“ჩემი რთული ხასიათიდან გამომდინარე უარი მაქვს ნათქვამი ისეთ შემოთავაზებებზე, რომელზეც სხვები ოცნებობენ”

527

რა ადგილი უჭირავს იღბალს გიორგი კალანდაძის ცხოვრებაში, რატომ დააპაუზა მან მსახიობის პროფესია, რა გეგმები აქვს ტელევიზიაში და რატომ უყურებს სკეპტიკურად სიყვარულს, ამაზე თავად მოგვიყვება.

გიორგი კალანდაძე: იღბალი წარმატებისთვის აუცილებელი ელემენტია და კი, მივიჩნევ, რომ გარკვეულ ეტაპზე იღბლიანი ვიყავი. ისევე, როგორც ალბათ, ყველაფერი დანარჩენი, იღბლის კოეფიციენტიც ცვალებადია. ის სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა დოზით არის ჩვენს ცხოვრებაში და მთავარია, საკმარისი გონიერება გვქონდეს იმისთვის, რომ როცა ჩვენს გზაზე აღმოჩნდება, დავინახოთ, სწორად შევაფასოთ და არ გავუშვათ, იმიტომ, რომ როგორც წესი, ყოველთვის თავზე არ გვეფრქვევა. ჩემს შემთხვევაში, იყო მომენტები, როცა სწორად შევაფასე და გამოვიყენე.

– აქ რა იგულისხმება?

– თუნდაც პროფესიის არჩევა. შემიძლია ვთქვა, რომ ბევრ ქასთინგზე არ ვარ ნამყოფი, სულ რამდენჯერმე ვიყავი და როლი ყველა მათგანზე მივიღე. რა არის ეს თუ არა იღბალი?! ვიღაცამ შეიძლება, თქვას, რატომ თავმდაბლობ, ნიჭიერი ხარ, კარგად გამოავლინე თავი და ამიტომო, მაგრამ საქართველოში ბევრი ნიჭიერი ადამიანია. შესაბამისად, კონკურენციაც ყოველთვის მკაცრი იყო, დაწყებული სერიალებიდან, გაგრძელებული ფილმების ქასთინგით. არ მაქვს იმის ამბიცია, რომ ერთადერთი და განუმეორებელი ვიყავი. ამიტომ ვამბობ, რომ ზუსტად იღბალია ძალიან მნიშვნელოვანი. მარტივად რომ ვთქვათ, ქასთინგის შესახებ ინფორმაცია შენამდე უნდა მოვიდეს, შენ უნდა გეცალოს, პლანეტები სწორად უნდა დალაგდეს, რომ საბოლოო ჯამში, ფინიშის ხაზამდე მიხვიდე და ამ პროცესში იღბალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია შრომა. იღბალი ხშირად არ გვანებივრებს ჩვენს ცხოვრებაში გამოჩენით, ამიტომ თუ სწორად არ შევაფასეთ, ანუ, თუ შრომა და მონდომება არ მივაშველეთ, ჩვენი იღბალი ისე გაფრინდება, როგორც მოფრინდება.

– როცა იღბალი ზურგს გიმაგრებს, ფსიქოლოგიურად რთული არ არის, ყურები არ ჩამოყარო?

– იღბალი ხან სახეს გაჩვენებს, ხან ზურგს – ეს ყველგან და ყველასთვის ასეა. ჩემს ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ზიგზაგებიც ყოფილა – ხან ზევით ვიყავი, წარმატების მწვერვალზე და ხან შედარებით ნაკლებად, მაგრამ პანიკაში არასდროს ჩავვარდნილვარ. ამის გამო ხასიათიც არ გამფუჭებია და მარტივად რომ ვთქვა, ნერვებიც არ მომიშლია. ასეთ საკითხებს მარტივად ვუყურებ. მატერიალისტური და კარიერისტული თემები ჩემთვის უმნიშვნელო არ არის, მაგრამ არც პირველ ადგილას ვაყენებ. ასეთ დროს, უბრალოდ, ძალებს ვიკრებ და როდესაც იღბალი აგვიანებს, მე თვითონ ვახერხებ ჩემი ცხოვრების განმკარგველი გავხდე. ასეთ დროს დავმჯდარვარ, მე თვითონ შემიქმნია პროექტები და სხვებიც დამისაქმებია. ყურების ჩამოყრა არ არის აუცილებელი. არც ისაა კარგი, რომ მხოლოდ იღბლის წყალობით გეძლეოდეს ყველაფერი, რადგან ამ დროს ზარმაცდები. საერთოდ, ცხოვრებაში ნაკლები გამოწვევა ადამიანს აზულუქებს.

– ბოლო პერიოდში ნაკლებად აქტიური ხართ, როგორც მსახიობი, რატომ? ცოტა ხნის წინ გადაცემა „პოსტალიონიც“ დატოვეთ. არხიდანაც წამოხვედით?

– მხოლოდ „პოსტ ალიონი“ დავტოვე. ამ მომენტისთვის ჩემი სამსხურეობრივი ურთიერთობა „პოსტვისთან“ პაუზაზეა, თუმცა გვაქვს გეგმები, რომელსაც ალბათ, განხორციელება უწერია. ახლა მთელი ჩემი დრო ჩემს თავს, ოჯახსა და შვილს ეთმობა. დასვენების დროა. 2006 წელს, 18 წლის წინ მივედი „მზეში“ და მას შემდეგ, დაახლოებით, 18 წელია, ამდენი ხნით არ დამისვენია. რაც შეეხება მსახიობობას, ჩემი რთული ხასიათიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში, ანუ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უარი მაქვს ნათქვამი ისეთ შემოთავაზებებზე, რომელზეც სხვები ოცნებობენ და რომელსაც დიდი სიხარულით თანხმდებიან. მე სხვანაირი ადამიანი ვარ და თუ რაღაცები არ მაკმაყოფილებს, თუ შესაბამის გარემოს ვერ ვხედავ, დაუფიქრებლად შემიძლია, მთავარ როლზეც უარი ვთქვა ისეთ პროექტში, რომელში მოხვედრაზეც რიგები დგას. აუცილებელი არ არის, ყველა შემოთავაზებას ავტომატურად დათანხმდე. ეს ჩემი დამოკიდებულებაა, არავის ვაკრიტიკებ. ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო გარემო, ადამიანები, მათი ქცევა, ურთიერთობის ხარისხი. ბევრ რამეს ვაქცევ ყურადღებას, კარგი და მთავარი როლი ან მაღალი ანაზღაურება ჩემთვის საკმარისი არგუმენტი არ არის. ტოქსიკურ გარემოში არანაირი ხელფასისა და კარიერული ამბიციების გამო არ ვიმუშავებ. ასე რომ, გარეშე თვალისთვის ჩანს, რომ გიორგი კალანდაძე არსად არის სამსახიობო პროფესიით დაკავებული, მაგრამ მაყურებელმა თუ მკითხველმა არ იცის, რომ მე ამას თვითონ ვწყვეტ.

– რა არის მოტივაცია – კარგი შემოსავალი, აღიარება, წარმატება თუ სხვა რამ?

– ალბათ, ცოტ-ცოტა ყველაფერი. როცა საჯარო საქმეს ემსახურები, აღიარებაც მნიშვნელოვანია. ისიც აუცილებელია, რომ ღირსეული ანაზღაურება გქონდეს. არ მჯერა ხალხის, ვინც ამბობს, რომ მხოლოდ პროცესია მნიშვნელოვანი და ფული არ აინტერესებთ. თუმცა, პროფესია თუ სიამოვნებას არ განიჭებს, სხვა ყველაფერს აზრი აღარ აქვს.

– რამდენად იღბლიანი ხართ პირად ცხოვრებაში?

– გააჩნია ვინ რას თვლის იღბლად. შეიძლება, საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ იღბლიანი ხარ, თუ ოჯახი გაქვს. ვიღაც მიიჩნევს, რომ მარტო ცხოვრებაა კარგი. ინდივიდუალურია. მე მიმაჩნია, რომ მაგ მხრივაც ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. იდეალური ბალანსი ცხოვრებაში, რომელიც ახლა მაქვს ნაპოვნი, ბოლომდე მაკმაყოფილებს. არაჩვეულებრივი შვილი მყავს. დაოჯახებას ჯერჯერობით არ ვგეგმავ და თუ ოდესმე ვიფიქრებ, რომ ეს იქნება ჩემთვის ყველაზე კარგი ფორმატი, ისევ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას. ახლა ვფიქრობ, რომ თავისუფლება ძალიან გემრიელია.

– რამდენად ბევრის ჩადება შეგიძლიათ პირად ურთიერთობაში?

– ყველაფრის ჩადება შემიძლია. თავის იმ დონემდე გაწირვა შემიძლია, რომ ბოლოს თითქოს მოტყუებული მე გამოვდივარ. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სკეპტიკური გავხდი ამ საკითხთან მიმართებაში, ეგ არის. იმდენად ბოლომდე შევდივარ ურთიერთობაში, იმდენად მიყვარდება და ისეთი თავგანწირვა შემიძლია საპირისპირო სქესისთვის, რომ რამდენჯერმე გულნატკენი დავრჩი და მიღებულმა გამოცდილებებმა ცოტა ინტროვერტი და სკეპტიკოსიც გამხადა. თუმცა, მთავარია შინაგანი სინათლე არ დაკარგო და არ გაგაბოროტოს წარსულის ცუდმა გამოცდილებებმა ისეთ სათუთ საკითხთან მიმართებაში, როგორიც სიყვარულია. თუმცა, მე მაინც გეტყვით, რომ ალბათ, კომფორტულად საურთიერთო ადამიანი ვარ.