“არ ვიცოდი რა მექნა, საერთოდ როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება“

274

როგორია ფინანსებთან ურთიერთობაში ლოლა წერეთელი, რა დაეხმარა მას რთული მდგომარეობის შემდეგ ფეხზე წამოდგომაში და რაში არ ენანება თანხის გადახდა, ამაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან

ლოლა წერეთელი: ყველამ იცის, რომ ცხოვრებაში ფულის გარეშე არაფერი გამოდის. ადამიანს ყველაფრის ყიდვა გჭირდება, რაც თუ ფული არ გაქვს, წარმოუდგენელია. ფული კი მუშაობის გარეშე არ იშოვება და ამიტომ ბევრი შრომაა საჭირო, ძალიან ბევრი. ადამიანებს სხვადასხვა ხედვა აქვთ ფულთან მიმართებით. ზოგი ფიქრობს, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ეს არის მნიშვნელოვანი. პირველ ადგილზე აყენებენ და სხვა რამე არ აინტერესებთ. ვიღაცისთვის ფული მხოლოდ სიამოვნების საშუალებაა და რა თქმა უნდა, ასეცაა, უფულოდ ცხოვრება ცოტა ძნელია (იცინის). ცოტა კი არა, წარმოუდგენელია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის ფულზე მნიშვნელოვანი არაფერია. ფულს პირველ ადგილას არ ვაყენებ, მაგრამ ცუდია, რომ ასეა. სხვანაირად რომ ვიქცეოდე, მგონი, უკეთესი იქნებოდა (იცინის).

– ეს გინანიათ?

– სიმართლე რომ ვთქვა, კი, მინანია. ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება რაღაც ძალიან არასასიამოვნო. შეიძლება, ერთხელ მაინც, უცებ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდე. მეც შემექმნა ასეთი პრობლემა, დაახლოებით ხუთი წლის წინ, საერთოდ ნულზე დავრჩი და მივხვდი, რომ ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო. აღარაფერი გამაჩნდა და როგორც პატარა ბავშვი იწყებს სიარულს და საუბარს, დაახლოებით, მეც ასე დამჭირდა, რომ ცხოვრების გაგრძელება შემძლებოდა. ფული საერთოდ აღარ მქონდა, აღარაფერი გამაჩნდა, მაგრამ ნელ-ნელა ფეხზე წამოვდექი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, რომლებიც ახალი სიმღერების შექმნაში დამეხმარნენ. მადლობა მათ და ჩემს მეგობრებს, რომლებიც რამდენიმე წელი ერთგულად მედგნენ გვერდში. მთავარია, ამ დროს შენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დახმარების ხელს გამოგიწვდიან. სხვანაირად ფეხზე წამოდგომა ძალიან რთულია. მე მადლობელი ვარ, ასეთები ჩემ გვერდით, ცოტანი, მაგრამ საბედნიეროდ, არიან.

– როცა მდგომარეობა შეიცვალა და ყველაფრის გარეშე დარჩით, მეგობრების ნაწილი ჩამოგშორდათ?

– დიახ, დიახ, სამწუხაროდ, ასეც ხდება. ამიტომაც ვამბობ, რომ არსებობს ადამიანების კატეგორია, ვისთვისაც ყველაფერზე მაღლა ფული დგას და ამის მიღმა არაფერი აინტერესებთ, მათ შორის, არც მეგობრობა.

– ფსიქოლოგიურად როგორ გაუმკლავდით ამ ყველაფერს?

– ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელი იყო. მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი. არ ვიცოდი, რა მექნა, საერთოდ როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება. ვიყავი ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ბევრი ჰქონდა. როცა ასე იყო, მე არავინ მავიწყდებოდა, ყველასთან ხელგაშლილი ვიყავი. ხოლო, როცა ჩემი მდგომარეობა შეიცვალა და ცარიელი დავრჩი, აღმოვაჩინე, რომ გვერდით ძალიან ცოტა ერთგული ადამიანი დამრჩა. ადამიანები, რომლებიც გასაჭირის დროს ჩემ გვერდით არ აღმოჩნდნენ, ჩემს გონებაში დავბლოკე.

– რთული იყო, თუმცა, როგორც ვხვდები, ნამდვილად შეგიძლიათ სირთულეებთან გამკლავება.

– ასე გამოვიდა. ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობ. საერთოდ, სკოლა რომ დავამთავრე, მაშინ დავიწყე მუშაობა და მას შემდეგ აღარც გავჩერებულვარ. მაშინ ასე იყო, ორწლიანი გამოცდილება გჭირდებოდა მუსიკალურში ჩასაბარებლად. სტაჟი უნდა გქონოდა. მდივნად დავიწყე მუშაობა და დღემდე მახსოვს, რა სასწაული შეგრძნება მქონდა, პირველი ხელფასი რომ ავიღე და სახლისთვის რაღაცების საყიდლად გავიქეცი. 85 მანეთი იყო ჩემი ხელფასი და მაშინ ეს კარგი ანაზღაურება იყო.