მსახიობი კაწიუშა მახარობლიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბევრი წლის წინ მოექცა. ის ცნობილი მსახიობის ალეკო მახარობლიშვილის შვილი გახლავთ. დედაც მსახიობი ჰყავს და ბუნებრივია, რომ თავადაც ეს პროფესია აირჩია.
ეკატერინე მახარობლიშვილი: მოგეხსენებათ, მსახიობების შვილი ვარ. ჩემი მშობლები მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობდნენ და ფაქტობრივად, ამ თეატრში გავიზარდე. როცა ბებიასთან ვერ მტოვებდნენ, თეატრში მივყავდი და მთელ დღეს იქ ვატარებდი, ხან სცენაზე, ხან პარტერში – ბატონი შალვა გაწერილიას გვერდით. ხან გარდერობში, ხან სად, ხან სად. ბუნებრივია, რომ ამ გარემოში მეც გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი.
ოთხი წლის ვიყავი, როდესაც თამარ მესხმა არჩილ სულაკაურის პიესა „ცისფერი ირემი“ დადგა, სადაც მთავარი როლი მომცა და პარტნიორობას ცნობილ მსახიობებს ვუწევდი. მახსოვს, ერთხელ, 39 მქონდა სიცხე, ძალიან ცუდად ვიყავი, არადა, იმ დღეს სპექტაკლი უნდა მეთამაშა. დედამ თქვა, თეატრში დავრეკავ და ვეტყვი, რომ მოხსნან დღევანდელი სპექტაკლიო. ეს რომ გავიგე, მაშინვე ფეხზე წამოვხტი, არ არსებობს, არ მოახსნევინოთ სპექტაკლი, წამოვალ და ვითამაშებ-მეთქი. წავედი და მართლა ვითამაშე. ჩემი მშობლებისგან გამომდინარე, გონებაში მქონდა გამჯდარი, რომ თუ ცოცხალი ხარ, სპექტაკლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააცდინო. ოთხი წლის ასაკში უკვე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.
– მშობლები როგორ შეხვდნენ პროფესიასთან დაკავშირებულ თქვენს გადაწყვეტილებას, მსახიობ მშობლებს ეს დიდად არ ახარებთ ხოლმე.
– მამაჩემს ვეცოდებოდი ამ პროფესიისთვის. ეს პროფესია მართლა ძალიან რთული და დაუფასებელია, საქართველოში – მით უმეტეს, გულისტკენებთანაც არის დაკავშირებული და მსახიობს არ უნდა მისი შვილიც მსახიობი გახდეს, მაგრამ მგონი, დაბადების მომენტიდან გადაწყვეტილი იყო ეს ამბავი და ყველაფერი თავისთავად მოხდა. აქედან გამომდინარე, არცერთი არ შემწინააღმდეგებია.
– მსახიობი მშობლები რამდენად კრიტიკულები არიან ამავე პროფესიის შვილის მიმართ?
– ძალიან კრიტიკულები და მომთხოვნები არიან. ჩემგან ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვენ. მხოლოდ ისინი არა, მეც მაქსიმუმს მოვითხოვ ჩემი თავისგან. ის, რომ მათი შვილი ვარ, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს.
– მუშაობის პროცესში თუ გეხმარებიან, რჩევებს თუ გაძლევენ?
– არა, ამაში არ ერევიან. სტუდენტობის დროს მითქვამს მამასთვის, დამეხმარე როლის მომზადებაში-მეთქი, რჩევები მითხოვია, მაგრამ მაშინ მითხრა, შენ ისეთი პედაგოგი გყავს, ჩემი დახმარება არ გჭირდება, მას დაუჯერეო. ხანდახან ქასთინგზე რომ მივდივარ, მაშინ იცის რჩევების მოცემა. მე ვეწინააღმდეგები და ვჩხუბობთ ხოლმე. რამდენჯერმე მოხდა ასე და მას შემდეგ საერთოდ არ ვუმხელ, ქასთინგზე რომ მივდივარ, (იცინის). სანამ როლზე არ დამამტკიცებენ და გადამიღებენ, მანამდე არ ვეუბნები მშობლებს, ზოგჯერ პირდაპირ ტელევიზორში ნახულობენ შედეგს (იცინის).
– ბატონი ალეკო როგორია მამის ამპლუაში?
– ძალიან თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველი. ყველაფერი ძალიან ახლოს მიაქვს გულთან და მერე ნერვები ეშლება (იცინის). ხანდახან ვერ თოკავს ემოციებს და ვჩხუბობთ კიდეც (იცინის). ყველა საკითხზე შეგვიძლია, ვიკამათოთ და ძალიან ბევრს ვჩხუბობთ. ორივეს ფეთქებადი და ხისტი ხასიათი გვაქვს, „ვერძები“ ვართ და ამას ვაბრალებთ, მაგრამ იმავდროულად, ძალიან მზრუნველია. როცა არ უნდა დავურეკო, მაშინვე ჩემთან გაჩნდება და ყველანაირად დამეხმარება. მასზე ცუდი მართლა არავისგან გამიგია. მგონი, ცხოვრებაში არავისთვის უწყენინებია და ძალიან მიხარია, რომ ასეთი მამა მყავს. ძალიან ბევრი სტუდენტი ჰყავს, რომლებიც გიჟდებიან მასზე. ძალიან მეამაყება, რომ ასეთი წესიერი, პატიოსანი და ნიჭიერი მამა მყავს.
– მამის ფაქტორიდან გამომდინარე თუ გაფასებენ, გადარებენ მას?
– კი, მამაჩემისთვის ხშირად უთქვამთ, შენი შვილი გჯობსო (იცინის). ჩემს ჯგუფელებს ისიც კი უთქვამთ, შენ მამაშენის ხათრით მიგიღეს თეატრალურშიო. ეს ძალიან მტკენდა გულს და ვტიროდი ხოლმე. დროთა განმავლობაში ეჩვევი და ეგუები მსგავს მომენტებს. მე ყოველთვის ჩემს გზაზე მივდიოდი, რომელსაც თვითონ ვიკვლევდი. ხანდახან პირიქითაც მომხდარა, მე ვყოფილვარ რომელიმე სერიალში და მერე ჩემი ხათრით მოუყვანიათ მამა (იცინის). შეიძლება, არის რაღაცები, რის გამოც მე შეღავათები მაქვს ზუსტად ჩემი მშობლების გამო, მაგრამ რადგან ეს მთელი ცხოვრებაა ასე, ბუნებრივი მგონია. რაღაც მომენტებში დამიფიქსირებია კიდეც, რომ მამაჩემის მსახიობობასა და პოპულარობას დიდი როლი მიუძღოდა და ეს, ალბათ, დამხმარებია. თუმცა, მე ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი დამოუკიდებლად გავაკეთო. ჩემმა მშობლებმაც ამ აზრით აღმზარდეს. ყოველთვის მაჩვევდნენ, რომ ყველაფრისთვის ჩემით უნდა მიმეღწია და სულ იმას მეუბნებოდნენ, რასაც არ უნდა მიაღწიო, არ უნდა დაიჯერო, რომ მაგარი ხარ და გზა წინ უნდა გააგრძელოო.
– სიყვარულის ამბებიც მოვყვეთ. დავიწყოთ ბავშვობიდან…
– ო, ამისთვის დიდი დრო დაგვჭირდება თუ ბავშვობიდან დავიწყებთ (იცინის). სამი წლის ვიყავი, მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლ „კუკარაჩაში“ ერთი ბიჭი მომეწონა და იქიდან მოყოლებული სულ „ლავსთორებში“ ვარ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ ისევ არ მაქვს მიღებული. ასეთი ხასიათი მაქვს – ან ყველაფერი, ან არაფერი. დათმობებზე ვერ მივდივარ, მით უმეტეს ამ საკითხში და ჯერჯერობით თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი არ გამოჩენილა. თუ ასეთი არ გამოჩნდა, მირჩევნია, რომ არავინ მყავდეს.
არაერთხელ შემყვარებია. დიდი და თავგანწირული, მრავალწლიანი სიყვარულიც მქონია, მაგრამ ჯერჯერობით სერიოზული ნაბიჯი არ გადამიდგამს. თუმცა, ვისთანაც ურთიერთობა მქონია, დღემდე მეგობრობა მაკავშირებს.
– სერიალების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და პოპულარობა შენც ზუსტად ამან მოგიტანა…
– პოპულარობა სერიალმა „ჩვენი ოფისი“ მოიტანა, რომელსაც „ფორმულა კრეატივი“ იღებდა. ამ სერიალმა მართლა დიდი პოპულარობა მომიტანა. 2008-2009 წლებში ვიღებდით და ბავშვები, რომლებიც მაშინ დაბადებულებიც არ უნდა ყოფილიყვნენ, დღეს ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან, თუ როგორ ვუყვარვარ. ეს ძალიან მიხარია.