“ამბობდნენ, რა უნდა ამ გოგოს შოუში, მთელი სხეული მოხატული აქვს და მისი ხელიდან საჭმელს ვინ შეჭამსო”

170

ნინა კენჭიაშვილი არასტანდარტული გარეგნობის მოდელია და დიზაინერებისა და ფოტოგრაფების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მისი ცხოვრება კი მრავალმხრივაა საინტერესო.

ნინა კენჭიაშვილი: მოდელობა ბავშვობიდანვე მაინტერესებდა. არქიტექტორების ოჯახში გავიზარდე და ამ პროფესიისთვის ხატვის ცოდნაც აუცილებელია. ხატვის ერთ-ერთი ნაწილი კი ადამიანის ანატომია და მისი აგებაა. აქედან გამომდინარე, ამგვარ ნახატებს ბავშვობიდან ვუყურებდი და ვხედავდი მაღალ და ლამაზ გოგონებს, რომლებსაც ლამაზი და კრეატიული ტანსაცმელი ეცვათ. ვოცნებობდი, როცა გავიზრდებოდი, მეც ასეთი გავმხდარიყავი.

– სხვა პროფესიაზე არ გიფიქრიათ?

– კი. წლების განმავლობაში დაკავებული ვიყავი ბალეტითა და ფიგურული სრიალით. მაშინ მეგონა, რომ მოცეკვავე გამოვიდოდი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ცეკვისთვის თავის დანებება მომიწია და მერე აღმოვჩნდი სამოდელო სფეროში. მალევე მივხვდი, რომ ეს სფერო ჩემთვის მართლა ძალიან საინტერესო იყო, ისევე, როგორც ბავშვობიდანვე მეჩვენებოდა. მისი მრავალფეროვნება მიზიდავდა და მეხმარებოდა ჩემი თავის გამოხატვაში. მოდელობა მხოლოდ დიზაინერების ტანსაცმლის მორგება არ არის, ეს არის მოდელის ხასიათი, ის, თუ როგორ შეგიძლია, შეურწყა შენი თავი დიზაინერების მიერ შეკერილ სამოსს.

– ეს – ძალიან კარგი, თუმცა, რთული არ იყო ცეკვისთვის თავის დანებება?

– ცეკვას თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება დავუთმე, მაგრამ 17 წლის ასაკში მომიწია მისთვის თავის დანებება. ანსამბლებში ვცეკვავდი, სერგო ზაქარიაძის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე ქორეოგრაფიულზე, სხვადასხვა თეატრებშიც ვიცეკვე. რა თქმა უნდა, რთული იყო იმაზე უარის თქმა, რასაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი, მაგრამ ხანდახან ტრავმები უფრო მტკივნეულია. პირველ რიგში, ამ სფეროში ძალიან დიდი კონკურენციაა და როცა ამას სერიოზული ტრავმები ემატება, მდგომარეობა შენს საწინააღმდეგოდ იცვლება. სანამ შენ რეაბილიტაციას გაივლი და ჩვეულ ფორმას დაუბრუნდები, მანამდე ახალი მოცეკვავე გამოჩნდება, რომელიც ბევრად უფრო კარგი იქნება, ვიდრე შენ რეაბილიტაციის შემდეგ.

– როგორი იყო შენი, როგორც მოდელის, პირველი ნაბიჯები?

– ყველაფერი გადაღებებით დაიწყო. ფოტოგრაფმა შემნიშნა თბილისის „ფეშენ-ვიქზე“. ძალიან მოეწონა ჩემი ვიზუალი: წითური, ჭორფლიანი, ტატუებით სავსე, მაღალი, სუსტი გოგო. უცებ მივხვდი, რომ ჩემი ვიზუალით ბევრი ფოტოგრაფი დაინტერესდა. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ამ ინდუსტრიაში მეცადა ჩემი ძალები. მცდელობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ამას მოჰყვა დიზაინერებთან, ბრენდებთან თანამშრომლობა, რეკლამები, ჩვენებები, პარიზის მოდის კვირეულზე მონაწილეობის საშუალებაც მქონდა. ნელ-ნელა ყველაფერი განვითარდა და საბოლოო ჯამში, ამ სფეროში დავმკვიდრდი. უკვე ოთხი წელია, მოდელი ვარ და ამ ეტაპზე პროცესები ძალიან კარგად მიდის.

– განსაკუთრებული ვიზუალი გაქვს, ყველაფერი ამით დაიწყო. დღეს რა როლს ასრულებს შენი ვიზუალი წარმატების გზაზე?

– სხვათა შორის, სულ თავიდან წარმატების მიღწევა ძალიან რთული იყო, ზუსტად იმიტომ, რომ მთელი სხეული ტატუებში მაქვს. ეს დიზაინერებისთვის ძალიან რთულად აღსაქმელი იყო. ჩვენი სტანდარტები მოდელების მიმართ კლასიკურია – მოდელს არ უნდა ჰქონდეს ტატუ ან რამე ზედმეტი სხეულზე. ჩემთვის ძალიან დიდი წინსვლაა ის, რომ დიზაინერებს დავუმტკიცე, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, გოგოს მთელი სხეული ტატუებით ჰქონდეს მოხატული, იყოს წითური, სახე ჭორფლით მოხატული, შეუძლია, მათი შექმნილი კოლექცია განსხვავებული კუთხით დაანახვოს ადამიანებს, უფრო ბრუტალური მხრიდან. შესაძლებელია, თუნდაც, სინაზე დაანახვო ადამიანებს ამ ვიზუალით. წლების განმავლობაში ბევრი ვიშრომე, ყოველ ჯერზე ბევრს ვაკეთებდი, რომ საუკეთესო შედეგი დამედო ფოტოსესიებზე, გადაღებებისას საინტერესო პოზები და იდეები შემეთავაზებინა პროფესიონალებისთვის და ამდენი შრომა დამიფასდა. ახლა დიზაინერებს, პირიქით, უკვე აინტერესებთ ჩემი ტატუები, არ ეშინიათ კლასიკური კაბები ჩამაცვან, იციან, რომ საინტერესო გადაღებას შევთავაზებ და არა სტანდარტულს. დიზაინერებშიც და ფოტოგრაფებშიც აღფრთოვანებას ვხედავ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– როგორია ტატუების ისტორია და საერთოდ, როგორ მოირგე ეს სტილი?

– ტატუები ძალიან პატარა ასაკიდან მაქვს. რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, პირველი 13 წლის ასაკში გავიკეთე. უკვე 22 წლის ვარ და თამამად ვიტყვი, რომ არცერთი ტატუს გაკეთება არ მინანია. ჩემთვის ტატუები არ არის მხოლოდ ნახატები, ეს არის ჩემი სულიერი სამყარო. როცა მათ ვუყურებ, მახსენდება ჩემ მიერ განვლილი მშვენიერი პერიოდები, რაც მაძლიერებს და ყოველ ჯერზე, როცა ცუდი აზრები მაწუხებს, როცა ცხოვრებისეული უსამართლობები ცუდ განცდებს იწვევს ჩემში, ეს ტატუები მახსნებენ, რომ ადამიანობა არ უნდა დავკარგო, რომ სიკეთისკენ უნდა გადავიხარო. ისინი მეხმარებიან სწორ გზაზე სიარულში.

– სულ რამდენი ტატუ გაქვს?

– არ დამითვლია. ორივე ფეხი და ხელი სრულად მაქვს მოხატული, ასევე, ზურგი, გულმკერდი, ყელი, კისერი და თითქმის აბსოლუტურად ყველაფერი. ეს უკვე ჩემთვის თილისმაა. ჩემი სხეულის მოხატვას ისევ ვაგრძელებ, ჯერ შეჩერებას არ ვაპირებ, მაგრამ არ მინდა, ძალიან გადავამეტო. ანუ, ჩემი ესთეტიკური ხედვით, კანს თავისი სილამაზე აქვს და ცარიელ ადგილებსაც ვტოვებ. ვცდილობ, ერთიანი ნამუშევარი შევქმნა, ანუ, ჩემი ყველა ტატუ ერთმანეთთან არის კავშირში. რაც შეეხება მათ მთავარ აზრს, ცხოვრებაში ყველას გვაქვს რთული მომენტები, მაგალითად, ადამიანმა, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობი, შეიძლება, ზურგი შეგაქციოს და ასეთ დროს, გინდა თუ არა, ემოციური ფონი შეიძლება, აგრესიაში გადაგივიდეს და იფიქრო, რომ კეთილი აღარ უნდა იყო, თუ გინდა, ისევ აღარ გამოგიყენონ. როცა ტატუებს ვუყურებ, ვხედავ ლამაზ ყვავილებს, რაც ტყესთან და ბუნებასთან ასოცირდება, ეს სილამაზე მეხმარება, მახსენებს, რომ არ მინდა, გადავთელო ულამაზესი ტყე, რომელიც ჩემს სულიერ სამყაროშია და ის ლამაზი ყვავილები, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ცუდი შემემთხვა.

– საზოგადოების დამოკიდებულება როგორია? ალბათ, ტატუ ნაკლებად უკვირთ, თუმცა ამდენი შეიძლება, აკვირვებდეთ.

– ახალგაზრდები მარტივად უყურებენ. მაგალითად, ზაფხულში შეიძლება, ახალგაზრდა მოვიდეს და მითხრას, რა ლამაზი ტატუები გაქვსო, მაგრამ ასაკში შესულმა ადამიანმა ცუდი სიტყვა მომაძახოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ შესახებ არაფერი იციან, შეიძლება, რაღაც იარლიყი მომაწებონ. ჩემი აზრით, ტატუებიან ადამიანებს უფრო მეტის დამტკიცება გვიწევს, პირველ რიგში, იმის მტკიცება, რომ ჩვენც მათნაირი ადამიანები ვართ. შეიძლება, უფრო კეთილები და განათლებულები ვიყოთ, მაგრამ ამას არავინ დაუკვირდება, ზედაპირული იარლიყის მოწებება ურჩევნიათ, ვიდრე იმის გააზრება, თუ როგორი ხარ სინამდვილეში.

– ცოტა ხნის წინ კულინარიულ პროექტში მონაწილეობდი. სამზარეულოსთან მეგობრობ?

– სამზარეულოსთან შეხება ბავშვობიდან მაქვს. ჩემს მშობლებს ბაკურიანში სასტუმრო აქვთ. იქ მზარეული გვყავს და მე მის სამუშაო პროცესს ბავშვობიდანვე ვუყურებდი. აქედან გამომდინარე, სამზარეულო ჩემთვის საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება გახდა. თუმცა, „მასტერშეფში“ ჩემს ხუმრობებს ბევრი ცუდად უყურებდა და რეალობად აღიქვამდნენ. ამ შოუს ბევრი დადებითი მხარეც ჰქონდა, თუმცა, ბევრი უარყოფითიც. ხუმრობების გამო ბევრი ნეგატივი მოდიოდა. იმასაც ამბობდნენ, რა უნდა ამ გოგოს შოუში, მთელი სხეული მოხატული აქვს და მისი ხელიდან საჭმელს ვინ შეჭამსო?! ვინც ხვდებოდა, რომ ვხუმრობდი, დადებით განწყობებს მიზიარებდა.

– სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიური ხარ.

– ვცდილობ, სოციალურ ქსელში გულწრფელი ვიყო, ყველას დავანახვო, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, შიშებით, დეპრესიული თუ პოზიტიური მომენტებით. მირჩევნია, ადამიანები ნამდვილ „მეს“ ხედავდნენ, ვიდრე ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი იდეალურად მაქვს.

– მაგალითად, რა სირთულის შესახებ გაუზიარე გამომწერებს?

– მაგალითად, ამ მომენტისთვის ანორექსია მაქვს. დღეს სოციალურ ქსელში ძალიან დიდი აქცენტი კეთდება „იდეალურ“ სხეულზე, რაც არასწორი მგონია. მე შემეძლო, ჩემი გამომწერებისთვის მეთქვა ჩემს ანორექსიასთან დაკავშირებით, რომ ეს სამოდელო საქმიანობას უკავშირდებოდა, რომ ჩემი პროფესიის გამო არ ვჭამ, ან ფილტრები გამომეყენებინა, მაგრამ მირჩევნია, გულახდილად ვთქვა, რომ არსებობს გარკვეული სტრესი, რომლის გამოც შეიძლება, ადამიანს ანორექსია დაემართოს. ამაზე საუბრით შეიძლება ბევრ გოგოს დაეხმარო და მირჩევნია, ასე მოვიქცე. მე ვცდილობ ამ პრობლემის მკურნალობას და ხალხსაც ვუზიარებ ჩემს გამოცდილებებს.

– რა ხდება პირად ცხოვრებაში?

– არ მყავს შეყვარებული, ამ მომენტისთვის მიმაჩნია, რომ საკუთარ თავს უნდა დავუთმო დრო. ყოველ ჯერზე, როცა სხვა ადამიანებს უთმობ დროს და ყურადღებას, ხვდები, რომ საკუთარი თავისთვის საკმარისი არ გაგიკეთებია. ამ მომენტისთვის კი საკუთარ თავზე ვარ კონცენტრირებული, ვფიქრობ, რომ დიდი პოტენციალი მაქვს და მინდა, შესაბამისად ვიმოქმედო.