იტალიური პოპულარული ჯგუფი The Kolors და ,,ნიკოს ბენდი“ საქართველოში ერთობლივ საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ

საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 28 მაისს, 20 საათზე, აბრეშუმის ქარხანაში (Silk Factory Studio) წარმოგიდგენთ მსოფლიო და ქართველი ვარსკვლავების, The Kolors-ისა და „ნიკოს ბენდის“ ერთობლივ საქველმოქმედო კონცერტს. კონცერტის შემდეგ გელოდებათ ქართველი DJ Alex G Nu-Disco-ს მიქსი.

The Kolors არის იტალიური მუსიკალური ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ნეაპოლში 2009 წელს. ჯგუფის წევრები არიან ბიძაშვილები – ანტონიო ალექს სტაშ ფიორდისპინო, ალექს ფიორდისპინო და  დარიო იაკული. ტრიომ პოპულარობა მოიპოვა 2015 წელს მარია დე ფილიპის ტალანტების შოუს „Amici“-ის მეთოთხმეტე გადაცემაში ტრიუმფით.   

კარიერის განმავლობაში ჯგუფმა გამოუშვა სამი სტუდიური ალბომი და ერთი ნაკრები. სიმღერები ჩაწერილია იტალიურ და ინგლისურ ენებზე.

The Kolors თანამშრომლობს ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიცაა Gucci Mane, Elisa, Guè, J-Ax, Elodie და Lorenzo Fragola.

სინგლით Italodisco მათ გაიმარჯვეს Power Hits Summer 2023-ზე, დაიკავეს პირველი ადგილი FIMI-ს მიერ შედგენილ ტოპ სინგლებში. გარდა ამისა, სინგლმა ასევე მიაღწია კომერციულ წარმატებას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში: ავსტრია, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა, შვეიცარია და საქართველო.

The Kolors-მა არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სანრემოს ფესტივალში.

2024 წელს მათ მსმენელს ახალი სიმღერა „Un ragazzo e una ragazza“ წარუდგინეს.

ჯგუფს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის:  Summer Festival, Wind Music Awards, Kids’ Choice Awards, MTV Award, Lunezia Award, MTV Europe Music Awards საუკეთესო იტალიელი შემსრულებლისათვის, ოქროს დისკი სიმღერისათვის Out, Power Hits Estate, 2023 – გამარჯვებულები Italodisco-თი და მრავალი სხვა.

The Kolors-ის წარმატებული ევროტურნეს ფარგლებში, ჯგუფი საქართველოს ეწვევა და „ნიკოს ბენდთან“ ერთად კონცერტს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ „ნიკოს ბენდმა“ „იტალოდისკოს“ ქართულენოვანი ვერსია „ქართული დისკო“ 4 თვის წინ ჩაწერა, რომელსაც ამჟამად „იუთუბზე“ უკვე 46 მილიონი ნახვა დაუგროვდა. ამ სიმღერის მსოფლიო პოპულარობამ „ნიკოს ბენდს“ სხვადასხვა ქვეყანაში კონცერტები მოუტანა. ისინი ამჟამად ყაზახეთს სტუმრობენ, სადაც ერთი კვირის განმავლობაში უკვე 3 კონცერტი გამართეს. ჯგუფის წევრები მიწვეულნი იყვნენ თურქეთსა და მოლდოვაში, სადაც ასევე გამართეს კონცერტები. ზაფხულის განმავლობაში ბენდი აქტიურად წარდგება ქართველი მაყურებლის წინაშეც, მათ შორის, „ქოლორსთან“ ერთად 28 მაისის კონცერტზეც.

The Kolors-ის წევრებმა უკვე გამოხატეს თავიანთი დადებითი დამოკიდებულება „ნიკოს ბენდის“ მიერ შესრულებულ „ქართულ დისკოსთან“ დაკავშირებით და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ორივე ბენდის წევრები ერთმანეთს პირადად შეხვდებიან და საკუთარ მუსიკალურობას ერთმანეთს სცენაზე გაუზიარებენ.

ასევე იხილეთ