“30 წელზე მეტია რაც წყნეთში ვართ, 1997 წელს დედაჩემი ამ ეზოდან არის გასვენებული, ამიტომ ეგ თქვენი ბინძური კამპანია უპასუხოდ არ დაგრჩებათ” (ვიდეო)
„თუ რამე ქონება გამაჩნია, ყველაფერი ჩემი შრომით მაქვს მოპოვებული. დეკლარაციაში რაც არის შეტანილი ყველაფერი იქამდე მქონდა, სანამ დეპუტატი გავხდებოდი და დეპუტატობის შემდეგ ჩემი ქონება კიდევ უფრო შემცირდა”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ დეპუტატი დავით კაჭარავა მის შესახებ ინფორმაციას და სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა.
როგორც დავით კაჭარავა აღნიშნავს, არაფერი დამალული არ არის, არც არასდროს ყოფილა. არსებობს ვებგვერდი, სადაც ყველაფერი ღიად არის ნაჩვენები და დეკლარაციაშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ყველაფერი მარტივად ნახოს.
„ჩემი ოჯახის ერთი მხარე, დედის მხარე არიან წყნეთელები. აქ დაიბადნენ, სკოლა აქ დაამთავრეს, აქ იყო დედაჩემი მასწავლებელი. ნათესავებიც ბევრი გვყავს და წყნეთი პატარაა და ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. აქედან გამომდინარე, წყნეთში თითოეულმა ადამიანმა კარგად იცის რა ხდება, საიდან მაქვს ეს ყველაფერი და ა.შ.
ჩემი სახლიდან მარჯვნივ, 100 მეტრში, ბატონი ვატო წერეთელი თავისი სახლით არის წარმოდგენილი, აქ ცხოვრობს და მეორე მხარეს, ბატონი ხაზარაძე ცხოვრობს. ხაზარაძე ისე ვერ მივა თავის სახლში, ჩემი სახლის წინ რომ არ გაიაროს და მან ძალიან კარგად იცის. 30 წელზე მეტია რაც აქ ვართ, 1997 წელს დედაჩემი ამ ეზოდან არის გასვენებული. ამიტომ, ეგ თქვენი ბინძური კამპანია უპასუხოდ არ დაგრჩებათ.
მამუკა, შენც ძალიან კარგად იცი ყველაფერი ვინ, როგორ მუშაობს, რამდენი ხანია ამ ყველაფერს ვაკეთებ,” – აცხადებს დავით კაჭარავა.