როგორი იყო ლაშა ჯუხარაშვილის პირველი შეხვედრა დასთან და რატომ არ იცნობდა მას აქამდე

451

ცოტა ხნის წინ მსახიობ ლაშა ჯუხარაშვილის ცხოვრებაში განსაკუთრებული მომენტი დადგა. ლაშა საკუთარ დას, 18 წლის ვალერიას პირველად შეხვდა.

ლაშა ჯუხარაშვილი: ახალი წლის ღამეს ჩემმა მუღლემ ბილეთები მაჩუქა, რადგან იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის გერმანიაში ჩასვლა. წლებია, ეს მინდა და ვერ მოვახერხე. დიდი ხანია, ვიცი, რომ იქ ჩემი და ცხოვრობს, რომელიც აქამდე არასდროს მინახავს, მაგრამ მასთან ტელეფონით კომუნიკაცია არ მინდოდა. რომ ჩავედი, მერე მივწერე, მე აქ ვარ და თუ სურვილი გაქვს, შევხვდეთ-მეთქი და თვითონაც გამოვიდა კონტაქტზე. მამაჩემისგანაც იცოდა, რომ ჩავდიოდი. ჩვენი შეხვედრა საკმაოდ ემოციური და ძალიან თბილი იყო. ცოტა რთულად ასახსნელია ის ემოციები, რომელიც იმ მომენტში განვიცადე. ბოლომდე არც მაქვს გააზრებული, რა ხდება ჩემს თავს. გულს მივყვები და განგებას ვენდობი.

აქამდე ერთმანეთი ნანახი არ გვყავდა, მე მისი მხოლოდ ბავშვობის დროინდელი ფოტოები მაქვს ნანახი, თუმცა მიუხედავად ამისა, მერე როგორც მითხრა, როგორც კი დამინახა, მაშინვე მიცნო. ერთმანეთს ერთ-ერთ სადგურში შევხვდით – მის ქალაქში. შეხვედრის ადგილი წინასწარ დავთქვით. სამწუხაროდ, ინტერნეტი არ მქონდა, მე ცოტა ადრე მომიწია მისვლა და გარშემო ყველაფერი დავათვალიერე. ამასობაში კონკრეტულად დათქმულ ადგილზე მისვლა ცოტა დამაგვიანდა და რომ დავუნახივარ, შორიდანვე მიმხვდარა, რომ მე ვიყავი. ცოტა რომ მივუახლოვდი, მეც ვიცანი. განსაკუთრებული ემოციები იყო. თან, გარშემო საოცრება ხდებოდა, ვიღაც უსახლკაროებს აკავებდნენ, ძალიან ბევრი პოლიციელი იყო, ქაოსი, გვერდზე ვიღაცას ხელებზე ბორკილებს ადებდნენ და ჩვენ ამ დროს ერთმანეთს ვეხუტებოდით – კინოკადრს ჰგავდა.

– რა იცოდი მანამდე მის შესახებ?

– ყველაფერი ვიცოდით, ყოველ შემთხვევაში მე, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხერხდებოდა კომუნიკაცია. საქმე ისაა, რომ წლების წინ დედაჩემი და მამაჩემი გერმანიაში ცხოვრობდნენ. შემდეგ დედა წამოვიდა, მამა კი დარჩა და იქ მეორე ოჯახი შექმნა. ჩემი და 2004 წელს დაიბადა. მე ამის შესახებ მოგვიანებით, მამაჩემის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავიგე.

დის გაცნობა იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ჩემს წარმოსახვაში იყო. არ მინახავს, როგორ აიდგა ფეხი, არ ვიცოდი, რა საჭმელი უყვარდა, არ მინახავს, როგორ იზრდებოდა და ცხოვრობდა, მაგრამ ამ ყველაფერს უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ტელეფონით კონტაქტზე გასვლას ვერ ვბედავდი. არ მინდოდა ასე, საერთოდ, არაფერი არ მომწონს ტელეფონით და მერჩივნა, პირადად მენახა, რომ მისი ენერგია მეგრძნო. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, მამოძრავებელი ზუსტად ეს ენერგიებია. როცა იცი, რომ სადღაც შენი სისხლი და ხორცი ცხოვრობს და შანსი გაქვს, ჩახვიდე და ჩაეხუტო, უცნაურად სასიამოვნო შეგრძნებაა. უბრალოდ, ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო და ერთმანეთისთვის მოსაყოლი. ეს კიდევ უფრო საინტერესოა. 33 წლის ვარ და ამ გადმოსახედიდან ჩვენს დაკარგულ წლებს რომ ვაანალიზებ, ძალიან მინდა, ვისწავლო დის სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ბავშვობა ბავშვების გარემოცვაში მაქვს გატარებული, ძალიან ბევრი მამიდაშვილი, დეიდაშვილი და ბიძაშვილი მყავს და ეს მიხარია, დედმამიშვილი კიდევ სხვა არის და მე და არასდროს მყოლია. ერთგვარი ინტერესიც გაჩნდა, თავში ტრიალებს ფიქრი: ნეტავ, როგორი შეიძლება, იყოს ჩვენი დაძმობა?! ჩემი შვილები, და-ძმანი, ჩემ თვალწინ იზრდებიან და ვცდილობ, მათაც გავუზიარო რამე ჩვენი დაძმობიდან.

მამაჩემს და ჩემს ძმას, მამას – მით უმეტეს, ვალერიასთან ურთიერთობა აქვთ. ჩემს ძმას სატელეფონო კომუნიკაცია აქვს. ლუკაჩო თვითონაც საზღვარგარეთ ცხოვრობს. წლების წინ, როდესაც მე რუსთაველის თეატრთან ერთად წიგნის ფესტივალზე, ფრანკფურტში გასტროლით ვიყავი, ვიფიქრე, რომ მის ქალაქში ჩავიდოდი და შევხვდებოდი. თუმცა, მაშინ ჯგუფთან ერთად ვიყავი და არ მოხერხდა ეს ამბავი. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

– რომ მიდიოდი, სიხარულთან ერთად, ალბათ, ძალიან ნერვიულობდი?

– ასეთ სიტუაციებში ჩემი პროფესია მშველის ხოლმე, მსახიობობა მეხმარება, რომ არ ვინერვიულო. გონებაში ბევრი ვარიანტი წარმოვიდგინე. ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა, დამხვედროდა და გარკვეულწილად, ყველა ვარიანტისთვის ვიყავი მომზადებული. გზაში ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა. სანერვიულო იყო, მაგრამ არა იმაზე, თუ როგორ შემხვდებოდა ის, რადგან როდესაც გერმანიიდან დავეკონტაქტე, მაშინვე მივხვდი, როგორი ადამიანი შეიძლებოდა, მდგარიყო მისი პასუხების უკან.

გულს თავიდანვე უხაროდა, რადგან ის იმედები, რაც მქონდა, მიმართლდებოდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა მის დედას, რადგან არაჩვეულებრივი გოგონა გაზარდა.

– ის როგორ გიცნობდა, რა იცოდა შენს შესახებ?

– მე არ მიყვარს ზედმეტი კითხვების დასმა. დრო და ჩვენი ურთიერთობის შემდეგი ეტაპები ამას თავისთავად მოიტანს. თუმცა, კითხვები იმის თაობაზე, თუ როგორ წარმოგვედგინა ერთმანეთი, ორივეს გვქონდა. პირდაპირ არა, მაგრამ შეფარვით – კი (იცინის). მასაც ბევრი რამ აინტერესებს, ნანახი არ ჰყავს ბებია-პაპა და აინტერესებს, როგორები იყვნენ. ჩამოსვლა უნდა საქართველოში და სიამოვნებით დავპატიჟე. სავარაუდოდ, მოვახერხებთ, რომ ჩამოვიყვანო და საკუთარი წარმომავლობა გაიცნოს.

– სანამ გაიგებდი, რომ და გყავდა, გქონდა დის ყოლის სურვილი? მერე, როცა მისი არსებობის შესახებ გაიგე, მაგრამ ნანახი არ გყავდა, ალბათ, სევდაც გასდევდა ამ ამბავს.

– ჰო, სევდიანი ამბავიცაა, დაკარგული წლები, ვერგამოსული ურთიერთობები. თავიდანვე რომ მცოდნოდა, შეიძლება, რაღაცები სხვანაირად წასულიყო. ჩემი ძმა, ლუკაჩო, 2.20 მეტრია სიმაღლეში, მთასავთ კაცია, საოცარი ადამიანი. დაც რომ გვყოლოდა, ალბათ, კიდევ უფრო მაგარი იქნებოდა, თუმცა, ჩემთვის ლუკაჩო იმდენად საკმარისი იყო, რომ ბავშვობაში სხვა ძმაზე ან დაზე არ მიფიქრია. როცა გავიგე, და მყავდა, საკმაოდ მოზრდილი ვიყავი, მერე უკვე შემომეპარა სევდა და ფიქრები, ხომ შეიძლება, გადავკვეთილიყავით, თუმცა, საერთოდ სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით. ახლა სევდის ადგილს არ ვიტოვებ და ვცდილობ, გამოტოვებული წლები დღევანდელი მეგობრული, ძმაკაცური თუ დაძმური ურთიერთობით ჩავანაცვლოთ. ყველანაირად ვეცდები, რომ გაიცნოს ის ადამიანები, ვისაც უნდა იცნობდეს. მერე უკვე დრო გვიჩვენებს, როგორ გაგრძელდება. რაც მთავარია, 2024 წლის მისია შესრულებულია. ჩემმა მეუღლემ საოცარი სიურპრიზი გამიკეთა და დააჩქარა ეს შეხვედრა. გარკვეული მიზეზების გამო, მე შეიძლება, კიდევ გადამედო. ქეთევანმა ყველანაირი პრობლემა მოაგვარა.

– თითქოს, წელავდი ამ შეხვედრას?

– გერმანიაში ყოფნის შემდეგ დამემართა ასე. ფრანკფრუტში ყოფნის დროს რომ ვერ გამოვიდა ეს, ამას ობიექტური მიზეზი ჰქონდა, გასტროლზე ვიყავით, ჯგუფთან ერთად და ექსპრომტად არ გამოდიოდა. რომ ჩამოვედი, დავიწყე ნერვიულობა: მოდი, კარგად მოვემზადები, მოდი, ფინანსურად ცოტა ფეხზე დავდგები და ასე შემდეგ. ათას მიზეზზე ვფიქრობდი, სინამდვილეში თავის მოტყუება გამოდიოდა, არც ისე შორი და წარმოუდგენელია გერმანიაში ჩასვლა, უბრალოდ, მე ვართულებდი. ალბათ შიშიც იყო, ვფიქრობდი, რომ განსაკუთრებული მომზადება მჭირდებოდა. მეუღლემ კარგად იცის, რას შეიძლებოდა გავეხარებინე – ახალ წელს ხომ სურვილებს ასრულებენ და მე ერთ-ერთი საუკეთესო სანტა მყავდა მთელ მსოფლიოში. მან ჩემი ყველაზე დიდი სურვილი აასრულა.