“ხშირად ხელფასი რომ ამიღია ფეისბუკზე დამიწერია, ფული ვის გჭირდებათ-მეთქი და გამიცია”

351

რაში ხარჯავს ფულს სიამოვნებით ბესო ზანგური და როგორია მისი ფილოსოფია ფინანსებთან დაკავშირებით, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ბესო ზანგური: ჩემი პირველი ხელფასი რუსთაველის თეატრში ავიღე – 35 ლარი. მაშინ 24 წლის ვიყავი. ეს იყო პირველი ხელფასი, მაგრამ არა პირველი შემოსავალი. მანამდე იყო გამოსვლები, ასევე, რიყეზე ახალი წლის ღონისძიების წამყვანი ვიყავი, სადაც 800 ლარი იყო წამყვანების ანაზღაურება. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ხელფასი 35 ლარი მექნება თუ 5 000, მაინც ერთნაირად არ მყოფნის. ფულს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სამყარო და გარკვეულწილად ბედნიერებაც კი, ფულზეა დამოკიდებული და ფულის გარეშე ვერც იარსებებ. რაციონალური აზროვნების ადამიანი უნდა იყო, თუ გინდა, ამ საუკუნეში იარსებო. პირველყოფილი ადამიანები გადარჩენისთვის ნადირობდნენ, თანამედროვე ადამიანები ფულისთვის. თანამედროვეობაში სამსახურები ნადირობას ჰგავს.

– თქვენ როგორი მონადირე ხართ?

– საბედნიეროდ, ამ მხრივ, ბედი მწყალობს. აღმოვჩნდი რუსთაველის თეატრში, ვარ წამყვანი მსახიობი და ხელფასიც სწრაფად გამეზარდა. თუმცა, ხელფასის მატებასთან ერთად იზრდებოდა ჩემი შვილების რაოდენობაც, ამიტომ სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დიდი სხვაობა პირველ 35 ლარსა და დღევანდელ ხელფასს შორის არაა (იცინის). ისე, პირველ იანვარს ჩემი უფროსი შვილის – ლუკას დაბადების დღეა და თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა, მივულოცო.

– სხვა სამსახურებსაც ითავსებთ?

– ხშირად. საერთოდ, ბავშვობიდან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და არანაირი შრომა არ მეთაკილება, მთავარია, პატიოსანი იყოს. არაფერი მომიპარავს, თანხა არასწორი გზით არ მიშოვია. რაც გამიკეთებია, ყოველთვის – სუფთა გულით და უკან მოხედვის არასდროს შემრცხვება. სწორად ნაშოვნ ფულს იმას ვეძახი, რომელიც ღამე მშვიდად დაძინების საშუალებას გაძლევს და გათენების შიშით არ გავსებს. ასეთი თანხით შეძენილ საჭმელს აქვს გემო და მისი საშუალებით ნაყიდ სამოსსაც ბედნიერად ატარებ.

– რაში გიყვართ ფულის ხარჯვა?

– ადამიანების გაბედნიერებაში. ხშირად ხელფასი რომ ამიღია, „ფეისბუკზე“ დამიწერია, ფული ვის გჭირდებათ-მეთქი და უბრალოდ, გამიცია ის ადამიანებზე. ასეთ საქციელში განსაკუთრებულ სიამოვნებას ვპოულობ. ადამიანების გახარება, განსაკუთრებით კი ჩემი მეუღლისა და შვილების, ძალიან მიყვარს. ფულს ჯიბეში ვერ ვიტან, მაწუხებს. როცა მაქვს, არ მასვენებს. მგონია, რომ რაღაც ზედმეტი მაქვს და ის იმწუთას შეიძლება ვინმეს ძალიან სჭირდებოდეს. მეორე დღეს რომ აღარ მექნება, ამაზე აღარ ვფიქრობ. ალბათ, ამის გამო, ისე აეწყო, რომ ყოველ კვირას ახალ-ახალი თანხები მჭირდება. ეს არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. პასუხისმგებელი ვარ ადამიანებზე და როდესაც შვილები გყავს, მათი კარგად ყოფნა ყველანაირად უნდა უზრუნველყო. დღეს ადამიანის კარგად ყოფნას, ბედნიერებასა და ფინანსებს შორის ტოლობის ნიშანს დავსვამდი. რამდენად ლამაზიც არ უნდა იყოს გარემო, როგორი კარგი დღესასწაულის შემსწრეც არ უნდა გახდე, თუ ფული არ გაქვს და ხელი არაფერზე მიგიწვდება, ბედნიერებას ვერ განიცდი, ასე მოეწყო დღეს მსოფლიო.

– რა ხდება, როცა ფული გიმთავრდებათ?

– ფული რომ მიმთავრდება, მისი შოვნის ინსტინქტი მერთვება. რამეს გავაკეთებ, სპექტაკლს მოვამზადებ, აბიტურიენტს მოვამზადებ, ვიპოვი საქმეს, რომლითაც დავკავდები და შემოსავალსაც მივიღებ. ჩემი შვილებისთვის ყველა საქმეს გავაკეთებ, თუ, რა თქმა უნდა, ღირსების ფარგლებში ჯდება. მარტო შვილებისთვის კი არა, უცხო ადამიანის ჯანმრთელობას რომ დასჭირდეს, მტვირთავადაც ვიმუშავებ და არც სხვა საქმეს ვითაკილებ.

– ფულს შეუცვლია ადამიანები თქვენ გარშემო?

– კი, ძალიან ბევრი ადამიანი იცვლება, იყიდება ფულის გამო. ბევრს დაუდია ჩემთან თავი ერთგულებაზე და უთქვამთ, რომ ფულის გამო ბევრ რამეს არ იზამდნენ, მაგრამ მეორე წამს გავუყიდივართ. ფულის გამო იქ აღმოჩენილა, სადაც ჯერ კიდევ წინა დღეს დაუშვებლად მიაჩნდა ყოფნა. ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, მერე გშორდება, რადგან არავის უყვარს, როცა შენ ის წაქცეული გყავს ნანახი. ცხოვრების კანონი ასეთია. რაც წლები მემატება, ადამიანურ კანონებსაც სხვანაირად ვუყურებ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მტკივნეულია. სამწუხაროდ, ფულმა ბევრი ურთიერთობა დაანგრია. ფინანსურ პრობლემებს ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ოჯახიც დაუნგრევია. რაღაც ეტაპზე მეც მქონია ძალიან მტკივნეული წელიც კი. გაოცებულიც დავრჩენილვარ ცხოვრების ასე მოტრიალებით. ყველაფერი დალაგებული მქონდა, მაგრამ მერე უცებ დედა გამიხდა ცუდად. არ ვიცოდი, რას ნიშნავდა მარკეტში შესვლა, ბაზარში წასვლა და რაღაცების შეძენა. ცხოვრების სწავლა მომიხდა. დედა ყველა ამ პრობლემას უხილავი ხელით აგვარებდა და მე არაფერთან მქონდა შეხება. მერე დედაჩემის ჯანმრთელობას დასჭირდა და სახლი დავკარგე და ის არც ახლა მაქვს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, უსიყვარულობას არასდროს განვიცდი. ვიცი, რომ შინ დიდი სიყვარულით მელოდებიან. ამ ასაკშიც გვერდით მყვანან მეგობრები, რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი, მაგრამ მათთვის ფულითაც და უფულოდაც მნიშვნელოვანი ვარ. ადამიანი ამ ეტაპამდე რომ მიხვიდე, თუ გინდა სიმშვიდეს მიაღწიო, ძალიან ბევრი ტკივილი, იმედგაცრუება, დაცემა უნდა გადაიტანო. თუ ყველაფერი ღირსეულად გაიარე და სუფთა გამოხვედი, ესე იგი, ფულსაც აჯობებ და ცხოვრებაში ყველა პრობლემასაც, რადგან ძალიან რთულია, აჯობო ფულს და ფულით ცდუნებას.

– ფული უნდა გვიყვარდეს?

– არ არსებობს, რომ ფული არ გიყვარდეს. ფულს უნდა ეფერო, როგორც ამბობენ. ის, რასაც შენთვის ფუფუნება მოაქვს, უნდა დააფასო. არ მესმის, ადამიანს რატომ არ უნდა უყვარდეს ფუფუნება. სარწმუნოება ამას კრძალავს, მაგრამ როგორღაც ბალანსი უნდა ვიპოვოთ. ჩვენ ხომ ბერებად არ დავბადებულვართ. თუ ბერად წახვალ, შემდეგ ზედმეტია ფუფუნებაზე საუბარი. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, სხვა საქმიანობაში, ფული აუცილებლად უნდა გიყვარდეს, რადგან ის გჭირდება ხორცის სასიცოცხლოდ და სულის გახარებისთვისაც კი. ძალიან ბევრი სულიერი საქმის გაკეთება შეიძლება ფულით. რაღაც შემოსავალი ყველას სჭირდება.

– ვალები – ეს ბევრისთვისაა მტკივნეული თემაა.

– ალბათ, როგორც ყველას, მეც მაქვს ვალები, მაგრამ ვცდილობ, ადამიანების არ მქონდეს და ბანკს მივმართო.

– რატომ?

– ადამიანები გეხმარებიან და მერე უყვართ ამით აპელირება, სიამოვნებთ საკუთარი სიკეთის სხვებთან გამოხატვა და ასე შემდეგ. ბევრჯერ მომისმენია, როგორ ამბობს ერთი ადამიანი მეორესთან, რომ ვიღაცამ ფული სთხოვა. თითქოს თვითონ არასდროს არავის დახმარება არ დასჭირვებია. ამით ხაზს უსვამენ, რომ თვითონ სხვა ფენას წარმოადგენენ. ეს მეზიზღება, რადგან ადამიანების ფენებად დაყოფა არასწორია. ადამიანების ფენებად დაყოფას ჩემთვის იგივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ხუთ, ათ, ოცლარიან კუპიურებს. ჩემთვის ყველა ერთი და იგივეა. ყველა ფენა საყვარელი და დასაფასებელია.

ბევრს ჰგონია, რომ მე ძალიან მაგრად ვარ ფინანსურად, არადა, სულ რომ რამაზ ჩხიკვაძე გავხდე, ხელფასი მხოლოდ 180 ლარით გამეზრდება. დღეს 1 100 ლარი მაქვს ხელფასი. ხუთი შვილის მამისთვის ამ ხელფასით არსებობა სასიცოცხლო ძალებს აღემატება. ამიტომ გვიწევს მსახიობებს დამატებით მუშაობა. მერე ვეღარ იზრდები, ვეღარ ზრუნავ საკუთარ თავზე, როგორც არტისტზე, მერე გეშლება ნერვები, ხასიათში გადაგდის, უხეში ხდები და ასე შემდეგ, თუმცა ადამიანი ყველაფერს უმკლავდება.

– გავიხსენოთ ყველაზე კარგი დაბანდება და ის, რაშიც „ფული გადაგიყრიათ“…

– ყველაზე კარგი დაბანდება ბინის შეძენაა. მაშინ რუსთაველის თეატრთან ერთად თავდაცვის სამინისტროს პიარში ვმუშაობდი. ეს იყო 2013 წელს. 31-ე ქარხანაში ვმუშაობდი და რუსთაველის თეატრიდან იქ მისასვლელად ძალიან დიდი დრო მჭირდებოდა, მაგრამ ასე იყო საჭირო. მერე როგორც გითხარით, დედის ჯანმრთელობის გამო ამ ბინის გაყიდვა მომიხდა. ყველაზე ცუდად დახარჯულ ფულს რაც შეეხება, არსებობს კომპანია, რომელშიც ავტომობილი შევიძინე გლდანში. წამოვედი და თავისუფლებამდე გაფუჭდა. შეტანილი ფულის დაბრუნებას ვინ ჩივის, აქეთ დამაკისრეს თანხის გადახდა და ამასთან დაკავშირებით დღემდე მიდის სასამართლოები. ადამიანების ასე გამწარება არ შეიძლება და სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს.