვალებში ჩამხედავს და მეტყვის : ” ნურაფრის გეშინია”… “მე შენთან ვარ”…
მე, შენს სულელ და უსინდისო შვილიშვილს, ძალიან მინდა დრო დავაბრუნო, უფრო მეტი გეფერო, და იმ დღეს, როცა ილეოდი, შენს გვერდით ვიყო…მაპატიე, რომ ჩემი ხელით არ დაგეხუჭა თვალები”
პ. ს. გაუფრთხილდით წინა-ფარს, ხშირად მოიკითხეთ, არ დატოვოთ უყურადღებოდ, რაც არ უნდა გადაუდებელი საქმეები გქონდეთ!!!-წერს ნინო ბაშარული სოციალურ ქსელში.