გიორგი შოშიტაშვილის რომელმა სიმღერამ შეარიგა დაშორებული წყვილი

გიორგი შოშიტაშვილისა და „ქსოვრელების“ ტანდემი, ალბათ, ბევრისთვის კარგად არის ნაცნობი. გიორგი „ქსოვრელების“ გარემოცვაში გაიზარდა და ბუნებრივია, რომ ამ ანსამბლის ჟანრი მისთვის ძალიან ორგანული და განსაკუთრებით საყვარელია.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც მასთან „თბილისელებმა“ ჩაწერა

გიორგი შოშიტაშვილი: ოჯახიდან გამომდინარე, მუსიკასთან კავშირი ბავშვობიდანვე მქონდა. როგორც მოგეხსენებათ, მამა ელდარ შოშიტაშვილი უფროსი თაობის „ქსოვრელების“ ხელმძღვანელია. რა ასაკიდანაც იწყება ჩემი მეხსიერება, იმ ასაკიდან მახსოვს განსაკუთრებული ჰანგები, ანუ ქალაქური ფოლკლორი. ალბათ, ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ მეც ხელოვნებას გავყოლოდი. რამდენად კარგად გამომდის, ეს უკვე მსმენელმა უნდა შეაფასოს.

– ალბათ, ძალიან ბევრი უცნობი თუ ნაცნობი ადამიანის გვერდით ყოფილხართ „ქსოვრელები“, მათთვის მნიშვნელოვანი, რომანტიკული და სიყვარულით სავსე ცხოვრებისეული მოვლენის დროს…

– ძალიან ტრენდული გახდა „ქსოვრელების“ მიწვევა დაბადების დღის მისალოცად, ქორწილში და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მოთხოვნაა და ეს ძალიან მახარებს. იგრძნობა, რომ ახალგაზრდობასაც შევაყვარეთ ძალიან მივიწყებული ქალაქური ფოლკლორი, რომელსაც ფანოღს ეძახდნენ. ძალიან ცუდი ფაქტია, როცა ასე ადაბლებენ ჟანრს. ეს ჟანრი ფსკერამდე იყო ჩასული, აღარავინ უსმენდა. საბედნიეროდ, წინ წამოვწიეთ. დღეს მას ბავშვებიც კი უსმენენ, ორი, სამი წლისები. ჩემს გვერდზე ყოველდღე უამრავ ვიდეოს მიგზავნიან, როგორ მღერიან ან უსმენენ პატარები ჩვენს სიმღერებს.

დიახ, ძალიან ბევრი განსაკუთრებული მოვლენის მონაწილეები ვყოფილვართ, ბევრი საინტერესო ისტორიაც ყოფილა, თუმცა ერთს განსაკუთრებულად გამოვარჩევდი. ჩვენმა ერთ-ერთმა სიმღერამ „მინდოდა, მეთქვა“, რომელიც მე ჩემს მეუღლეს მივუძღვენი, დიდი ხნის დაშორებული წყვილი შეარიგა. ეს რომ გავიგე, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამ სიმღერით ბევრი წყვილი დაგვიქორწინებია. ეს სიმღერა მე თვითონაც ძალიან მიყვარს. ყოველთვის, როცა ქორწილში ვარ, ტორტის გაჭრის ცერემონიაზე ზუსტად მის შესრულებას გვთხოვენ ხოლმე.

ასევე იხილეთ