“ალბათ, ნინასგან გადამედო, მე არ ვიყავი ასეთი”

316

ანი ტყებუჩავას “უცნობი მხარე” 👇

– ვინ არის ანი ტყებუჩავა?

ანი ტყებუჩავა: ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ცდილობს, რომ იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე შეიძლება, სინამდვილეშია, მაგრამ ეს არ არის თამაში. ცდილობს, ცხოვრებაში მეტი კარგი დაინახოს, ვიდრე ცუდი. ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი პროფესია და საინტერესო, განათლებულ ადამიანებთან ურთიერთობა.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– კარგი იქნება, რომ სუპერძალებს ვფლობდე და შემეძლოს სხვისი ცხოვრების შესაცვლელად კეთილი ჯადოქრობა. ქუჩაში რომ გაივლი და გაქვს ძალა, რომ შემხვედრი გაჭირვებული ადამიანების ცხოვრება სრულიად შეცვალო, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?! თუმცა, ზოგჯერ ვიღაცებს ცხვირსაც დავუმოკლებდი (იცინის).

– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– სიძულვილით – არა. არასდროს მიგრძნია, რომ მეზიზღებოდა საქმე, რომელსაც ვაკეთებდი. რისი კეთებაც ძალიან მეზიზღება, იმ საქმეს თავიდანვე არ მოვკიდებ ხელს. რა თქმა უნდა, იყო საქმეები, რომლის კეთებაც მეზარებოდა. მაგალითად, სტუდენტობის დროს, მეგობრებთან ერთად, ბავშვთა გასართობ ცენტრში ვმუშაობდი ანიმატორად. ეს, ერთი მხრივ, ძალიან მიხაროდა, იმიტომ, რომ უკვე ჩემი შემოსავალი მქონდა და ფინანსურად დამოუკიდებელი ვიყავი, თუმცა, მეორე მხრივ, როცა ძალიან დაღლილები ვიყავით, ისეთი მოსაბეზრებელი იყო ამა თუ იმ კოსტიუმისა და შესაბამისად როლის მორგება, რომ ვაღიარებ, ეს ნამდვილად მეზარებოდა და ვოცნებობდი, უკვე დამთავრებული მქონოდა სამუშაო საათები.

– გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ვაიმე, ყველაფერზე მეტირება. ფილმების ყურებისას ვტირი, წიგნის კითხვისას ვიცინი. განსაკუთრებით მეტირება ადამიანის ნიჭიერებებზე და გამარჯვებებზე. საერთოდ, ტირილი კარგი განმწმენდია. მთავარია, გაჩერება ვიცოდეთ და ძალიან ხშირად არ ვტიროდეთ. შეიძლება, უცნაურად ჟღერს ამის შემდეგ, მაგრამ მტირალა არ ვარ. იმდენად, რომ სწავლის დროს, ჩემი ჯგუფელები მეხუმრებოდნენ, ტირილის სცენა რომ გქონდეს, ვერ ითამაშებ, იმდენად არ შეგიძლია ტირილი, ქვასავით მეგრელი ქალი ხარო (იცინის). ამ დროს ისეთ სისულელეზე შეიძლება, ამიჩუყდეს გული და ცრემლი მომადგეს, რომ არ ვიცი. შეიძლება, ეს უფრო ნერვების ბრალია, ვიდრე ემოციების (იცინის). ფონსაც გააჩნია, შეიძლება, ყველაფერზე ვიტირო, როცა გამოუძინებელი ვარ. შეიძლება, ოჯახის წევრისგან მეწყინოს რაღაც და ტირილი დავიწყო. მომხდარა ასე და ბავშვები ცოტა უცნაურად მიყურებენ ხოლმე, ფიქრობენ, დედა ხომ კარგად არისო (იცინის).

– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?

– ფულის სწორად დაბანდება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე შოვნაო, ასე ამბობენ და ამაზე გვეცინება ყველას, ვისაც ბევრი ფული არ გვიშოვია, თუმცა, რომ დაფიქრდე, ალბათ, მართლა ასეა. ალბათ, როგორც ყველა ჩვენი თანამოქალაქე, ვერაფერს მოვიფიქრებდი, გარდა ბევრი ბინის ყიდვისა და გაქირავებისა (იცინის). თუმცა, ერთი ზუსტად ვიცი, ადამიანებს, ვინც ძალიან კარგად ემსახურებიან თავიანთ სფეროს, აუცილებლად დავაფინანსებდი, სარაჯიშვილივით.

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?

– მინდა, ვინმეს არ უნდა?! რა თქმა უნდა, ძალიან მინდა. რა მოჰყვება ამას, როგორი ცხოვრება აქვს ასეთ ადამიანს, პატიოსანი ცხოვრების შენარჩუნება შესაძლებელია თუ არა და ასე შემდეგ – ასეთი კითხვების არსებობის მიუხედავად, მინდა. მე ვფიქრობ, რომ იმას, რაც ადამიანის საწყისშია, ძალაუფლება დიდად ვერ შეცვლის. ჩემს ბავშვობაში ბევრ რამეს ამბობდნენ. მაგალითად, იმას, რომ მსახიობი თუ გახდები, აუცილებლად 15 ქმარი უნდა გყავდეს და შიმშილით უნდა კვდებოდე. საერთოდ, ძალიან ბევრი სტერეოტიპული დამოკიდებულება არსებობს. გარემო ბევრ რამეს განაპირობებს, მაგრამ უფრო მეტს განსაზღვრავ შენ და მე სტერეოტიპების დანგრევით უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ. ყოველთვის არსებობს ზუსტად ისეთი ვარიანტი, როგორიც შენ ხარ, მას შენ ქმნი. ამიტომაც არსებობს კარგი, ცუდი, უკეთესი, არაუშავს და ასე შემდეგ, რაც ვართ, შესაბამისს ვქმნით. ამიტომ, კი, მინდა, ვიყო მსოფლიოში ცნობილი ადამიანი. უამრავ ქართველ მსახიობს დავაკავებდი საოცრად კარგ ფილმებში, ბავშვებს, მოხუცებს გვერდით დავუდგებოდი და ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდი. ალბათ, ისინიც ასე ამბობდნენ ბავშვობაში, ვისაც დღეს ეს მდგომარეობა აქვს, მაგრამ დღეს აღარ ახსოვთ. თუმცა, ზოგი, ალბათ, აკეთებს კიდეც ამას, ჩვენ ხომ ყველაფერი არ ვიცით.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად?

– ფრჩხილების ჭამა. ამას ბავშვობაში ვაკეთებდი და ზოგჯერ ახლაც ვიხსენებ. ეს არის ყველაზე მავნე საქციელი, რაც ძალიან არ მომწონს. თვისობრივად თუ ვიტყვით, ძალიან ფეთქებადი ვარ. მერე მალე მივლის, მაგრამ დაღლილზე შეიძლება, ხმამაღლა ყვირილი დავიწყო. ამ დროს გვერდიდან რომ შევხედო ჩემს თავს, ალბათ, ძალიან არ მომეწონება. ალბათ, ნინასგან გადამედო, მე არ ვიყავი ასეთი. ხანდახან უნდა გავჩერდეთ და ჩვენს საქციელს სახელი დავარქვათ. იქნებ, მერე პროტესტი გაგვიჩნდეს და შევცვალოთ, თუ შესაცვლელია.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ?

– უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები, როცა რაღაც არაფრისმომცემი თხოვნით ან, უბრალოდ, არაფრისმომცემი და პირიქით, უხერხული სათქმელით მომმართავენ და ჩვენი უსაგნო დიალოგი საათები გრძელდება. ადამიანს რამეზე უარს რომ ეუბნები, იმიტომ რომ არ შეგიძლია, დათანხმდე, მაგრამ ის თავისას აგრძელებს, ძალიან უხერხულია. არის შემთხვევები, ვიღაც შეგიჩნდება, უარს ეუბნები იმის გამო, რომ ფიზიკურად არ შეგიძლია იმის გაკეთება, რასაც გთხოვენ, მაგრამ იმდენი ფორმის უარი აღარ არსებობს, რამდენჯერაც გთხოვეს. ამ დროს აღარ ვიცი ხოლმე, თავაზიანად როგორ გავაგებინო ადამიანს, რომ არას ვამბობ. ამის გამო თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ. არ მინდა, ჩემი უარი ვინმემ ამბიციურობას მიაწეროს ან შეურაცხყოფად მიიღოს, მაგრამ ხომ არის რაღაც, რასაც ვერ გავაკეთებ და ხომ უნდა იყოს ჩემი არა მისაღები და გასაგები?! რაღაც სულელურ თხოვნებზე მაქვს ლაპარაკი, თორემ, როცა ადამიანს მართლა სჭირდება დახმარება და მე რამე შემიძლია, ამას, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ. მაგალითად, სადღაც გამოსვლას და სიმღერას რომ გთხოვენ და შენ ეუბნები, რომ ამას ვერ გააკეთებ, იმიტომ, რომ ხმა არ გაქვს. ამ დროს, გპასუხობენ, არაუშავს, ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარხართ და თუ ვერ იმღერებთ, არ არის პრობლემა, მთავარია, გამოხვიდეთო. გასაგებია, მაგრამ მე ხომ მაქვს თავმოყვარეობა. ან კიდევ, როცა სადღაც გამოჩენა არ გინდა, იმიტომ რომ ფიზიკურად მოუწესრიგებელი ხარ და გეუბნებიან: არა უშავს, არა უშავს, იყავით მოუწესრიგებელიო. როგორ არა უშავს, პიჟამებით ხომ არ გამოვალ სრულიად შეუფერებელ ადგილას?! მოკლედ, მსგავს სისულელეებს ვგულისხმობ.

– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი და თუ არის ეს თქვენი ხასიათის თვისება?

– არ არის, მაგრამ რაღაც ომში მეც ჩავრთულვარ. როცა ადამიანის თავხედობას საზღვარი არ აქვს და გაიძულებს, რომ პასუხი გასცე, ვცემ. ჩემს ცხოვრებაში ორჯერ მოხდა ასეთი რამ. როცა საქმე მხოლოდ შენ კი არა, გარშემო ყველას და ყველაფერს ეხება, უკვე ყველანაირი ნებისყოფა გეწურება. ორივეჯერ ასე მოხდა. ეს უფრო პატარა ასაკში იყო. შეიძლება, ახლა მეცინება ამაზე, მაგრამ ძალიანაც არა. რა თქმა უნდა, ჯობს თავი ხელში აიყვანო, მაგრამ ადამიანები ვართ და ხანდახან წყობიდან გამოვდივართ. თუმცა, ყოველთვის ჯობს, ნორმალური პასუხი გასცე ადამიანს და მანაც ადეკვატურად მიიღოს – ამის მაგალითებიც არაერთი მქონია. რაღაც მომენტში, შეიძლება, თავს არიდებდე ადამიანისთვის იმის თქმას, რაც სათქმელია, არ გინდა, შეაწუხო, არ გინდა, ეწყინოს და ასე შემდეგ, მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს, მაგრამ ამას თუ გადალახავ და მაინც ეტყვი, შეიძლება აღმოაჩინო, რომ ის ყველაფერს ძალიან ადეკვატურად იღებს და შესაბამისი რეაგირებაც აქვს. ამიტომ ღირს ცდა.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– მარცხია ექვსი საათის შემდეგ შეჭმული ყველა ნახშირწყალი და გამარჯვება არის ის, რომ დღეს მსახიობი ვარ.

– სახლის საქმეებიდან რისი კეთება გიყვართ და არ გიყვართ?

– მიყვარს, როცა სახისთვის განკუთვნილ კარგ მოვლის საშუალებებს ვიყენებ. ანუ, ამისთვის დროის გამონახვა და მთელი რუტინის ჩატარება ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ეს ზედმეტი არასდროსაა. სხვათა შორის, სახლის დალაგებაც მიყვარს. ყოველდღე და წუთში არ ვალაგებ, მაგრამ ჩემთვის ესეც ერთგვარი თერაპიაა, რომელიც ნამდვილად არ მეზარება. მიყვარს სახლში ბავშვებთან ერთად ფილმების ყურება.

არ მიყვარს იმის კეთება, რაც მეზარება, მაგრამ გასაკეთებელია, ვგულისხმობ რუტინულ საჭიროებებს. მაგალითად, ძალიან არ მიყვარს მაკიაჟის მოშორება და ვოცნებობ, ვინმემ ისეთი საშუალება გამოიგონოს, რომ ეს წამებში ხდებოდეს (იცინის).