“49 წლის ასაკში ცხოვრება თავიდან დავიწყე, ყველაფერი წინაა” – ნანა ნებიერიძის ცხოვრების გზა

534

ნანა ნებიერიძემ 49 წლის ასაკში ცხოვრება ისევ თავიდან დაიწყო. დედის გარდაცვალებამ ის ბევრ რამეზე დააფიქრა, მიახვედრა და ცხოვრება სხვა თვალით დაანახვა. მართალია, პირადში ჯერ არ გაუმართლა, მაგრამ ზუსტად იცის, რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდება მამაკაცი – მისი მეორე ნახევარი, რომელთანაც მძლავრი ენერგეტიკული კავშირი ექნება.

ნანა ნებიერიძე: ჩემი ცხოვრების გზა ცრემლიანი სიხარულითა და მტკივნეული ცრემლებით იყო სავსე. საკმაოდ საინტერესო და რთული გზა გამოვიარე, თავისი ტკივილებითა და სიხარულებით. ყველაზე დიდი ტკივილი დედის გარდაცვალება იყო. არაფერი დამიკლია, არც ფინანსურად და არც ფიზიკურად, მაგრამ უკვე ერთი წელია, ჩემ გვერდით აღარ არის. ეს ფიზიკურად, თორემ მის არსებობას სულ ვგრძნობ. დედა ჩემი ბოლო ტკივილი იყო. მისი იმქვეყნად წასვლით, ჩემთვის ჩემი ბავშვობა დასრულდა. აღარ ვარ ბავშვი, აღარ ვარ შვილი, დავრჩი მარტო. შვილი, შვილიშვილი, მეზობლები და მეგობრები კი მყავს, მაგრამ დედის სუნთქვის მოსმენა სხვა განცდა და სიხარულია. ბოლო წლებში, როცა დედა ავად იყო, ჩვენი პოზიცია შეიცვალა – მე ვიყავი დედა და დედაჩემი – შვილი. თუმცა, ფსიქოლოგიურად, მაინც ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი და ვგრძნობდი, რომ შვილი ვარ, მშობელი მყავდა გვერდით და დედის სითბოს შევიგრძნობდი. იმ წამს კი, როცა დედამ სუნთქვა შეწყვიტა და თვალები დახუჭა, მივხვდი, რომ მარტო ვარ და გავიზარდე. დედის სუნთქვა და შემოხედვა მაძლევდა სტიმულს, ცხოვრების ხალისს, მაძლიერებდა და როგორც კი სუნთქვა შეწყვიტა, მივხვდი, მე ვარ ჩემი თავის პატრონი, მე ვარ ძლიერი ქალი, არა ბავშვი და არა გოგო.