„ბევრი მითქმა-მოთქმაა ამასთან დაკავშირებით – თითქოს, ბარიატრია გავიკეთე…“ – როგორ დაიკლო იაკო ჭალაგანიძემ 73 კილო

243

იაკო ჭალაგანიძეს სოციალური ქსელიდან უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს და მისი ისტორია უკვე ბევრისთვის გახდა სტიმულის მიმცემი. იაკომ პანდემიის დროს შეძლო მრავალწლიანი ოცნება აეხდინა და წონაში უმტკივნეულოდ დაეკლო.

იაკო ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება:

წონა არ განსაზღვრავს არაფერს, გარდა ჯანმრთელობისა. ის ზოგს უქმნის ჯანმრთელობის პრობლემას, ზოგს – არა. მაგალითად, მე არ მქონდა პრობლემები, თუმცა, ასე რომ გაგრძელებულიყო, აუცილებლად შემექმნებოდა. სხვა მხრივ, წონით არ განისაზღვრება არც სილამაზე, არც ხასიათი და არც ადამიანის თვისებები. 140 კილოგრამს ვიწონიდი და ვიყავი ძალიან ხალისიანი ადამიანი. არანაირი კომპლექსი არ მქონდა. სავარაუდოდ, გამიმართლა ადამიანებში და ამან იქონია დიდი გავლენა. ჩემი წონის გამო ირგვლივ არავინ მაკომპლექსებდა. ჭარბწონიანები, ძირითადად, გარშემო მყოფი ადამიანებიდან გამომდინარე არიან ჩაკეტილები და დაკომპლექსებულები. შესაძლოა, მენტალური პრობლემების წინაშეც კი დადგნენ, ისევ და ისევ იმ ადამიანების გამო, ვინც მათ გარშემოა.

რატომ გადაწყვიტე შეცვლილიყავი?

ყოველთვის მინდოდა, გამხდარი ვყოფილიყავი. სულ ჭარბ წონას ვებრძოდი, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე მართლა გავხდებოდი. ჩემთვის ეს იყო ოცნება, რომელიც მიუღწეველი მეგონა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მე ჩავიცვამდი შორტს, არამცთუ მუხლს ზემოთ კაბას, საერთოდ, კოჭს ზემოთ, რამეს (იცინის). ეს ჩემთვის მართლა წარმოუდგენელი იყო. ეს გადაწყვეტილება პანდემიის დროს მივიღე. ფსიქოლოგიური პრობლემები რომ არ შემქმნოდა და მენტალური ჯანმრთელობა შემენარჩუნებინა, ვიფიქრე, რომ რაღაც მიზანი უნდა დამესახა. გადავწყვიტე, ეს მიზანი ჩემთვის აუხდენელი ოცნება ყოფილიყო. უბრალოდ, მინდოდა, მეცადა, გამოვიდოდა თუ არა. პირველივე დღეებში მივხვდი, რომ ეს ოცნება მიღწევადი იყო. ამიტომ ჩაკეტილობის პერიოდი ბოლომდე გამოვიყენე ჩემი ოცნების ასახდენად.

რა გზით მიაღწიე ამ შედეგს?

ბევრი მითქმა-მოთქმაა ამასთან დაკავშირებით – თითქოს, ბარიატრია გავიკეთე. მივესალმები ამ მეთოდს და ისე რომ არ დამეკლო წონაში, ამ გზას აუცილებლად მივმართავდი, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ამერიდებინა თავიდან. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხოლოდ 18-საათიანი ინტერვალით და სწორი კვებით, საკუთარი ორგანიზმის შესწავლით, ჩემს ორგანიზმთან ურთიერთობით და იმაზე დაკვირვებით, თუ რა უნდა და უხდება მას, მივაღწიე ამ შედეგს.