რატომ დასჭირდა მზია ორველაშვილს იმის მტკიცება, რომ მისი ძმა მკვლელი არ არის და აპირებს თუ არა ის დავის სასამართლოში გაგრძელებას

რუსთავში, „სტამბოლის ბაზრობაზე“ 4 ადამიანის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული პირის ფოტო „TV პირველმა“ შეცდომით გაავრცელა. აღნიშნულ ფოტოზე მოცეკვავე მზია ორველაშვილის ძმა იყო, რომელსაც მომხდართან არანაირი საერთო არ ჰქონია.

მზია ორველაშვილი: ამ ამბის გამო სრული შოკი მივიღეთ. დღემდე ვერ გამოვდივართ მდგომარეობიდან. ვფიქრობ, როგორ მოვიქცეთ. „TV პირველმა“ ძალიან დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა. ყველაფერს კანონის მიხედვით მივყვებით, ამ საკითხს უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ.

ჩემი ძმა ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ამბობს, საკუთარ ქვეყანაში ჩამოსვლის უნდა მრცხვენოდეს, მკვლელის სახელი უნდა მქონდესო?! როგორ დააბრალეს ასეთი რამ ასე უბრალოდ?! ჩვენს ოჯახში ძალიან მძიმე სიტუაციაა. ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად ვგრძნობთ თავს.

ასეთი საშინელების ჩადენას რომ ჩემს სრულიად უდანაშაულო ძმის სახელს უკავშირებენ, მაშინ, როცა ის საქართველოში საერთოდ არ ცხოვრობს, წარმოგიდგენიათ, ეს ჩვენთვის რას ნიშნავს?!

ექვსი წელია, ჩემი ძმა საქართველოში არ ჩამოსულა, ოცნებობს ჩამოსვლაზე, რომ შვილს, მშობლებსა და ოჯახის წევრებს ჩაეხუტოს და უცებ მისი მშობლები იგებენ, რომ გიორგი ორველაშვილმა ოთხი ადამიანი მოკლა, ეკრანზე კი საკუთარი შვილის ფოტოს უყურებენ, რომელიც ქვეყანაში არ არის. ამ დროს ადამიანის გონებაში ყველანაირმა აზრმა შეიძლება გაიელვოს.

ჩემს ძმას 15 წლის შვილი ჰყავს, ბავშვი ფსიქოლოგიურად ისე დაისტრესა, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, სკოლაში წასვლაც აღარ უნდა.

– როგორ გაიგეთ ამის შესახებ?

– მე ჩემი ძმის მეგობარმა დამირეკა. მკითხა, რა ხდება, შენი ძმის ფოტოს აჩვენებენ ტელევიზორში, უკვე სოციალურ ქსელშიც გავრცელდაო. შეხვედრაზე ვიყავი იმ მომენტში, ისე ცუდად გავხდი, წამლები დამჭირდა მოსასულიერებლად. ჩემთვის გაუგებარი იყო ეს ყველაფერი. დავიწყეთ ჩემს ძმასთან რეკვა, რომელსაც ამ დროს ეძინა, რადგან სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და დროში დიდი სხვაობა გვაქვს. რომ გაიღვიძა და ასეთი რამ გაიგო, საშინელ დღეში ჩავარდა. კიდევ კარგი, ჩემი მეორე ძმაც იქ იყო. ეს ყველაფერი სიკვდილის ტოლფასია.

– ტელევიზიას შენ შეატყობინე ამის შესახებ?

– კი, მე დავურეკე ადამიანს, რომელიც დღეს ამ ტელევიზიის თანამშრომელია, ადრე კი „იმედში“ მუშაობდა და იქიდან ვიცნობ. როგორც ვიცი, ეს ადამიანი სათავეშია. დავურეკე და ვკითხე, რა ხდება, ჩემი ძმა საერთოდ რა კავშირშია ამ ამბავთან, ექვსი წელია, ქვეყანაში არაა-მეთქი. არ ვიცი, ახლავე გადავრეკავ და გავიგებო. რამდენიმე ხანში მიგზავნის ორწამიან ვიდეორგოლს, სადაც გაკვრით ახსენებენ ამ საკითხს. ეს ორწამიანი ბოდიში ისეთი სიხშირით გავრცელდა, როგორც ჩემი ძმის ფოტო მოედო მთელ სოციალურ ქსელებს? ყველგან ჩემი ძმის ფოტოები იყო, უამრავი ადამიანი წყევლიდა, მკვლელს ეძახდა, ოჯახს გვიწყევლიდნენ, გამზრდელს გვაგინებდნენ და ასე შემდეგ და ეს ორწამიანი ბოდიში გაავრცელეს ისე, რომ ყველას, ვინც მანამდე ჩემი ძმის ფოტო ჰქონდა ნანახი, გაეგო, რომ არასწორი ინფორმაცია მიიღეს და რომ ტელევიზია თავად შეცდა? გაიგო ყველამ, რომ ჩემი ძმა არაფერ შუაში იყო და ეს ტელევიზიის შეცდომა იყო? ეს არ იყო სათანადო ბოდიში.

მე და ჩემი რძალი მივედით ჩემს ორ მეგობართან ერთად ტელევიზიაში. გვინდოდა, ადმინისტრაციას გავსაუბრებოდით, რომ რამე შეთანხმებისთვის მიგვეღწია. ჩვენი მიზანი იყო, გვეთქვა, რომ ისევ ისე ვირუსულად გაევრცელებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზია ორველაშვილის ძმა, გიორგი ორველაშვილი არ არის მკვლელი და არც არასდროს ყოფილა.

რომ მივედით, კარი გადაკეტილი დაგვახვედრეს. რატომ არ უშვებ ადამიანს, რომ ადმინისტრაციას გაესაუბროს, რომ რაღაც შეთანხმებამდე მივიდნენ. მით უმეტეს, უკვე ათი წელია შოუბიზნესის წევრი ვარ და ყველა არხზე ძალიან კარგად მიცნობენ.

– ახლა რას აპირებთ?

– ძალიან ბევრი კომენტარი შემხვდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ფული მაინტერესებს. არა, ფული საერთოდ არ მაინტერესებს. ადამიანებს, რომლებიც ამას მწერენ, მინდა, თვალებში ჩავხედო და ვკითხო, შენ რომ ჩემს ადგილას იყო, არანაირი რეაქცია არ გექნებოდა? შენი ოჯახის წევრი რომ დაესახელებინათ მკვლელად, არაფერს მოიმოქმედებდი? თქვენ რომ ყოფილიყავით ჩემს ადგილას, მერე ამ კითხვას აღარ დასვამდით. ვიღაცამ ისიც დაწერა, პოლიტიკისკენ დგამს ნაბიჯებსო, ზოგმა ქოცია და ამიტომ იქცევა ასეო. რეალურად, პოლიტიკასთან საერთოდ არ მაქვს კავშირი და არც მაინტერესებს, მაგრამ ენას ხომ ძვალი არ აქვს!?

აქამდე ყველა დადებითი ემოციებით მხვდებოდა გარეთ თუ მაღაზიაში. მაჩერებდნენ, მეხუტებოდნენ და სიყვარულს მიხსნიდნენ. ახლა ძალიან ბევრისგან ცუდი შემოხედვა ვიგრძენი. არ ვიცი, შეიძლება ისეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვარ, რომ მეჩვენება, მაგრამ რატომ უნდა მქონდეს ეს განცდა, როცა ჩემი ოჯახი ყოველთვის ამაყად დადიოდა.

ჩემს ძმას იურიდიული აქვს დამთავრებული. მერე კანადაში მოუწია წასვლა მატერიალური მდგომარეობის გამო. მშენებლობაზე მუშაობს პატიოსნად, რომ ოჯახი არჩინოს. ისედაც გული აწუხებს, არ აქვს კარგი მდგომარეობა და რატომ უნდა გადაეტანა ასეთი რამ?! ამბობს, არ მოვითმენ ჩემი სახელის ლაფში ამოსვრასო, მათი ბოდიში ბოდიში არ ყოფილა. არ ვიცი, თუ წამოვლენ საუბარზე, კიდევ შეიძლება, დავილაპარაკოთ, თუ არადა, სამართლებრივად მივყვებით ამ საქმეს.

https://tbiliselebi.ge/

ასევე იხილეთ