ტელეწამყვანის, გლამურული ჟურნალების დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, თამთა კვარაცხელიას გარშემო ბოლო დროს სულ საინტერესო მოვლენები ხდება.
წელიწადნახევრის წინ მას იტალიიდან მოუვიდა შეთავაზება, მონაწილეობა მიეღო სილამაზის კონკურსში ,,მის ევროპა ინტერკონტინენტალი 2024″. თამთა მოდელი არასდროს ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნული მონაცემებით მოდელებს ტოლს ნამდვილად არ უდებს. დიდხანს ყოყმანობდა და ბოლოს მაინც მიიღო გამოწვევა და იტალიაში, კერძოდ, ნაპოლიში, გაემგზავრა.
რამდენიმე ხნის შემდეგ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანმა დაწერა: ,,მეგობრებო, პროექტს გამოვეთიშე, მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ”. ჟურნალ ,,სარკეს” კი ეს საიდუმლო გაუმჟღავნა და იტალიურ შთაბეჭდილებებზეც მოუყვა.
– თამთა, გასაგებია, რომ კონკურსის წესებიდან გამომდინარე, ბევრ საკითხზე დაწვრილებით საუბრის უფლება არ გაქვთ. თუ შესაძლებელია ზოგადად გვითხრათ, რატომ გამოეთიშეთ კონკურსს.
– დავიწყებ იმით, რომ მოლაპარაკებები ხანგრძლივად მიმდინარეობდა. ჩემი ოჯახის, ახლობლების თხოვნით და სიახლეების წყურვილით ბოლოს გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა ამ კონკურსში.
წასვლის წინა დღეს წინათგრძნობა მქონდა, რომ რაღაც ისე ვერ იქნებოდა და ასეც მოხდა. კონკურსამდე ორი დღით ადრე გავიგე, რომ ვერ მოვიგებდი, რადგან პირველი ადგილისთვის განკუთვნილ საჩუქარს – სააგენტოსთან კონტრაქტს – ხელს ვერ მოვაწერდი, ამიტომ კონკურსის ორგანიზატორები გავაფრთხილე წინასწარ.
ეს კონკურსი არ იყო ჩემთვის საინტერესო, არ მომეწონა კონტრაქტის პირობები. ისინი დამწყებ მოდელებს ეძებდნენ, მე კი ვიყავი უკვე შემდგარი, წარმატებული ქალი. საქართველოში მქონდა აწყობილი კარიერა, მყავს შვილი, რომელსაც დიდი ხნით ვერ დავტოვებდი.
ჩემი პირველი პოდიუმი იტალიის სატელევიზიო ეთერში სცენაზე შედგა. როცა კამერები ჩაირთო, დაძაბულობა უცებ მომეხსნა. მივხვდი, რომ ჩემთვის ახალ სცენაზე ვიდექი, ახალი პლატფორმა მქონდა, რომელიც შემეძლო, გამომეყენებინა და გადავწყვიტე, ჩემი ერთი წუთით მესარგებლა.
უცხო ქვეყანაში ის აღიარება და სიყვარული, რაც ამ კონკურსმა მომიტანა, დაუჯერებელია. მადლობა მათ ამისთვის, განსაკუთრებულად და მნიშვნელოვნად მაგრძნობინეს თავი. დიდი გამოცდილება მივიღე, მსოფლიოს 59 ქვეყნიდან ლამაზი ქალი გავიცანი, კარგი დრო გავატარე, მართლაც ზღაპრული მოგზაურობა იყო.
ვფიქრობ, ხმა მივაწვდინე ბევრ ქალს ჩემი გამოსვლით. არა აქვს მნიშვნელობა, რა სფეროში ხარ წარმატებული, ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია წინსვლა. შეგიძლია გახდე სილამაზის კონკურსის აღიარებული მონაწილე და მოტივაცია მისცე ქალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. არასდროს არის გვიან, იმოქმედო. ეცადო, შენი შინაგანი ბრწყინვალება გარეთ გამოიტანო და მაგალითი იყო დანარჩენებისთვის.
– ამ კონკურსის შემდეგ ალბათ გექნებოდათ სხვა შემოთავაზებებიც.
– დიახ, სხვადასხვა დიდი კომპანიის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ საქმიანი წინადადებებით. ასევე მივიღე შემოთავაზება ,,მის მსოფლიოს” კონკურსში მონაწილეობაზე. ვუპასუხე, რომ პირობებს დეტალურად გავნიხილავ წინასწარ და მხოლოდ ამის შემდეგ მექნება პასუხი.
– ქალაქმა ნაპოლიმ ჩვენთვის, ქართველებისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც იქ ფეხბურთის ვარსკვლავი, თქვენი მოგვარე ხვიჩა კვარაცხელია, თამაშობს. როცა თქვენი გვარი გაჟღერდა, რა რეაქცია ჰქონდათ იტალიელებს?
– აეროპორტში ფეხის დადგმისთანავე მივხვდი, რომ ხვიჩაზე გიჟდებიან. უდიდესი სითბო გამოიჩინეს საპასპორტო კონტროლზე. პირველი, რაც მკითხეს, ხვიჩას და ხომ არ ვიყავი. უარით ვუპასუხე, მაგრამ მაინც ჩათვალეს, რადგან ერთი გვარი გვაქვს, ამიტომ ერთი ოჯახიდან ვართ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, უცხო ქვეყანაში ასეთი სიყვარული თუ შეიძლებოდა, გამოეხატათ საქართველოს მიმართ. ხვიჩა ჩვენი სავიზიტო ბარათია.
ისედაც დიდი პატივით დამხვდნენ, ხელისგულზე მატარებდნენ, როგორც აღიარებულ ვარსკვლავს. ყველამ იცოდა, რომ ცნობილი ტელეწამყვანი ვიყავი, კულისებში მონაწილეებიც ჩემზე საუბრობდნენ. ჩემი ჟურნალებიც მქონდა წაღებული. აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ჟურნალის მაღალი ხარისხით და მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობით. კონკურსის ორგანიზატორებმა სურვილი გამოთქვეს, მათი რეკლამაც განვათავსო ჟურნალში.
ჩასვლისას ჩემი მეგობარი დაუკავშირდა მილანში “შანელის” წარმომადგენლობას. მათ გადაამოწმეს, რა კონკურსში ვმონაწილეობდი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემთვის საინტერესოდ არ ჩათვალეს პირობები, მათაც არ მირჩიეს მონაწილეობა.
– როგორ მოგეწონათ მოდელის საქმიანობა?
– ძალიან რთული ყოფილა დამღლელი გადაღებები, დაუსრულებელი მუშაობა. რომ დავთანხმებულიყავი და კონკურსზე გავსულიყავი, ერთი წელი მოდელად მუშაობას საერთოდ არ განვიხილავდი. როგორც გითხარით, გამოცდილების მიღებისთვის იყო კარგი.
– ახლა ჟურნალის ახალი ნომრის გამოსაცემად თუ ემზადებით?
– ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, ჟურნალთან დაკავშირებითაც არის მოსაზრება, რომ ქართულ ენაზე გამოვცეთ ან ქართულ-ინგლისურად და გასაყიდ ქსელში ჩავუშვათ. დიდ პარფიუმერულ ბრენდებს, რაც წელს საქართველოში შემოვიდა, ყველას მე გავუკეთე პრეზენტაცია და ძალიან კარგი გამოხმაურება მქონდა. კვლავ ვაგრძელებ მათთან თანამშრომლობას. ასევე მინდა, გავაქტიურდე ივენთების მიმართულებით, მომწონს ეს საქმიანობა.
– ტელეგადაცემაში ,,რა გვსურს ქალებს” უკვე ბევრი სტუმარი გყავდათ სხვადასხვა თემით. რა გამოიკვეთა, რას სურთ ქალებს?
– ყველა ქალს სხვადასხვა რამ სურს, მაგრამ ერთ მთავარ საკითხში თანხმდებიან – უნდათ, იყვნენ მოვლილები, ლამაზები, მიმზიდველები და მამაკაცი ზრუნავდეს მათზე, უყვარდეთ.
მეც ასე ვფიქრობ, ბედნიერებაა მეორე ნახევრის პოვნა. ყველა ქალი ფიქრობს, რომ სრულყოფილი ცხოვრება მას მერე დაიწყო, რაც მეორე ნახევარს შეხვდა. ამას ზოგი 20 წლის ასაკში ხვდება, ზოგი – 50-ის შემდეგ, ზოგი პირველი ქორწინებისას, ზოგი – მეოთხე ქორწინებისას. ცხოვრების ყველა ეტაპი საინტერესოა. რაც უფრო ვვითარდებით, ჩვენი ინტერესების სფეროც იცვლება. როგორი მამაკაციც მოგვწონდა 18 წლის ასაკში, ის აღარ მოგვწონს 30-ის შემდეგ.
მე, პირადად, ახლა გავხდი 36 წლის, მეც შევიცვალე და ჩემი შეფასების კრიტერიუმებიც მამაკაცების მიმართ. თუ ისეთ მამაკაცს ნახავ, ვინც შენს კრიტერიუმებში ჯდება, კიდევ უფრო იხვეწები ენერგეტიკულად, სულიერად, აზრობრივად.
– როგორია თქვენი და თქვენი ვაჟიშვილის ურთიერთობა?
– ჩემი ვაჟი ახლა 11 წლისაა. იტალიაში კონკურსზე არავინ იჯე-რებდა არც ჩემს ასაკს და არც იმას, რომ არაფერი მქონდა გაკეთებული და ბუნებრივად ვარ ასეთი გარეგნობის. შვილის ფოტოს ვაჩვენებდი, რომ დარწმუნებულიყვნენ ჩემს ასაკში.
ჩემს შვილს რაც შეეხება, ერთადერთი მამაკაცია, ვისაც ყველაზე მეტად ვანებივრებ. მასაც ყველაზე მეტად ვუყვარვარ, ნამდვილი ჯენტლმენია, თავაზიანი, პატივს მცემს, მიფრთხილდება, ჩემზე ზრუნავს. გონიერია, რჩევებს ვეკითხები. მე მოკრძალებული ხასიათის ვარ, სამოსის შერჩევაშიც ვფრთხილობ. ის კი პირიქით, მეუბნება, გიხდება, ჩაიცვი, გამოჩნდი, გააკეთე, ყველაზე ლამაზი ხარ, ყველაზე კარგი ხარო. სულ სტიმულს მაძლევს, დიდი მეგობრები ვართ. კარგი ალღო აქვს, როცა მისი რჩევა გამითვალისწინებია, ყველაფერი კარგად გამოსულა.
მათემატიკა უყვარს, ხელოვნური ინტელექტი აინტერესებს. მომავალი წლიდან გადაწყვეტილი აქვს, სწავლა კომაროვის სკოლაში გააგრძელოს.
– ცოტაოდენი თაყვანისმცემლებზეც მოგვიყევით. გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში მამაკაცი, ვისაც აქვს შანსი, თქვენი მეორე ნახევარი გახდეს?
– რომ გითხრათ, არ მყავს თაყვანისმცემლები-მეთქი, ამას არავინ დაიჯერებს. მათ შორის არის ერთი, რომელიც მეც მომწონს, მაგრამ ჯერ ვერაფერს გადავწყვეტ. ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. ჩემი მეორე ნახევარიც უნდა იყოს, სულიერი ერთობა ვიგრძნო, კარგად უნდა გავიცნო, ყველაფერს დავაკვირდე, არ ვიჩქარო. დანარჩენი თავისთავად გაირკვევა. სამყარო იმაზე მეტს არ გიგზავნის, რისი მიღებაც არ შეგიძლია. იმედი მაქვს, ჩემს წილ ბედნიერებას სამყარო აუცილებლად გამომიგზავნის.