ვინ არის ქართველი ქალი რომელიც გარდაცვლილი, ცნობილი ბერძენი მსახიობის მემკვიდრეთა სიაში აღმოჩნდა

574

ქართველი დიასახლისის ლამარა ლომთაძის და ბერძენი ვარსკვლავის მერი ხრონოპულოას ურთიერთობაზე ბერძნული მედია საუბარს არ წყვეტს.

მათი ისტორია 2001 წელს დაიწყო, როდესაც არტისტმა საბერძნეთში მყოფი ქართველი ქალი დიასახლისად აარჩია. თითქმის 20 წელი ლამარა ლომთაძე ცნობილ მსახიობს ერთგულად ემსახურებოდა. ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა.

განშორება უჭირდა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ლამარა ლომთაძე ვარსკვლავს დაემშვიდობა და საქართველოში დაბრუნდა. 2 წლის შემდეგ, მერი ხრონოპულო გარდაიცვალა. ცნობილი მსახიობის მემკვიდრეთა სიაში ქართველი დამხმარეც აღმოჩნდა.

ამ ისტორიას არაერთი სატელევიზიო ეთერი მიეძღვნა. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერი ხრონოპულომ ქართველ მომვლელს ერთ-ერთი სახლი და თანხა დაუტოვა.

“კურიერი P.S- მა” ლამარა ლომთაძე მოძებნა, მან შეხვედრაზე უარი გვითხრა, სატელეფონო საუბრისას კი განმარტა, რომ მემკვიდრეთა ნუსხაში არის, თუმცა მსახიობმა მხოლოდ თანხა უანდერძა, რომელიც ჯერ არ მიუღია. ლამარა ლომთაძეს ბერძენ ვარსკვლავთან კავშირი არც საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაუწყვეტია.

ბერძენი კინოვარსკვლავი მერი ხრონოპულო, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. 60-იან წლებში ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გამორჩეულ მსახიობად ითვლებოდა, რომელმაც ბერძნული კინემატოგრაფიის ოქროს ხანაში დიდ წარმატებას მიაღწია, ასრულებდა დრამატულ როლებს და მონაწილეობდა ცნობილ მიუზიკლებში. იყო კინოს საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტულის და კრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდოს მფლობელი.
მერი ხრონოპულომ მის საკუთრებაში არსებული 2 სახლი ბავშვთა სახლს დაუტოვა. ბერძნული წყაროების ინფორმაციით, ასობით ათას ევროდ არის შეფასებული მისი მოძრავი ქონებაც. ანდერძის დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა მისი შინაარსი მემკვიდრეებისთვის უკვე ცნობილია.