ვინ უძლებს ხატია წერეთლის ყველა კაპრიზს და რაში ეხმარება მას ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადება

264

პოზიტიური, ენერგიული, ხალისიანი და ეპატაჟური ხატია წერეთელი დიდი ხანია, ფართო საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა და არც მისი ახალი სიმღერა მოგვისმენია. როგორც თავად ამბობს, ტაიმაუტი იმისთვის აიღო, რომ სულ მალე ახალი, ცეცხლოვანი იმიჯით გამოჩნდეს და კიდევ ერთხელ გაგვაოცოს. მას არაერთხელ მოუწია რთული პერიოდების გადატანა, თუმცა არასოდეს დაუყრია ფარ-ხმალი და მიაჩნია, რომ ეს მისთვის ერთგვარი ახალი დაბადება იყო.

ცხოვრებაში, ყველაზე მეტად იმაში გამიმართლა, რომ ბედნიერ ვარსკვლავზე დავიბადე და იღბლიანი ვარ. იღბალი, ძირითადად, მიღიმის საქმიანობაში, ოჯახში, პირად ცხოვრებაში და ხშირ შემთხვევაში, ზუსტად იქ, სადაც, წესით, შეიძლება, ფეხი უნდა გადამიბრუნდეს, მაგრამ საჭირო დროს იქ საჭირო ადამიანები აღმოჩნდებიან და მეხმარებიან.

– დიდი ხანია, აღარ გამოჩენილხარ. შენი ეპატაჟური ეტაპი დასრულდა და სხვა ეტაპზე გადახვედი?

– არა. უბრალოდ, ეპატაჟი იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდი მოსცილდები ეკრანს და მერე, ახალი ცეცხლით შემოვარდები. არ არის აუცილებელი, ყოველდღე და ყოველ წუთს იყო ეკრანზე. დრო სხვასაც უნდა დაუთმო, შენ შენს დროს დაელოდო და მერე შემოვარდე ახალი ქარცეცხლით. ახალი სიმღერა მაქვს ჩაწერილი, დუეტი გურამ არუთინაშვილთან ერთად და ვფიქრობ, რომელ სატელევიზიო არხზე გავაკეთო პრემიერა. ასევე, მაქვს ერთი სიმღერა და საჭირო მომენტს ველოდები, რომ ფართო აუდიტორიას წარვუდგინო. თუ მარკეტინგულად სწორ დროს ვერ გათვლი, ვერ დადებ პროდუქტს იქ, სადაც გაიყიდება, ეს ჩაძირული პროექტი იქნება. ჩემი ყველა სიმღერა არ არის წარმატებული, თუმცა, ჩემი სიმღერების უმეტესობა გაჰიტდა. შეიძლება, ვიღაცას არ მოსწონს, აკრიტიკებს, მაგრამ ფაქტია, ყველას ახალისებს, ყველა ასაკისა და კატეგორიის ადამიანს და კარგ განწყობაზე აყენებს. თუმცა, არის სიმღერები, რომელიც არ გაჰიტდა. ვცდილობ, ჩემი სიმღერით ადამიანი კარგ განწყობაზე დავაყენო, მათ ცხოვრებაში პოზიტივი შევიტანო. ბევრი მეკითება: რატომ აღარ წერ ახალ სიმღერებსო. კიდევ ვამბობ, მე ჩემი სიმღერებით მინდა, პოზიტივი შევიტანო და მაშინ, როცა კოვიდით იხოცებოდა ამდენი ადამიანი, უკრაინის, ისრაელის ომში იხოცებოდა ხალხი, ამდენი ნეგატივი ხდებოდა და მე როგორ შემეძლო, პოზიტივი შემომეტანა? ეს იქნებოდა იგივე, ყავაში რომ ჩამეყარა მარილი და ისე მიმეწოდებინა მსმენელისთვის. არაფერი დასრულებულა, მაგრამ ახლა, შედარებით დასტაბილურდა სიტუაცია და ვფიქრობ, უკვე შეიძლება, გამოვიდე ჩემი პროდუქტით.

– ესე იგი, როგორც მივხვდი, ტაიმაუტი გაქვს აღებული იმისთვის, რომ ამ დრაკონის წელს, დრაკონივით, ცეცხლივით შემოვარდე?

– ზუსტად! სხვათა შორის, წლით მამალი ვარ, თვით – სასწორი, დრაკონთან არაფერი მაკავშირებს, გარდა იმისა, რომ სამზარეულოს დრაკონს მეძახიან (იცინის). მე თუ სამზარეულოში ვარ, იქ არავინ უნდა შემოვიდეს, ხელებიდან ცეცხლს ვაფრქვევ და ძალიან სწრაფად ვაკეთებ გემრიელ საჭმელებს. ყველაფერი კარგად გამომდის, მაგრამ ძირითადად, მეგობრები მიკვეთავენ კერძებს მესხური და პოლონური სამზარეულოდან. მათთვის ეს უცხო კერძებია და მათ ჩვენს რესტორნებში ვერ მიირთმევთ. ასეთი შეკვეთა ხშირადაა – მესხური ქადა, მესხური ხინკალი, პოლონური ბლინები და ასე შემდეგ. ასე რომ, სახლში ექსკლუზიური სამზარეულო მაქვს გახსნილი და დრაკონივით ხელებიდან ცეცხლებს ვაფრქვევ (იცინის).

– ყოველთვის ენერგიული, პოზიტიური და სიცოცხლის სავსე ხარ. თუმცა, ცხოვრებაში ხშირად არის რთული პერიოდები. როდის იდგა შენს ცხოვრებაში ის პერიოდი, როცა ფიქრობდი, რომ სამყარომ ზურგი გაქცია?

– მქონია რთული პერიოდები, მაგრამ არასოდეს მქონია მომენტი, როცა სამყარომ ზურგი შემაქცია. მქონია ძალიან ცუდი პერიოდები, მაგრამ ახლობლების მხარდაჭერა ყოველთვის მიგრძნია. იმედას რომ დავშორდი, მაშინ ისე ვინერვიულე, ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. ვერ ვიტყვი, ადვილი გადასატანი იყო-მეთქი, მაგრამ არც მაშინ შემაქცია სამყარომ ზურგი, ყველა გვერდში მედგა – ოჯახის წევრებიც, მეგობრებიც და ხალხიც. თუმცა, მაქვს ჩავარდნები და მათ მე დასვენება-შესვენების პერიოდებს ვეძახი.

– ეს დასვენება-შესვენებების პერიოდები შენს ცხოვრებაში ხშირადაა?

– იყო რამდენიმეჯერ, მაგრამ მერე ახლიდან დავიბადე, დავბრუნდი ახალი „მე“, უფრო გაძლიერებული. ალბათ, იმდენჯერ დავიბადე, რამდენჯერაც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი. ეს კი ხშირ-ხშირად ხდება – ყოველ სამ წელში. ის ადამიანი ვარ, რომელიც სულ ძიებაშია, ამიტომ ხან შეფერხებები მიწევს, ხან ადგომა, ხან დაცემა… მთლიანობაში, არასოდეს ვნებდები და მივდივარ წინ. თუ რამე არ მომწონს, ვცვლი და ხშირად ვაღვიძებ ახალ-ახალ ადამიანს ჩემში, ახალ-ახალ სიძლიერეებს ვპოულობ და უფრო ვზრდი ჩემს პერსონას. ასე ვთქვათ, ვიზრდები. რამდენ რამესაც ახალს აღმოვაჩენ ჩემში, იმდენჯერ ხელმეორედ ვიბადები. ყველა ადამიანს, ვისაც რთული პერიოდი აქვს და ფიქრობენ, რომ ფსკერზე დაეშვნენ, კეთილ რჩევას ვეტყოდი: ეს დაშვება დასვენება-შესვენებაა და ის თქვენს სასიკეთოდ გამოიყენეთ.

– თქვი, ბევრჯერ დავიბადე და ყველა დაბადებაში ახალი ადამიანი აღმოვაჩინე ჩემშიო. ამ ეტაპზე როგორი ადამიანი აღმოაჩინე?

– მე, ოდესღაც ვიყავი „ქვრეიზი ხატია“, გიჟი გოგო, მერე გავხდი „ლეიდი ხატია“, ახლა ვარ „ხატია ქულ“, რომელსაც ბევრი შესაძლებლობა აქვს (იცინის). არ მიყვარს ჩემს პრივილეგიებზე საუბარი, მათი ჩამოთვლა და ჩემს ღირსებებზე ლაპარაკი, მაგრამ უცებ კიდევ აღმოვაჩინე, რომ ხატიას ძალიან კარგად ეხერხება მსოფლიო ბიზნესის ანალიტიკა. ამის ნიჭი ახლახან აღმოვაჩინე. წინა პერიოდში, რამდენჯერაც გარკვეული ანალიტიკა დავდე, აღმოჩნდა, სწორი იყო.

– ესე იგი, დიდი შანსია, უახლოეს მომავალში ხატია წერეთელი მსოფლიო ბიზნესის ანალიტიკოსად მოგვევლინოს?

– არა, უბრალოდ, ამ ყველაფერს კარგად გამოვიყენებ ბიზნესში.

– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– პირად ცხოვრებაში მაქვს სტაბილური, სამწლიანი ურთიერთობა, იდეალური სიმშვიდით. თავიდან, როცა ეს ურთიერთობა დავიწყე, არ მეგონა, ასე თუ განვითარდებოდა და შეიძლებოდა, ყველაფერი ასე წასულიყო, მაგრამ ფაქტია.

ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემს კაპრიზებს უძლებს და ეს იმიტომ, რომ ვუყვარვარ. მთავარი სიყვარულია და მერე ყველა პრობლემა გადალახვადია. შეიძლება, დამღლელი ტიპიც ვიყო, ჩემს ენერგიას ყველა ვერ გაუძლებს, მაგრამ ეს ადამიანი ამ ეტაპზე უძლებს, მასაც, ძალიან ბევრი ენერგია აღმოაჩნდა (იცინის).

– ანუ, მამაკაცებისთვის დამღლელი ტიპი ხარ?

– დიახ, ასეა. არა მარტო მამაკაცისთვის ვარ დამღლელი ტიპი, თუ ძლიერი ენერგეტიკა არ აქვს, მეგობარიც ვერ გამიძლებს. უსაზღვრო ენერგია მაქვს. რეალურად, ერთი კი არა, ერთ-ნახევარი ადამიანი ვარ (იცინის). სხვათა შორის, ჩემეული ენერგიის გამაძლიერებელ იოგის ვარჯიშებს ვიტარებ.

– ხატია, როგორი იყო გასული წელი შენთვის და როგორ დაიწყო ახალი?

– მთლიანობაში, გასული წელი პროდუქტიული იყო, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა, ყოფილიყო. წლევანდელი წელი კი მუშაობით დაიწყო, არ დამისვენია და აქტიურობა დავიბედე. სადაც ფინანსები და შრომაა, იქ მეც ბედნიერი ვარ. ახალ წელს საყვარელ მამაკაცთან ერთად ჯაკუზში შევხვდი, წითელი ვარდის ფურცლებითა და წითელი ღვინით, არანაირი საცივი და გოზინაყი. ბედობა დღეს კი მუშაობა დავიბედე.

– ინტერვიუს დასაწყისში კი თქვი, იღბლიანი ვარ, ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულიო, მაგრამ არის ისეთი რამ, რასაც ახლა ნანობ?

– არ ვარ ამპარტავანი, თავმდაბალი ვარ. ბევრი ადამიანისთვის არ უნდა მიმეცა ჩემთან ახლოს მოსვლის საშუალება. ამით მოგებული დავრჩებოდი და არც გული მეტკინებოდა. ზოგიერთმა ადამიანმა, რადგან ჩემთან ძალიან ახლოს მოვუშვი, ჩათვალა, რომ შეეძლო თავზე დამჯდომოდა. გული კი მეტკინა, მაგრამ მერე ყველაფერი გამოვასწორე. ეს ის მომენტია, როცა ჩემივე კეთილშობილებამ დამღუპა. ამას ვნანობ, მაგრამ კიდევ კარგი, ისე არ დავღუპულვარ, ძალიან ჩავძირულიყავი. და კიდევ ვიტყვი, ამ დროს ყოველთვის არიან ჩემ გვერდით საჭირო ადამიანები.

– შენს განვლილ გზას რომ გადახედო, რომელ ეპიზოდს ამოჭრიდი შენი ცხოვრებიდან?

– არაფერს ამოვჭრიდი, იგივე გზას გავივლიდი. იმდენად სავსედ ვიცხოვრე, საინტერესოდ, თავისი კარგითაც და ცუდითაც, რომ ამაზე უარს არასოდეს ვიტყოდი. ეს ეხება სიყვარულსაც, ახალ ბედნიერებებსაც, სიყვარულით გამოწვეულ ცრემლებსაც… არაფერზე არ ვიტყოდი უარს დღესაც, იმავე გზას ისევ ისე გავივლიდი. ეს ის გზაა, რომელიც უნდა გამევლო, გავდივარ და კიდევ დიდხანს ვივლი.