რას წერდა “ნიუ-იორკ თაიმსი“ მარიამ უგრეხელიძეზე და როგორ განსაზღვრა ირმა ნიორაძემ მისი მომავალი

211

მარიამ უგრეხელიძემ ბალერინობა ძალიან პატარა ასაკში გადაწყვიტა, რაც ოჯახიდან გამომდინარე, ბუნებრივად მოხდა. საქართველოს ფარგლებს გარეთ უმნიშვნელოვანეს წარმატებებს მიაღწია და 21-წლიანი კარიერის შემდეგ გადაწყვიტა, საქართველოში დაბრუნებულიყო, რომ უცხოეთში მიღებული გამოცდილება სამშობლოში გამოეყენებინა.

– მარიამ, როგორ შეიქმნა ქართული საბალეტო კამერული დასი?

– ქართული საბალეტო კამერული დასი მე და დედამ, მადონა ნიორაძემ, 2021 წლის ივნისში თბილისში ჩამოვაყალიბეთ. ქართულ საბალეტო ხელოვნების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მცირე საბალეტო დასი წარმატებულად ჩამოყალიბდა და მუშაობს. 2021 წელს ჩვენ მოვიძიეთ კადრები – თბილისისა და ბათუმის საბალეტო სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვერ მოხვდნენ. ყოველ წელს 20-მდე მოსწავლე ამთავრებს საბალეტო სკოლებს და აქედან ყველა ვერ ხვდება ოპერისა და ბალეტის თეატრში. სწორედ ამ კადრებისთვის შევქმენით ეს დასი, რათა მათ შეძლონ თავიანთ საყვარელ პროფესიაში განვითარება და საკუთარი თავის რეალიზება, რადგანაც დიდი ტრაგედიაა, როდესაც 8 წელი სწავლობ და შემდეგ საყვარელ სფეროში მუშაობას ვერ აგრძელებ.

– რამდენად წარმატებული აღმოჩნდა თქვენი პროგრამა?

– მე და დედა უკვე მესამე წელია, რაც საქართველოში გადმოვედით და შევქმენით ეს არაჩვეულებრივი საბალეტო დასი, რომელიც ძალიან დიდი წარმატებით ვითარდება და მიიწევს წინ. ამ ეტაპზე უკვე მესამე სპექტაკლზე ვმუშაობ. 2021 წელს 4 თვეში ჩამოვაყალიბეთ და დავდგით საბალეტო გალა-კონცერტი. შემდეგ კი, 2022 წელს, დავდგით ორმოქმედებიანი ბალეტი „კონკია,“ სერგეი პროკოფიევის მუსიკაზე. ეს ბალეტი უკვე მეორე წელია, დიდი წარმატებით გადის გრიბოედოვის თეატრში და ყოველთვის სრული ანშლაგით ტარდება. გრიბოედოვის თეატრში ჩვენ ყოველ თვე დიდი წარმატებით ვატარებთ სპექტაკლებს. ჩვენმა ბალეტებმა მაყურებლის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით პატარებს მოსწონთ და უხარიათ ჩვენი სპექტაკლების ნახვა.

– ახლაც განსაკუთრებული სპექტაკლი წარუდგინეთ მაყურებელს…

– 2024 წლის იანვარში გამოვუშვით, ასევე, ორმოქმედებიანი ბალეტი „მაკნატუნა“, პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკაზე. ძალიან მასშტაბური ბალეტია და ამ სპექტაკლში ჩვენი სკოლის პირველი კლასის აღსაზრდელებიც მონაწილეობენ. მე და დედამ წელს საბალეტო სკოლაც გავხსენით და დასისთვის ჩვენს კადრებსაც ვზრდით. ამ ეტაპზე დასში 50-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული.

– დედა რა როლს ასრულებს ამ პროცესში და როგორია დედა-შვილის ტანდემი?

– დედა და მამა ყველანაირად მიდგანან გვერდში და ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს. დედა ადმინისტრაციულ და ტექნიკურ მხარეს აგვარებს, ასევე, არის კოსტიუმების მხატვარი. ერთად ვმართავთ თეატრს და ვუმკლავდებით სირთულეებს. ძალიან რთულია, როდესაც მხოლოდ შენი ძალებით, ფინანსებით გიწევს ყველაფრის კეთება, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ვართმევთ თავს.

– წლებია, ამ სამყაროში ხართ, თუმცა ბოლო პერიოდში ახალი ამპლუა მოირგეთ. რა შეცვალა ამან თქვენს ცხოვრებაში?

– 2020 წელს ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა: პეტერბურგში 21-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნება გადავწყვიტე. თუმცა ახლაც ვაგრძელებ სწავლას აგრიპინა ვაგანოვას აკადემიაში საბალეტმეისტერო-სარეჟისორო ფაკულტეტზე. დროის მხრივ, ძალიან გადატვირთული და დაკავებული ვარ, ისევე როგორც პეტერბურგში. ახლა უკვე არა მარტო ბალეტის მსახიობი, არამედ ბალეტმაისტერი და პედაგოგიც ვარ, ვმართავ თეატრს – ეს ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა. დღის პირველ ნახევარში დაკავებული ვარ ორგანიზაციული საკითხებით, დღის მეორე ნახევარში სარეპეტიციო დარბაზში ვიმყოფები და სახლში ღამის 11 საათზე ვბრუნდები. სამსახურის შემდეგ, სახლშიც, ან ბალეტზე ვმუშაობ ან ვმეცადინეობ.

– დედა ვახსენეთ, მინდა, ზოგადად, თქვენი ვარსკვლავური ოჯახის შესახებ შევახსენოთ ჩვენს მკითხველს – ვინ არიან და რა გავლენა მოახდინეს თქვენს აღზრდასა და ხელოვანად ჩამოყალიბებაზე?

– ბედნიერი ვარ, რომ ნიორაძეების ოჯახის ერთ-ერთი წევრი ვარ. ჩემი დეიდა, როგორც იცით, ბალეტის მეგავარსკვლავი, მსოფლიოში აღიარებული პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძეა. მეორე დეიდა მსოფლიო მეცო სოპრანო მზია ნიორაძე გახლავთ. ქეთევან პაპავა ყველამ იცით – ჩემი დეიდაშვილი გახლავთ, ვენის შტაც-ოპერის პრიმა ბალერინა. ახლახან ტრიუმფით ჩაიარა ქეთის საპრემიერო სპექტაკლებმა. ქეთიმ მარგარიტა გოტიეს პარტია შეასრულა ჯონ ნოემაიერის ბალეტში – „ქალი კამელიებით“. ჩემი კიდევ ერთი დეიდა და დედა იყვნენ ლეგენდარული ვახტანგ ჭაბუკიანის მოსწავლეები და ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სოლისტები. პატარაობიდან თეატრში ვიზრდებოდი. ზეპირად ვიცოდი თეატრის რეპერტუარი, ყველა ოპერა და ბალეტი. როდესაც 10 წლის გავხდი, დეიდების, ირმასა და მზიას, დიდი დახმარებით დედამ პეტერბურგში წამიყვანა სასწავლებლად. გავიზარდე ჩემი უნიკალური დეიდის ბალეტებზე. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს გაზრდასა და ჩამოყალიბებაში. მადლიერი ვარ მისი, რომ ყველანაირად დამეხმარა და გვერდში დამიდგა.

– ბავშვობა გავიხსენოთ, როგორ აირჩიეთ პროფესია?

– 5 წლის ვიყავი, პუანტებზე რომ დავდექი. როგორც ვთქვი, დედა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო.

12 წლის განმავლობაში და სკოლის შემდეგ უმეტეს დროს თეატრში ვატარებდი. ვესწრებოდი ბალეტის გაკვეთილებს, რეპეტიციებს, სპექტაკლებს, პატარაობიდანვე შემიყვარდა საბალეტო ხელოვნება.

– ისევ და ისევ ოჯახიდან გამომდინარე, თქვენგან განსაკუთრებულად ბევრს არ ითხოვდნენ?

– ყოველთვის ვიყავი და ვარ მაქსიმალისტი, 10 წლიდან ძალიან ბევრს ვსწავლობდი ვაგანოვას აკადემიაში, ასევე, ბევრს ვმუშაობდი ჩემს თავზე. ძალიან მენატრებოდა საქართველო, ნათესავები, მეგობრები. ვიაზრებდი, თუ რა შორს ვიყავი სამშობლოდან, რამხელა მსხვერპლი გაიღო დედამ ჩემ გამო და უბრალოდ, არ შემეძლო, საუკეთესოთა შორის არ ვყოფილიყავი.

– სანკტ-პეტერბურგის მიხაილოვის თეატრის სოლისტი იყავით, ვაგანოვას აკადემია გაქვთ დამთავრებული, რაც ყველა ბალერინისთვის საოცნებოა. როგორ გახსენდებათ ის პერიოდი, თავის წარმატებებითა თუ სირთულეებით?

– ვაგანოვას აკადემიაში რთული წლები გამოვიარე. ძალიან მკაცრი სწავლება იყო და ურთულესი პროგრამა. ყოველ წელს რიცხავდნენ მოსწავლეებს და ასე გრძელდებოდა 8 წელი. ბოლოს 20 მოსწავლადან 7 დავრჩით და აქედან მხოლოდ რამდენიმე მოვხვდით საუკეთესო თეატრებში. 2009 წელს სოლისტად მიმიღეს მიხაილოვის თეატრში, სადაც 12 წელი ვიმუშავე უდიდეს ბალეტმეისტერებთან და პედაგოგებთან, როგორებიც არიან: მიხაილ მესერერი, ნაჩო დუატო, ფარუხ რუზიმატოვი. დიდი წარმატებით გამოვდიოდი სპექტაკლებში და მოვლილი გვაქვს მსოფლიოს დიდი სცენები.

– ყველაზე საამაყოდ, თქვენი რომელი მიღწევები გახსენდებათ?

– ვიცეკვე ბევრი სოლო პარტია და რამდენიმე წამყვანი პარტია. 2019 წელს მიმიწვიეს ბალეტის ვარსკვლავთა გალა-კონცერტზე, რომელიც პეტერბურგში, ალექსანდროვის თეატრში ჩატარდა. ასევე, მახსენდება გასტროლები, როდესაც ჩვენს თეატრზე იბეჭდებოდა რეცენზიები – New York times, Los Angeles times, The Guardian თუ სხვა ჟურნალები ყოველთვის აღფრთოვანებით წერდნენ ჩემზე.

– რამდენად რთულია, ამ სფეროში წარმატებული იყო?

– პეტერბურგში, საბალეტო სფეროში უდიდესი კონკურენციაა, ტიტანური შრომა უნდა ჩადო, რომ სოლისტი გახდე იქ, სადაც მთელს პლანეტაზე საუკეთესო, N1 საბალეტო სკოლა და თეატრებია.

– საქართველოში დაბრუნება როგორ გადაწყვიტეთ?

– 2020 წელს, ერთ დღესაც, 21 წლის შემდეგ, ისე აეწყო მოვლენები, რომ მე და დედამ საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტეთ. ახლა აქ ვარ, მადლობა ღმერთს, რომ დამაბრუნა სახლში და ყველაფრისთვის. 21 წლის განმავლობაში უდიდესი ცოდნა და გამოცდილება შევიძინე, რომელსაც ახლა ნიჭიერ ბალერინებს ვუზიარებ და ვემსახურები სამშობლოს.

– რა შეგიძლიათ მოგვიყვეთ თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ?

– ჩემი პირადი ცხოვრება ბალეტის ჯადოსნური სამყაროა (იცინის).