“ამერიკაში ინგლისურენოვან ტრენინგზე ისე ვიყავი, კაციშვილს არ გაუგია რომ ინგლისური არ ვიცოდი…“

445

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ჟურნალ „გზას“ საკუთარი პიროვნული თვისებებისა და მოხერხებულობის შესახებ ესაუბრება.

როგორ ფიქრობთ, თქვენ შესახებ ხალხს როგორი წარმოდგენა აქვს და რეალურად, როგორი ხართ?

სხვათა შორის, ბევრს უთქვამს, – სულ სხვანაირი მეგონე, სხვანაირი აღმოჩნდიო. ვინც არ მიცნობს, ბევრი აგრესიით „გადმოდის” და ჰგონია, – ეს კარგი ადამიანი არ არის, ფულის გამო ყველაფერს კადრულობსო. ჩემს სატელევიზიო გამოსვლებში, ფინანსების მიმართ ჩემი სიყვარულის, ეშმაკური თვისებების შესახებ წარმოდგენას თავად შევუწყვე ხელი – ეს ამბავი იუმორში „ავაღადავე”. ზოგმა დაიჯერა, რომ მართლა ასეთი ვარ. როცა პირადად გამიცნობენ, ხვდებიან, რა ღირებულებები, მიზნები მაქვს, ჩემი ქცევები როგორ ოჯახს ეფუძნება, როგორი გარიგება მაქვს ღმერთთან, საზოგადოებასთან, რის უფლებას მივცემ ჩემს თავს და რას ავუკრძალავ… მერე ხვდებიან, რომ კარგი ადამიანი ვარ. ბევრი ამბობს, – ასეთი არ გვეგონე. თურმე, რა კარგი ბიჭი ყოფილხარო…

ოდესმე საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნიათ?

კი, გადაჭარბებული წარმოდგენა შემქმნია. სხვათა შორის, ამაში დედამ შემიწყო ხელი: ბავშვობაში დამაჯერა, რომ ყველაფერს შევძლებდი. სინამდვილეში, რაღაცები მართლა შევძელი. მაგალითად, ინგლისური არ ვიცოდი და როცა ამერიკაში ტრენინგზე დასასწრებად ინგლისური ენის ცოდნის შესახებ მოთხოვნა იყო, მივუთითე, რომ ვიცოდი. ინგლისურენოვან ტრენინგზე ისე ვიყავი, კაციშვილს არ გაუგია, რომ ინგლისური არ ვიცოდი. საკუთარ თავს ასე გადაჭარბებულად ვაფასებ, მერე კი რაღაც მიზნებს ვაღწევ.