როგორ გაიღო მსოფლიოში ბევრი კარი სოფო გორდელაძისთვის და რატომ გამოარჩია ის ავსტრიელმა მეცენატმა

446

საოპერო მომღერალი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ბერნის, ჟენევის, ჩიკაგოს, გენუის, ლისაბონის, სეულის, ზალცბურგის, თბილისის საოპერო თეატრების, ვექსფორდისა და ტიროლის საერთაშორისო ფესტივალების მოწვეული სოლისტი – ეს ქართველი სოპრანოს, სოფიო გორდელაძის რეგალიებია, თუმცა მისი მიღწევების ჩამონათვალი გაცილებით გრძელია.

სოფო გორდელაძე: ბავშვობიდან ვმღეროდი. ჩემში ეს ნიჭი დედამ აღმოაჩინა. ის თავად მუსიკოსია და ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც შეამჩნია, რომ სუფთა და წკრიალა ხმა მქონდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული მასწავლიდა საბავშვო სიმღერებს, აკონპანირებას კი თავად მიწევდა. აქედან გამომდინარე, პატარა ბავშვის კვალობაზე, საკმაოდ დიდი რეპერტუარი მქონდა.

დედასთან მოსწავლეებიც დადიოდნენ და საფორტეპიანო მუსიკასაც ბავშვობიდან ვისმენდი. მამა ექიმი იყო, თუმცა, დიდი მელომანი. ძალიან უყვარდა ჯაზი და საინტერესო ფირფიტები ჰქონდა. ჩვენს სახლში სულ მუსიკის ხმა ისმოდა. მე ამ გარემოში გავიზარდე და ვერც წარმომედგინა ჩემი ცხოვრება მუსიკის გარეშე. ასე რომ, ბუნებრივად დავუკავშირდი ამ სამყაროს.

– სწავლა საიდან დაიწყეთ?

– მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ ნიჭიერთა ათწლედში ჩავაბარე, საფორტეპიანო განყოფილებაზე. ისე გამიტაცა საფორტეპიანო მუსიკამ, რომ კონსერვატორიაში ჯერ საფორტეპიანო დავამთავრე და შემდეგ ჩავაბარე ვოკალურ მიმართულებაზე.

– იტალიაში წასვლასაც განსაკუთრებული ისტორია აქვს – ჯერ კიდევ სტუდენტი აღმოგაჩინეს.

– კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში თბილისში ჩამოვიდა ავსტრიელი მეცენატი, რომელიც სრულიად შემთხვევით გავიცანი. მომისმინა და ძალიან მოვეწონე. ავსტრიაში, საკუთარ ვილაში დამპატიჟა, ძალიან ცნობილი ავსტრიელი მომღერლის, ელიზაბეთ შვარცკოფის მასტერკლასზე. აქედან კი ცნობილი იტალიელი მომღერლის, მირელა ფრენის მასტერკლასზე მოვხვდი. საბედნიეროდ, თბილისიდან წასვლისას იტალიის საელჩოს სტიპენდია მოვიგე. მაშინ ორი სტიპენდია დაინიშნა, ერთი მე მოვიგე, ერთი – ანიტა რაჭველიშვილმა. ამ სტიპენდიით გახდა შესაძლებელი ჩემი სასწავლებლად წასვლა, იტალიაში. მილანში გადავედი საცხოვრებლად და მირელა ფრენის აკადემიაში ვსწავლობდი.

– ოცნებებით სავსე, ბნელი 90-იანებიდან უცებ ევროპაში აღმოჩნდით და ალბათ, ყველაფერი შეიცვალა. მოწვევისა და სტიპენდიის გარეშე ეს წარმოუდგენელიც იქნებოდა

– კი, ბევრ რამეში გამიმართლა, მაგრამ თან ძალიან ბევრს ვშრომობდი. წარმოიდგინეთ, ჩემით ვისწავლე იტალიური ენა საქართველოში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საუბარიც კი არ იყო იტალიაში წასვლაზე. ასევე, ვისწავლე გერმანულიც. იქ რომ ჩავედი, იტალიურად უკვე თავისუფლად ვსაუბრობდი და ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩემი არჩევანიდან გამომდინარე, ვიცოდი, რომ მომავალში ეს ენა გამომადგებოდა, თან, ძალიან მომწონდა და როცა სახლში, მამას წიგნებში, შემთხვევით, იტალიური ენის თვითმასწავლებელი აღმოვაჩინე, ძალიან გამიხარდა. ყოველდღე ვიჯექი და ვმეცადინეობდი. მაშინ იმდენი საშუალება არ იყო, რომ კერძო პედაგოგთან მოვმზადებულიყავი. მე ძალიან ბევრი ინტერესი მქონდა, მამა ექიმი, დედა პედაგოგი იყო და წარმოიდგინეთ, იმ პერიოდში, რას უნდა გავწდომოდით ამ ნაკლებშომოსავლიანი პროფესიებით.

იტალიაში გატარებული პერიოდი ჩემთვის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და ჯადოსნური იყო. იქიდან დაიწყო ჩემი დამოუკიდებლობა, დიდი წარმატებები საერთაშორისო კონკურსებზე, პირველი შემოსავლები, ყველაფერი საუკეთესოდ მახსენდება, რაც მილანს და იქ გატარებულ ოთხ წელს უკავშირდება.

საერთოდ, იტალიურ კულტურასთან შეხება ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. თავი ზღაპარში მეგონა. იქ დაბრუნება დღემდე ამ განცდებს მახსენებს, ჩემთვის იტალია მეორე სამშობლოა.

– ამ დროიდან, ძალიან ბევრი საერთაშორისო კონკურსია თქვენს ანგარიშზე და უამრავი წარმატება… როგორ გახსენდებათ ის პერიოდი?

– იქ სწავლის პარალელურად, გარდა იმისა, რომ შემოსავალიც მჭირდებოდა, ეს იყო ერთგვარი საშუალება, რომ ჩემი თავი გამეცნო იქაური პუბლიკისთვის, ამ სფეროს პროფესიონალებისთვის. საერთაშორისო კონკურსების ჟიურიში ყოველთვის სხედან სააგენტოებისა და თეატრების წარმომადგენლები. ბევრ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და მათგან საკმაოდ დიდი ნაწილის გამარჯვებულიც გავხდი. ეს ფინანსურ შემოსავალსაც მაძლევდა და სწორედ ამ კონკურსებიდან ავიღე ჩემი პირველი კონტრაქტები ევროპულ სცენებზე.

– იტალიას კიდევ არაერთი ქვეყანა მოჰყვა, უფრო მეტიც, კონტინენტი: ევროპა, აზია, ამერიკა – ბევრი მიმართულებით გახსენით კარი, მასშტაბები გაიზარდა და არაერთი საოცნებო სცენა დაიპყარით. როგორ გახდა რეალური ბავშვობის ოცნებები?

– ძალიან ბევრს ვშრომობდი. აქედან რომ წავედი, არავის ვიცნობდი. ბარგი ჩავალაგე, გუდა-ნაბადი ავიკარი და იტალიაში გადავედი. ჩემი სტიპენდია არ იყო იმდენი, რომ იქ ფეხი ფეხზე გადადებულს მეცხოვრა. კონკურსს რომ მოვიგებდი, მიღებული თანხა გაწერილი მქონდა პროფესიული განვითარებისა და საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ყველას პატივს ვცემ, თუმცა ბევრი ჩემი კოლეგა ტანსაცმელში ხარჯავდა ამ თანხას, ვიღაც –გართობაში, ჩემთვის კი ეს იყო ინვესტიცია, რომელიც საკუთარ მომავალში უნდა ჩამედო. ძალიან ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ბევრს ვსწავლობდი. ძალიან კარგ პედაგოგებთან და ძალიან კარგ პიანისტებთან ვმეცადინეობდი. შემოთავაზებას შემოთავაზება მოჰყვა, მეც ვაქტიურობდი და ნელ-ნელა ყველაფერი აეწყო. ვერასდროს რომ წარმოვიდგენდი, ისეთ ქვეყნებსა და სცენებზე აღმოვჩნდი. მართლა ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ სამხრეთ თუ ცენტრალურ ამერიკაში, მექსიკაში, სამხრეთ კორეაში, ლიბანში ვიმღერებდი. ეს შესაძლებელი გახდა უდიდესი გამძლეობითა და შრომისმოყვარეობით. ძალიან დიდი მორალური მხარდაჭერა მქონდა ოჯახისგან და მეც მიზანდასახული აღმოვჩნდი.

ძალიან მეამაყება ისეთ თეატრებში გამოსვლა, როგორიცაა ჟენევის საოპერო თეატრი, ლისაბონის, ჩიკაგოს, სეულის, თბილისის საოპერო თეატრები.

– ძალიან ხშირად, წარმატებულ კარიერასთან ერთად, რთულია პირადი ცხოვრების აწყობა, რადგან პროფესია ბევრს მოითხოვს. თქვენს ცხოვრებაში როგორაა?

– რა თქმა უნდა, ჩვენი საქმე ძალიან დიდ ენერგიასა და რესურსს მოითხოვს. რაღაც ეტაპზე ეს იყო კიდეც გადამწყვეტი ჩემს ცხოვრებაში. მთელი ძალები ამ საქმეს მივუძღვენი, მაგრამ მიმაჩნია, რომ როდესაც სურვილი არის, მაშინ ყველაფრის მოხერხება შეიძლება.