რატომ შეცვალა ლუი შანიძემ საკუთარი ცხოვრება მაღალმთიან სოფელში წასვლით და როგორ შეხვდნენ ბავშვები პირველ მასწავლებელ ქალს

299

25 წლის ლუიზა შანიძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, რომელიც სწავლის დასრულების შემდეგ ქალაქიდან მაღალმთიან სოფელში წავიდა, რათა იქაური ბავშვებისთვის გაეზიარებინა საკუთარი ცოდნა. ის მაღალმთიან აჭარაში, ღორჯომის თემის ერთ-ერთი სოფლის – გორგაძეების სკოლაში მუშაობს.

ლუი შანიძე: 17 წლის ვიყავი, როდესაც მასწავლებლობა გადავწყვიტე. მეთორმეტე კლასში ჩვენთან ახალი მასწავლებელი შემოვიდა და თავის გამოცდილება გამიზიარა. ის მანამდე მთაში ასწავლიდა და მითხრა, რომ ამაში რთული არაფერი იყო. ამაზე პირველად მაშინ დავფიქრდი, მაგრამ იმ მომენტში გადაწყვეტილება არ მიმიღია, გარემოებებს ვაკვირდებოდი. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ამ იდეამ მთლიანად მომიცვა.

თავიდან მაღალმთიან აჭარაზე არ ვფიქრობდი. უფრო სამცხე-ჯავახეთს, მცხეთა-მთიანეთს, სვანეთს ან რაჭას განვიხილავდი. მე თვითონ აჭარელი ვარ, ქობულეთში დავიბადე და ქობულეთსა და ბათუმში გავიზარდე. რადგან ჩემთვის აჭარა ნაცნობი იყო, ვიფიქრე, რომ ახალ და უცხო გარემოში უფრო მეტად შევძლებდი საკუთარი თავის განვითარებას. უცხო გარემო, უცხო ტრადიციები და მეტი გამოწვევა – ეს იყო ჩემი გეგმა, მაგრამ ისე მოხდა, რომ უცებ მაღალმთიან აჭარაშიც გავაგზავნე „სივი“ – რა იცი, რა ხდებას პრინციპით. რადგან პირველად გორგაძეების სკოლიდან დამიკავშირდნენ, ვიფიქრე, რომ ჯობდა, ჯერ მაღალმთიან აჭარაში მეცადა. ისიც ვიფიქრე, იქნებ ძალიან გამიჭირდეს მთაში ცხოვრება და პირველი მცდელობისთვის მაინც ნაცნობი მხარე ჯობს-მეთქი. მერე კი აღმოვაჩინე, რომ თურმე, აქაურობასაც ნაკლებად ვიცნობდი, მაგრამ არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას, პირიქით, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი.

– როგორ შეხვდა ოჯახი ამ გადაწყვეტილებას, ალბათ, ცოტა ინერვიულეს კიდეც.

– როდესაც 17-18 წლის ასაკში ამაზე დავიწყე ლაპარაკი, სკეპტიკურად შეხვდნენ და ბოლომდე სერიოზულად არ აღიქვეს. არ ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა, ეს ნაბიჯი მართლა გადამედგა. წელს, როდესაც მშობლებს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, ფაქტის წინაშე დადგნენ. დედა პედაგოგია და იცის, ეს რამხელა შრომაა, იცის რამხელა გამოწვევის წინაშე დგას მასწავლებელი და რამდენი რამ სჭირდება დასაქმებას. მითხრა, რომ ძალიან კარგი აზრი იყო. არ გაჰკვირვებია და არც უარი უთქვამს. მამას დიდად არ მოეწონა ჩემი გადაწყვეტილება და ცოტა ინერვიულა კიდეც. თუმცა, ჩემმა მშობლებმა იციან, რომ ჩემი ყველა ნაბიჯი ხანგრძლივი ფიქრის შედეგია და მხარში დამიდგნენ.

– პირველი პერიოდი საკმაოდ რთული იქნებოდა.

– მთელი ზაფხული ვცდილობდი, ყველაფერს მზად შევხვედროდი. მარტივი არ არის, მოშორდე ოჯახს, საყვარელ ადამიანებს და მხოლოდ ორ თვეში ერთხელ ნახო ისინი. წახვიდე შორს, სრულიად უცხო გარემოში, სადაც ფეხი არასდროს დაგიდგამს. ვფიქრობდი, როგორ შევეგუებოდი ოჯახს, სადაც ცხოვრება მომიწევდა, როგორ შემეგუებიან ოჯახის წევრები, როგორი ურთიერთობა მექნება ბავშვებთან, კოლეგებთან, რის გაკეთებას შევძლებდი და ასე შემდეგ. როცა აქ ჩამოვედი, პირველი ერთი კვირა ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი, ძალიან მიჭირდა. ადამიანი საოცნებო ადგილასაც რომ წავიდეს, მაინც ფიქრობს, რამდენად სწორად მოიქცა. მეც ამ ფიქრებში ვიყავი. მერე ჩემი მასპინძელი ოჯახის წევრები კარგად გავიცანი. გამიმართლა, არაჩვეულებრივი ადამიანები აღმოჩნდნენ. მოსწავლეებთანაც ძალიან მეგობრული და გულწრფელი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და დაახლოებით, ერთი კვირის შემდეგ მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ახლა რომ უკან, წარსულში დავბრუნდე, აუცილებლად იმავე ნაბიჯს გადავდგამდი.

– როგორ შეხვდნენ ბავშვები ახალგაზრდა მასწავლებელს ქალაქიდან?

– თავიდანვე ძალიან უხაროდათ. მერე, როცა კარგად გამიცნეს და ჩემთან უფრო გაიხსნენ, მითხრეს, თქვენი ჩამოსვლის წინა ღამეს ვერ დავიძინეთ, ვიცოდით, რომ მეორე დღეს ჩვენთან ახალი მასწავლებელი მოდიოდა და ერთი სული გვქონდა, როდის შეგხვდებოდითო. აქამდე ქალი მასწავლებელი არ ჰყოლიათ და ეს მათთვის კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე იყო. ბავშვები ძალიან გულწრფელები და ლაღები არიან. შეჩვეული არ იყვნენ ახალგაზრდა მასწავლებელს და მიხარია, რომ მათი ნდობა მოვიპოვე. გულახდილად მესაუბრებიან და იციან, რომ აუცილებლად შევეცდები პრობლემების გადაჭრაში დავეხმარო.

– სწავლის პროცესი როგორ აეწყო?

– საკმაოდ ნიჭიერი ბავშვები არიან. ვცდილობ, სიახლეებით, ტექნოლოგიების დახმარებით და თამაშობებით სწავლის პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გავხადო. ძირითადად, თამაშის მეთოდით ვასწავლი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლეების რაოდენობა დიდი არ არის, მაგალითად, ზოგ კლასში ერთი მოსწავლეა, ზოგში სამი, თამაშის მეთოდის გამოყენება რთულია, თუმცა, ვცდილობ, მე თვითონ შევიმუშავო რაღაც გზები, რომ სწავლის სტიმული გაეზარდოთ, აკადემიური მოსწრებაც უკეთესი ჰქონდეთ და შედეგიც. პრეზენტაციებს ვაწყობთ, ფილმებსა და ნაწარმოებებს განვიხილავთ და რეალურ პარალელებსაც ვავლებთ. მგონია, რომ კარგი შედეგი გვექნება. ცოტა მოსწავლეს ის პლუსი აქვს, რომ შემიძლია, ყველასთან ინდივიდუალურად ვიმუშაო, მეტი დრო დავუთმო და უკეთ გავერკვე მათ შესაძლებლობებსა თუ საჭიროებებში.

– სოფლის სკოლაში ხშირია რესურსების პრობლემა. თქვენთანაც ასეა?

– საკმაოდ პატარა სკოლაა. 24 მოსწავლე გვყავს. სულ 13 მასწავლებელი ვართ. სამწუხაროდ, ფიზიკის მასწავლებელი არ გვყავს. ამ მხრივ, განათლების სისტემაში დიდი პრობლემა გვაქვს. ჩანს, რომ ამაზე განათლების სამინისტრო არ ზრუნავს, სკოლაში რომელიმე საგნის მასწავლებლის არყოფნა ზუსტად ამაზე მიუთითებს.

– როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ?

– ქალაქში ძალიან აქტიური ცხოვრება მქონდა, პროფესიით ფილოლოგი ვარ. ვსწავლობდი, ვმუშაობდი, შემდეგ მასწავლებლის პროგრამაც გავიარე და ასე შემდეგ. აქაც საკმაოდ აქტიური ვარ, თუმცა, მთაში გარემო ბევრად მშვიდია, შესაბამისად, ცხოვრებაც უფრო მშვიდი მაქვს. ვიტყოდი, რომ კომფორტული, ძირითადად, სკოლა და სახლი. სკოლის დასრულების შემდეგ ბავშვებს ვამეცადინებ, მერე ჩემს საქმეს ვაკეთებ. თავისუფალ დროს ვკითხულობ, ვქსოვ, ძალიან მიყვარს ფილმები და კვირაში 3-4-ს ვუყურებ. ვცდილობ, ვლოგები გადავიღო მასწავლებლის ცხოვრებაზე მთაში და სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნო. მინდა, ყველას დავანახვო, რომ თუ შენი პროფესია გიყვარს და შეგიძლია, საკუთარი ცოდნა ბავშვებამდე მიიტანო, მნიშვნელობა არ აქვს, სად ასწავლი.

– ალბათ, თქვენს მოსწავლეებს თქვენი „ტიკ-ტოკზე“ აქტიურობა ძალიან მოსწონთ.

– კი, მეც ვამჩნევ ამას, მგულშემატკივრობენ და ძალიან საყვარლები არიან. მათი კარგად მესმის, რადგან მეც ახლახან დავამთავრე სკოლა. სულ რვა წელი გავიდა და კარგად მახსოვს ის ემოციები, რაც მათ ასაკში მქონდა. ბევრს ვფიქრობ, სანამ მოსწავლეს რამეს ვეტყვი. ვერცერთი მასწავლებელი ვერ იტყვის, რომ მოსწავლეს არ გაუბრაზებია, რამე არ უწყენინებია მისთვის. განზრახ არ გაბრაზებენ, მაგრამ შეიძლება, ასე გამოუვიდეთ და გონებაში ათასჯერ ვხარშავ ყველაფერს, სანამ მათ რამეს ვეტყვი. მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მასწავლებლისგან მოყენებული ტრავმა. არ მინდა, იმ ადამიანს დავემსგავსო, ვინც არ მომწონდა. ჩემს ბავშვობაში მასწავლებლების გვეშინოდა. მინდა, ისეთი მასწავლებელი ვიყო, როგორიც მე მომწონდა. როცა წლების შემდეგ ჩემს მოსწავლეებს ჰკითხავენ, იყო თუ არა მათ ცხოვრებაში მასწავლებელი, ვინც მათი ცხოვრება შეცვალა, ძალიან მინდა, ჩემი სახელი გაიხსენონ. ეს არ არის ამბიცია, ეს ჩემი სურვილია. მინდა, მათ დავამახსოვრდე, როგორც კეთილი ადამიანი.

– როგორ შეეწყვეთ ოჯახს, რომელშიც ცხოვრობთ?

– მთელი ცხოვრება ვოცნებობდი მარტო ცხოვრებაზე. სტუდენტობისას ეს ოცნება ამიხდა და აქაც მარტო მინდოდა ცხოვრება, მაგრამ დირექტორმა მითხრა, რომ ძალიან გამიჭირდებოდა. აქ ორ მეტრამდე თოვლი მოდის და ოჯახში კაცი უნდა იყოს, დილით კარის გაღებაც კი გაგიჭირდება და ჯობს, ადგილობრივ ოჯახში იცხოვროო, რასაც დავთანხმდი, თუმცა როგორც გითხარით, თავიდან ვნერვიულობდი, როგორ შევეგუებოდით ერთმანეთს. შვიდსულიან ოჯახში უნდა მეცხოვრა და ბევრი ფიქრი მქონდა. როდესაც ჩემი მოსწავლეების დედას, რომლის ოჯახშიც ვცხოვრობ პირველად შევხვდი, მისგან ისეთი თბილი დამოკიდებულება ვიგრძენი, რომ ჩემი და მეგონა. საბედნიეროდ, ძალიან მეგობრული ოჯახია და თითოეულ დღეს მათთან ერთად ვიზიარებ. დედობრივ თუ დურ მზრუნველობას არ მაკლებენ. ყველა ძალიან თბილია. ბაბუა მეუბნება, შენ რომ ამბობ, კარგად ვარო, მე სამი დღის სიცოცხლე მემატებაო. არდადეგებზე ტირილით გამაცილეს. ასეთი ოჯახის შემხედველი, ვინც ამ ნაბიჯის გადადგმაზე ფიქრობს და ყოყმანობს, ყველას თამამად ვურჩევ, უარი არ თქვან ამ განსაკუთრებულ შესაძლებლობაზე. თუმცა, თვითონაც თბილი უნდა იყოთ და ყველას მიმართ პატივისცემით გამოირჩეოდეთ – ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ოჯახთან, ისე მოსწავლეებთან ურთიერთობაში.