ნათია თუთბერიძე პირველი ქართველი ქალია ამერიკის სამხედრო საზღვაო აკადემიაში

400

ნათია თუთბერიძე პირველი ქართველი ქალია, ვინც ამერიკის სამხედრო საზღვაო აკადემიაში სწავლობს.

ნათია თუთბერიძე: ალბათ, ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 6 წლიდან მოყოლებული, კარატეთი ვარ დაკავებული. სპორტმა დისციპლინა გამომიმუშავა. გარდა ამისა, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი ჩემს თვალწინ მოხდა. 2014 წლიდან კი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს და შემდეგში უკვე ომს ვუყურებ. სამხედრო სფერო მუდმივად ჩემ თვალწინ იყო, თუმცა, მე-11 კლასამდე ამაზე, როგორც პროფესიაზე, არ მიფიქრია. ვიცოდი, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობდა, მაგრამ ჩემს ოჯახში სამხედრო მოსამსახურე აქამდე არ ყოფილა და არასდროს გამჩენია აზრი, რომ პირველი მე, მით უმეტეს, ქალი, უნდა ვყოფილიყავი, ვინც ოჯახიდან ამ პასუხისმგებლობას აიღებდა.

ერთ დღესაც, ჩემმა მასწავლებელმა, ნინო კლდიაშვილმა, რომელიც ჩემთვის მენტორის ტოლფასია და დღემდე ძალიან ბევრ რამეში მეხმარება, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შესახებ მითხრა და მაშინ სერიოზულად დავფიქრდი. მან იცოდა ჩემი დისციპლინის, მოტივაციის, ფიზიკური მზაობის შესახებ და რადგან მისმა შვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების აკადემია დაამთავრა, შესაბამისი ინფორმაციაც ჰქონდა, რომელიც გამიზიარა. ძალიან დავინტერესდი. მშობლებსაც ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ ეს მიმართულება ჩემთვის შესაფერისი იქნებოდა. მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩვენი ოჯახისთვისაც, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან საჭირო ნაბიჯი იყო.

– მშობლებს, ალბათ, გაუკვირდათ და შეიძლება, ცოტა შიშიც გამოიწვია თქვენმა გადაწყვეტილებამ.

– დიახ, ნამდვილად გაუკვირდათ. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ოჯახში თავისუფლად ვსაუბრობთ პოლიტიკურ მდგომარეობასა თუ არსებულ სამხედრო ვითარებაზე, არასდროს განგვიხილავს ის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ოჯახიდან ვინმე სამხედრო მიმართულებით წავიდოდა. როცა მათ ჩემი სურვილის შესახებ ვუთხარი, ნამდვილად გაუკვირდათ. ცოტა უკან დაიხიეს. არ უთქვამთ, რომ არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი, მხოლოდ ის მითხრეს, მოდი, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ღირს თუ არა ან ნაბიჯის გადადგმაო. მათი მესმის. 16 წლის გოგო ვიყავი, ორი ძმა მყავს, ანუ, მათ ორი ვაჟი ჰყავთ და როდესაც გოგონასგან მოისმინეს ასეთი სურვილი, ბუნებრივია, ეს მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ვუთხარი, რომ მინდოდა ჩამებარებინა აკადემიაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო, ეს კი საქართველოსგან ძალიან შორს არის. ყველაფერი ერთად არ იყო მარტივად აღსაქმელი და მშობლები ძალიან ემოციურად შეხვდნენ ამ ამბავს. თუმცა, შემდეგ ინფორმაცია მოიძიეს, კიდევ დავფიქრდით, არაერთხელ ვისაუბრეთ და როცა დარწმუნდნენ, რომ ეს სურვილი ნამდვილად მქონდა, გვერდით დამიდგნენ. თუმცა, დღემდე უჭირთ იმასთან შეგუება, რომ მათგან ასე შორს ვარ.

– მანამდე სპორტში როგორი მიღწევები გქონდათ?

– საბედნიეროდ, ჩემს სკოლაში არაერთი წრე გვქონდა და მათ შორის იყო კარატეც. დარბაზში რომ შევედი, ბიჭებით იყო სავსე. თავიდანვე ვფიქრობდი, რომ არ არსებობდა გოგოსა და ბიჭის სპორტის სახეობა და მინდოდა ეს საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც დამემტკიცებინა. მშობლებს მაშინვე ვუთხარი, რომ კარატეზე ჩავეწერე. ჩემმა მწვრთნელმა დაინახა, როგორი მოტივირებული ვიყავი და რვა წლიდან, გარდა სკოლისა, ცალკეც მავარჯიშებდა პროფესიონალურად. 12 წელი დავდიოდი კარატეზე. 10 წლიდან კი შეჯიბრებებში ვიღებდი მონაწილეობას. დავიწყე საქართველოს მასშტაბით და შემდეგ იყო ევროპისა და მსოფლიო შეჯიბრებები. ვარ რამდენიმეგზის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი შოტოკან კარატეში. როდესაც ამერიკაში გადმოვედი, დრო აღარ მქონდა, რომ კარატესთვის დამეთმო. აკადემიის დამთავრების შემდეგ, ალბათ, ისევ დავუბრუნდები.

– რატომ აირჩიე მაინცდამაინც ამერიკის საზღვაო აკადემია, რამდენად პრესტიჟული სასწავლებელია?

– ძალიან მაღალი სტატუსის მქონე სასწავლებელია. ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველ ადგილზე ვართ სამეცნიერო საგნების სწავლების დონით. საუკეთესო ოცეულში ვართ ჰუმანიტარული საგნების სწავლების ხარისხით. ყველა ამბობს, რომ თუ ამ საზღვაო ძალების აკადემიიდან ბაკალავრის ხარისხით გამოდიხარ, ესე იგი, ცხოვრებაში კარგი გეზი გაქვს აღებული. მხოლოდ სამხედრო სწავლებას არ ეთმობა ყურადღება, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია. დიდი ყურადღება ექცევა ფიზიკურ მომზადებას. სხვათა შორის, კარატე ძალიან დამეხმარა, კარგი საბაზისო დონე მქონდა, მაგრამ მუდმივი მზადებაა საჭირო.

მიხარია, რომ აქ ორი ქართველი ვართ, ორივე მეოთხე კურსზე და წელს ვამთავრებთ სწავლას, თუმცა, გოგო მხოლოდ მე ვარ (იცინის).

– უკრაინაში გაიზარდეთ…

– უკრაინაში დავიბადე. მთელი ჩემი ოჯახით იქ ვცხოვრობდი. დედა უკრაინაშია დაბადებული, ნახევრად ქართველია. მამა 16 წლიდან უკრაინაში ცხოვრობდა. დედის მხრიდან მთელი სანათესავო უკრაინაში გვყავდა. საქართველოში 2008 წელს ჩამოვედით მამის მხრიდან ოჯახის წევრებისა და ნათესავების სანახავად. მაშინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი და ჩემს მშობლებს სერიოზული საუბარი ჰქონდა ბაბუასთან. ბაბუამ თქვა, რომ ქართული გვარი გვაქვს, ქართველები ვართ, ქართული უნდა ვიცოდეთ, საქართველოში უნდა ვიცხოვროთ, აქ უამრავი ნათესავი გვყავს და არ შეიძლება, აქაურობის მიტოვება. ჩემი მშობლებიც დაეთანხმნენ და გადაწყვიტეს, რომ დავრჩენილიყავით. ამაზე ომმა იქონია დიდი გავლენა. მაშინ ექვსი წლის ვიყავი და ძალიან მძაფრად დამამახსოვრდა ფანჯრიდან როგორ ვხედავდი თვითმფრინავებს.

რაც შეეხება უკრაინა-რუსეთის ურთიერთობას, დაძაბულობა 2014 წელს დაიწყო. ომის დაწყების დროს კი უკვე ამერიკაში ვიყავი და ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გააზრება. ამ ყველაფრის გამო ჩემი პროფესიის მიმართ კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ახლა ეს საქმე კიდევ უფრო საჭიროდ და მნიშვნელოვნად მიმაჩნია. იყო სამხედრო, არ ნიშნავს ფოკუსირებას მხოლოდ საკუთარ კარიერაზე. ჩვენ აქ გვასწავლიან, რომ შენი პრიორიტეტი შენი მისიაა, ანუ შენი ქვეყანა, შემდეგ შენი გემი, ანუ, ოჯახი და ახლობლები და მხოლოდ მესამე ადგილზე დგას შენი საკუთარი თავი.