“წლები რომ გემატება, როლები გაკლდება”

247

რა არის ნანა შონიას წარმატების გზაზე მთავარი – იღბალი თუ შრომისმოყვარეობა, ამის შესახებ მსახიობი თავად მოგვიყვება.

ნანა შონია: ავისრულე ის, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი. მართალი გითხრათ, ბევრ რამეში გამიმართლა, ბევრ რამეს კი მართლა ჩემი თავდაუზოგავი შრომით მივაღწიე. რაღაცებზე გულიც მწყდება, ვფიქრობ, რომ მათში არ გამიმართლა, მაგრამ ზოგადად რომ შევაფასოთ, არა უშავს, თავს იღბლიან ადამიანად მივიჩნევ.

– ასრულებულ სურვილებთან დაკავშირებით, უპირველესად, რა გახსენდებათ?

– რაც თავი მახსოვს, მსახიობობა მინდოდა. თავიდან არ ვიცოდი, რა იყო ეს და ჩემს სურვილს სახელს ვერ ვარქმევდი. დაუსრულებლად ვუყურებდი ცეკვებს, განსაკუთრებით, ბალეტს. როცა მივხვდი, რომ თეატრის სცენაზე მინდოდა დგომა, დაახლოებით, 12-13 წლის ვიქნებოდი. ეს იყო რუსთაველის თეატრში. იქ პირველად აღმოვჩნდი სპექტაკლზე არა სკოლიდან, არამედ ჩემს მეგობართან ერთად და განსაკუთრებულად მოვინუსხე. რუსთაველის თეატრის სცენა განსაკუთრებულია. მე იქ დიდი ხანი ვიმუშავე და დღესაც ძალიან მენატრება. ახლახან ვიყავი სპექტაკლზე და კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რამდენად მომნატრებია. ძალიან მომინდა, იმ წლების დაბრუნება. სწორედ ამ თეატრმა შემაყვარა სცენა, იქ დაბადებული სურვილი მმართავდა, ამან გადამაწყვეტინა თეატრის სცენაზე დგომა და პროფესიაც ამარჩევინა.

– იყო რამე, რაც მცდელობების მიუხედავად, არ გამოვიდა?

– ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. კი, რაღაცები არ გამოვიდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე როლი არ გამომივიდა. რა თქმა უნდა, ზოგი მეტად წარმატებული იყო, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ არცერთი არ ჩამვარდნია. როლსაც გააჩნია – ზოგი ძალიან შენია, ზოგს ძალით თამაშობ, ტექნიკურად. ესეც უნდა გამოცადო. არასასურველი როლის თამაშიც ჩემი პროფესიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. თუმცა, მე ამ ასაკში უკვე ვცდილობ, ის ვითამაშო, რაც მომწონს და უარი ვთქვა იმაზე, რაც არ მომწონს. მეორე მომენტიცაა, წლები რომ გემატება, როლები გაკლდება, ამიტომ იღბლიანი ხარ, თუ იმას გთავაზობენ, რაც მოგწონს და გჭირდება.

– საჭირო დროს საჭირო ადგილას ხშირად მოხვედრილხართ?

– რამდენჯერაც გინდათ, მითქვამს: ვაიმე, როგორ გამიმართლა! რატომ მე? რატომ აღმოვჩნდი მაინცდამაინც აქ და ახლა? რა თქმა უნდა, ეს სიხარულით იყო გამოწვეული. შენ რომ გარჩევენ, შეიძლება, ეს შენი დამსახურებაცაა, შენი მონაცემებისა და შესაძლებლობების, მაგრამ სადღაც მაინც სულ ფიქრობ – რატომ?! ჩვენს ბედს ჩვენ არ ვმართავთ. ჩვენი ყოველი ნაბიჯი უფლის ხელშია და ამიტომ, ასეთ დროს ვფიქრობ ხოლმე, რომ ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო, ასე იყო საჭირო და ამიტომ. საერთოდ, მგონია, რომ ხშირად დინებას უნდა მიჰყვე, ბედს უნდა მიენდო და ტყუილად არ ინერვიულო. ამას ახლა ვამბობ, განვლილი წლების გადმოსახედიდან, თორემ ახალგაზრდა რომ ხარ, სულ სხვანაირად ფიქრობ და რაღაცებზე გული გწყდება. ახლა უკვე ვხვდები, რომ რაზეც ადრე გული მწყდებოდა, ამაოება და სისულელეა. გამოცდილება ძალიან ბევრ რამეს გასწავლის. ასაკს ეს პლუსი აქვს – გამოცდილებას გაძლევს. გულდასაწყვეტი მხოლოდ ისაა, რომ ახალგაზრდობაში არ გაქვს ასეთი გამოცდილება. არადა, ის გეხმარება, ბევრი საკითხი სწორად შეაფასო, დათმო, არ ინანო რაღაცები და ასე შემდეგ. სამაგიეროდ, მერე ახალგაზრდობისგან განსხვავებით, დროა ნაკლები (იცინის).

– რამდენად შრომისმოყვარე ხართ?

– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პროფესიაში შენი შრომით არსებობა ძალიან რთულია, წარმოიდგინეთ, რამდენად გვიყვარს ჩვენი საქმე, რომ არ ვფიქრობთ, სხვა, უფრო სარფიან საქმეს მოვეკიდოთ. მე მიყვარს ჩემი პროფესია და მაყურებელს ძალიან ახარებს იმის დანახვა, რომ შენ ამ პროფესიისთვის ბევრს აკეთებ. მეც, როგორც მაყურებელს, ძალიან მსიამოვნებს, როცა ვხედავ, რომ მსახიობები თავს არ ზოგავენ.

საკმაოდ შრომისმოყვარე ადამიანი ვარ. მირჩევნია, ათჯერ და ოცჯერ გავიმეორო სცენა, ოღონდ კარგი გამოვიდეს. ყოველთვის დანაკლისის შეგრძნება მაქვს. იდეალური არასდროსაა, ამიტომ ძალიან ბევრჯერ დავრჩენილვარ რეპეტიციების შემდეგაც, რომ კმაყოფილებისთვის მიმეღწია. ზარმაცი არც პროფესიის მიღმა ვარ. სულ ვტრიალებ, სულ რაღაცით ვარ დაკავებული. არ მიყვარს ჯდომა, ძალიან მოძრავი ვარ. ბევრს დავდივარ ფეხით, არ ვერიდები ფიზიკურ დატვირთვას. ჯერ შემიძლია და მერე – ვნახოთ. თუმცა, რაღაცების გაკეთება მეზარება. იქნება ეს სახლის დალაგება თუ სამზარეულოში ტრიალი, მაგრამ ძალით ვაკეთებ. უნდა გავაკეთო, აბა, რა ვქნა?! როცა საჭიროა, თავს ძალაც უნდა დაატანო.

– რა არის თქვენთვის მოტივაცია: აღიარება, სიყვარული, მატერიალური სარგებელი თუ კიდევ სხვა?

– მთავარი ადამიანების სიყვარულია. როდესაც შენს საქმეში გულწრფელი ხარ და მას სიყვარულით აკეთებ, სულ სხვანაირ შედეგს იღებ. საერთოდ, ჩვენს საქმეში ასეა, ამ სფეროში ფულის გამო ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, რადგან ანაზღაურება, როგორც ასეთი, ძალიან სასაცილოა თეატრში და საერთოდ, ჩვენს საქმეში. ამიტომ რჩება მხოლოდ სიყვარული. სულ ელოდები, რომ ადამიანები სწორად შეგაფასებენ და მათაც შეუყვარდებათ შენი ნათამაშები როლი – ეს არის მთავარი ჯილდო.

– ოჯახისთვის უფრო მეტს შრომობთ თუ საკუთარი პროფესიისთვის?

– მე ვერ ვიტყოდი, რომ ოჯახისთვის ნაკლებს ვშრომობ. მე ვარ ადამიანი, რომელიც ვახერხებ ამ ორის ერთმანეთისთვის შეთავსებას. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ოჯახის წევრები მშივრები არასდროს არიან, მოვლილები არიან, სახლი ყოველთვის მოწესრიგებულია და ასე შემდეგ. რაც მე, როგორც ქალს, მევალება, ყველაფერს ვაგვარებ. ვიტყოდი, რომ ჩემთვის ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმე არანორმალურად მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ, ისეთ სამუშაოში არ ჩავერთო, რომ 24 საათი მომიწიოს მუშაობა და ოჯახს მოვწყდე. მე არ შემიძლია ასეთი რამ. ჩემი ოჯახისთვის ცოტა დრო თუ არ დამრჩა, ვერ ვიმუშავებ, იქაც უშედეგო ვიქნები. ამის გამო რაღაცებზე მითქვამს უარი. მივმხვდარვარ, რომ ვერ ვიქნებოდი კომფორტულად და ვიდარდებდი იმაზე, თუ რა ხდებოდა სახლში, რას აკეთებდნენ ჩემები და ასე შემდეგ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– გამოდის, თქვენს შვილებს დედის დანაკლისი არ უნდა ჰქონოდათ.

– ხანდახან ყოფილა ისე, რომ დილიდან-დაღამებამდე მუშაობაში გამიტარებია, მაგრამ ეს უფრო ახალგაზრდობაში, როცა დედაჩემი მეხმარებოდა. მასთან ვცხოვრობდი და ბევრი არაფერი მქონდა გასაკეთებელი.

მაშინ ვაძლევდი ჩემს თავს მეტი მუშაობის უფლებას, მაგრამ როცა ჩემი შვილები წამოიზარდნენ და საცხოვრებლად ცალკე გადავედით, უკვე სხვა პასუხისიმგებლობები ავიღე. შვილების გარეშე ერთ დღეს არ ვატარებდი. ასეთი რამ ძალიან იშვიათი იყო და ჩემს შვილებს, წესით, დანაკლისის განცდა არ უნდა ჰქონდეთ.

– ადამიანებში რამდენად გიმართლებთ?

– ოო, ეს უკვე სადავო კითხვაა (იცინის). ძალიან ბევრი გულისტკენა და განხიბვლა განმიცდია. ადამიანებს ჩემთვის ბევრი დარტყმა მოუყენებიათ, ძალიან ბევრი. ვერ ვიტყოდი, რომ ამ მხრივ, ჩემი ცხოვრების გზა უმტკივნეულო იყო, მაგრამ წლები რომ გადის, აქაც სხვანაირად აფასებ ბევრ რამეს. მეგობრისგან ბევრჯერ მტკენია, ღალატიც ყოფილა, ამდენი წელია, ვცხოვრობ და ზოგჯერ მაინც მიკვირს, რატომ იქცევიან ადამიანები ასე. საერთოდ, მე პირდაპირი ადამიანები მიყვარს. არ მიყვარს გაიძვერა და თაღლითი ხალხი. სამწუხაროდ, ჩვენს პროფესიაში, სულ რომ არ ელოდები, იქიდან მიიღებ დარტყმას. თუმცა, ალბათ, ყველა პროფესიაში ასეა.

– შეგცვალათ გადატანილმა ტკივილებმა?

– ბევრი რამ მასწავლა. მასწავლა ის, რომ ადამიანებთან ფრთხილად უნდა ვიყო, მაგრამ მე მაინც მჯერა მათი და მინდა, რომ მჯეროდეს. ვიხიბლები, მიყვარდებიან ისინი და მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა, მაინც მაქვს ადამიანების ნდობა. მგონია, თუ ადამიანს ენდობი, თუ მის მიმართ თბილი იქნები და სიყვარულით ეურთიერთები, მეტი შანსია, მისგანაც იგივე მიიღო. ეს შენთვისაც კარგია და იქნებ, მასაც უშველო.