ვისთან ერთად ცხოვრობდა რვა თვე რეანიმაციაში სვეტა ბაგდასაროვა და ვინ გამოუგზავნა მას სამყარომ სიკეთის სანაცვლოდ

იშვიათია ადამიანი, რომელიც მიუხედავად ურთულესი ცხოვრებისა, არასოდეს კარგავს იმედს, ოპტიმიზმს და იბრძვის უკეთესი მომავლისთვის. სწორედ ასეთია სვეტა ბაგდასაროვა, რომელიც ფართო მაყურებელმა პროექტპრაიმ ჰაუსიდანგაიცნო. როგორც თავად ამბობს, ყველა სირთულე და პრობლემა უკან მოიტოვა, არც სიყვარულში გაუმართლა, მაგრამ ახლა შვილებისთვის და საკუთარი თვისთვის ყველაფერს აკეთებს, რომ უკეთესი მომავალი შექმნას.

სვეტა ბაგდასაროვაბევრი მეკითხება, როგორ დაძლიე ამდენი სირთულე და დაბრკოლებაო. მე კი, მათ ვეტყვი, რომ ჩვენ, ყველას, იმხელა სიძლიერე გვეძლევა, რამდენის ატანაც შეგვიძლია. ძალიან ბევრი სირთულის გადატანა მომიწია, თუმცა, მე ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ. წარმოიდგინეთ, 14 წელი საავადმყოფოებში დავდიოდი. 40 წლის ასაკში, დედას დაემართა ძალიან რთული პარკინსონის ფორმა და 47 წლის ასაკში გარდამეცვალა. ბოლო რვა თვე, მასთან ერთად ვცხოვრობდი, ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციაში. მაშინ, 28 წლის ვიყავი. ყველა ექიმს ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარს ყველა. ძალიან რთული იყო ის პერიოდი. ყოველდღე ჩემ თვალწინ იხოცებოდნენ ადამიანები და გვამები გამოჰქონდათ.

ამ ყველაფერმა შენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე არ იმოქმედა?

– რასაკვირველია, იმოქმედა. დედა რომ გარდაიცვალა, 52 წლის ასაკში მამამ გადაიტანა ოთხი ინფარქტი და მას ვუვლიდი შვიდი წელი. საბოლოო ჯამში, 14 წელი საავადმყოფოებში ვიარე, ვიცხოვრე. ორი წელია, რაც მამაც გარდაიცვალა.

როგორც ვიცი, პარალელურად, მუშაობდი. როგორ ახერხებდი ამას?

– დიახ, ჩემი სალონი მქონდა და ტანსაცმლის მაღაზია. არ ვიცი, როგორ ვახერხებდი, მაგრამ ფაქტია, ყველაფერს ვასწრებდი.

და, გქონდა სახლი, რომელიც დაკარგე

– დედას მკურნალობას დიდი თანხები სჭირდებოდა. ორთაჭალის ბინა ჩავდე ბანკში და 60 ათასი დოლარი ვალი დამრჩა. თუმცა, ის სახლი დავიბრუნე და ნელ-ნელა დავიწყე თანხის გადახდა. თან, რემონტს ვაკეთებ. ერთ-ერთ სალონში ვიქირავე კაბინეტი, დავიწყე მუშაობა, ვაკეთებ მასაჟს და ძალიან კარგად ავეწყვე. ამიტომ ყოველთვის ვამბობ: არასოდეს არ უნდა დანებდე, უნდა იბრძოლო, რთული პერიოდი გადალახო და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. თან, მარტოხელა დედა ვარ, ვზრდი ორ შვილს – გოგო 16 წლის მყავს და ბიჭი კი – 11 წლის. ალბათ, რომ არა ჩემი საუკეთესო მეგობრები, ამდენს ვერ შევძლებდი, ვერ გამოვივლიდი იმ გზას, რაც გამოვიარე და ვერ გადავიტანდი იმას, რაც გადავიტანე. სამწუხაროდ, სიყვარულში არ გამიმართლა, არასოდეს, არავინ მყვარებია.

ესე იგი, უსიყვარულოდ გათხოვდი?

– 21 წლის გავთხოვდი, მეგონა, მიყვარდა, მაგრამ თურმე, არ მყვარებია. ათი წელია, მარტო ვარ.

წლების განმავლობაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდი. ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთმა კეთილმა ადამიანმა უანგაროდ დაგითმო საცხოვრებელი შენ და შენს შვილებს. ვინ არის ეს ქალბატონი და საიდან იცნობ?

– ქირით ყიფშიძის ქუჩაზე ვცხოვრობდი. სანამ ჩემს სახლს გავარემონტებ ორთაჭალაში, მანამდე ერთმა კეთილმა ქალბატონმა შემომთავაზა, მის ბინაში მეცხოვრა შვილებთან ერთად. ქალბატონი მერი გუკასიანია, უსაყვარლესი ქალბატონი. ჩემი ფანი იყო, „პრაიმ ჰაუსში“ მიყურებდა და მერე ყოველდღე მწერდა და მირეკავდა. სხვათა შორის, ბევრი მწერს და ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტიდან ხალხს ასე შევუყვარდი, ყველა მეფერება და მკითხულობს. მადლობა ყველას, რომ დამინახეს ისეთი, როგორიც ვარ.

ერთხელ აღნიშნე, ხალხიპრაიმ ჰაუსამდეცმიცნობდაო, რას გულისხმობდი?

– მართალია, ცნობადი „პრაიმ ჰაუსიდან“ გავხდი, მაგრამ მანამდეც მიცნობდნენ. პატარა გოგოს უკვე მქონდა ჩემი სალონი და იქ დადიოდნენ შოუბიზნესის წარმომადგენლები. ბევრი მიცნობდა, მაგრამ ახლა მთელმა საქართველომ გამიცნო. ქალბატონმა მერიმაც პროექტიდან გამიცნო. დამირეკა: როდის მოხვალ ჩემთანო. მივედი და მითხრა: არსად წახვიდე, ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად, მე შენ მოგხედავ და შენ – მეო. ძალიან ვუყვარვარ, გიჟდება ჩემზე. შვილი ჰყავს პეტერბურგში და ულამაზესი შვილიშვილები. პირველივე ნახვისას დედასავით შემიყვარდა. ზუსტად ჩემნაირია, ჩათვალეთ, მე ვარ ოცი წლის შემდეგ (იცინის). დედობას მიწევს, მეორე დედა ვიპოვე. ჩემს შვილებზეც გიჟდება. იმხელა სითბო გვაჩუქა და ისეთ საჭმელებს გვიკეთებს, ბებიაჩემი მახსენდება. სასწაული ქალია, ჩემი ანგელოზია. გვილაგებს, გვაჭმევს, თვალებში გვიყურებს და გვისრულებს ყველა მოთხოვნას. სულ ვამბობ: რაც სიკეთე მიკეთებია, სამყარომ ამ ქალის სახით დამიბრუნა ყველა ერთად და ეს ქალი ანგელოზად მომივლინა-მეთქი.

თქვი, ძლიერი ადამიანი ვარო. თუმცა, იყო ისეთი პერიოდი, როცა ფარხმალი დაყარე და დეპრესიაში ჩავარდი?

– რასაკვირველია, მქონდა. სამი წელი ისეთ დეპრესიაში ვიყავი, გახსენებაც აღარ მინდა. ფსიქოლოგიც დამჭირდა, რომელმაც მითხრა: შენ ხარ უჯანსაღესი, შენნაირი ფსიქიკის ადამიანი არ დაბადებულა, მე კი არ გეხმარები, პირიქით, შენ დამეხამრეო. ჩემი მეგობრები რომ არა, არც კი ვიცი, ეს როგორ დასრულდებოდა. დღეს ჩემი ცხოვრებით, გამოცდილებითა და იმით რაც გამოვიარე, ბევრ ადამიანს ვეხმარები. ბევრჯერ მიჭირდა, მაგრამ სხვას ვეხმარებოდი, რასაც ვშოულობდი სხვას ვუყოფდი. მთელი ცხოვრება ასე გავლიე. პენსიონერებისთვის 50-პროცენტიანი ფასდაკლება დავაწესე და უნდა ნახოთ, როგორ ვუყვარვარ, ვაკელ, ყიფშიძის ქუჩის პენსიონერებს (იცინის). ვგიჟდები და ვაფრენ მათზე, ყველა ჩემთან დადის. დღეს ჩემი ტანსაცმლის ხაზიც მაქვს ყიფშიძეზე და ბევრი მოდის და ირგებს. პუტკუნა ვარ, ჩემი სტილი მაქვს, ბევრს მოსწონდა და ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი ტანსაცმლის ხაზის გაკეთება. სხვათა შორის, „თეთრ ზანგს“ მეძახიან, ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე. თეა დარჩიამ შემარქვა და სულ ამბობს: სასწაული პლასტიკა გაქვსო. ასე რომ, ბევრს რომ მოსწონდა ჩემს ტანზე მორგებული სამოსი, ახლა თავადაც შეუძლიათ, ჩემსავით ჩაიცვან. სწორად ვურჩევ ტანსაცმელს, რომელშიც სხეულის ნაკლს ფარავენ და ბევრად გამხდრები ჩანან.

სვეტა, ახლა რომ შენს განვლილ გზას გადახედო, შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი როლი ვინ ითამაშა?

– მამაჩემმა. სასწაული ადამიანი იყო, განათლებული, სიცოცხლითა და იუმორით სავსე. დედაჩემი უყვარდა სასწაულად და ისეთი სიყვარულის ნაყოფი ვარ, სხვანაირი ვერ ვიქნებოდი, შეუძლებელი იყო. ამ სიყვარულს ვდებ ჩემს შვილებში, მეგობრებში, ყველა იმ ადამიანში, ვისგანაც სითბოს ვგრძნობ.

ასევე იხილეთ