რით არ ჰგავს ნუკა კვალიაშვილი სხვა გოგონებს და რატომ არის შეუძლებელი მისი “ყიდვა“

201

როგორია ნუკა კვალიაშვილის დამოკიდებულება ფულთან, როგორ ცდილობს, რომ ფინანსურად დამოუკიდებელი იყოს და რაში უყვარს თანხის დახარჯვა და რაში არა, ამას მისგან შევიტყობთ.

– ნუკა, როგორი დამოკიდებულება გაქვს ფულთან, რას ნიშნავს ის შენთვის?

– მგონი, ყველაზე არამატერიალისტი ადამიანი ვარ დედამიწაზე. ფულის მნიშვნელობა ჩემთვის მხოლოდ ბავშვებისა და ჩემი ოჯახის კეთილდღეობასთან ასოცირდება. ფული ნიშნავს, ჩემი შვილები იყვნენ უზრუნველყოფილნი და სანამ თვითონ ექნებათ შემოსავალი, ჰქონდეთ ის ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ. სხვა დანარჩენი, რაც ფულით შექმნილ ფუფუნებას შეეხება, ჩემთვის ნულის ტოლია. ამიტომ ვამბობ ყოველთვის, რომ ფულით ვერასოდეს ვერავინ მიყიდის, რადგან მართლა ძალიან არამატერიალისტი ვარ.

– გახსოვს პირველი სამსახური, შემოსავალი და ისიც, თუ რაში დახარჯე?

– რა თქმა უნდა, მახსოვს, მაგრამ რამდენი გამოვიმუშავე, ამის საჯაროდ განხილვას არ ვაპირებ. დავხარჯე პროდუქტებში, ვიყიდე ტელეფონი, რადგან ჩემი გამიტყდა. ასევე, ვიყიდე ახალი ლეპტოპი, რადგან ჩემს საქმეს სჭირდებოდა. რაც დამრჩა, ყოველდღიურობაში იხარჯებოდა ისე, როგორც ყველა სხვა ადამიანთან – კომუნალური, კვება, ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებული ხარჯები და ასე შემდეგ.

– რა ასაკში გახდი ფინანსურად დამოუკიდებელი?

– ჩემი პროფესიიდან ყოველთვის მქონდა შემოსავალი. 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც ეკრანზე „საქართველოს ვარსკვლავში“ გამოვჩნდი, დაიწყო ღია კონცერტები, დახურული საღამოები თუ კორპორაციულები.

– საერთოდ, ყოველთვის ახერხებ, რომ ფინანსურად დამოუკიდებელი იყო?

– ყოველთვის ვცდილობ, ფინანსურად დამოუკიდებელი ვიყო და ძირითადად, 99 პროცენტით, ვარ კიდეც, მაგრამ მქონია, ჩავარდნებიც. მაგალითად, როდესაც კოვიდის პერიოდი იყო და ყველაფერი გაჩერდა, სანამ სამსახურს ვეძებდი, ის პერიოდიც რთულად გავიარე, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ჩემ გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჭირში უფრო მეტად არიან ჩემ გვერდით, ვიდრე ლხინში და მადლობა მათ. მე ყველას სიკეთე კარგად მახსოვს და არასოდეს დავივიწყებ.

– კარგად გამოგდის შემოსავლის თვიდან თვემდე სწორად გადანაწილება?

– გეგმური ფურცელი არასოდეს მაქვს გაწერილი, არავინ ვიცით, როდის რა გვჭირდება, შესაბამისად, ხან ისეა, ხან ასე. ყოველ შემთხვევაში, მე ვცდილობ, თავდაუზოგავად ვმუშაობ და შემოსავალი ყოველთვის მაქვს.

– რაში ხარჯავ თანხას სიამოვნებით?

– პირველ რიგში, მიყვარს, ჩემი შვილებისთვის რომ ვყიდულობ სათამაშოებს, ტანისამოსს და იმ ყველაფერს, რაც უყვართ. ასევე, ძალიან მიყვარს მინიმალისტური, ელემენტარული დეკორაციები, რითაც ჩემს სახლს უფრო მეტ კომფორტს ვძენ. რაც მიყვარს, არის ხარისხიანი ტექნიკა და თუ იმდენი ფული მაქვს, რომ შემიძლია, რაღაც ერთ-ერთი სურვილი ავისრულო, თავს ვაძლევ უფლებას და ვყიდულობ ტელეფონს, ან ყურსასმენს, ან ლეპტოპს, ან მიკროფონს, გააჩნია, რა ხასიათზე ვარ. ძირითადად, თუ ჩემთვის დამიხარჯავს ფული, არის ტექნიკა, მაგრამ ესეც – იშვიათად.

– რაში არ გიყვარს ფულის დახარჯვა?

– უაზრო, ბრენდირებულ ძვირიან ნივთებში (გარდა ტექნიკის) – „პრადას“ ჩანთა და „გუჩის“ წინდები, რომლებიც 2024 წლის მოდელია, ნამდვილად არ მიზიდავს. ასევე, არ მიყვარს ძვირიანი კოსმეტოლოგიური საშუალებები – ერთი სახის საწმენდი რომ 200 ლარი ღირს. შემოსავალს არ ვხარჯავ ნებისმიერ „ნახე, მე რა მიკეთია და რა მაცვია ან მისვია“ საშუალებებში.

– რამის შეძენის შემდეგ გიფიქრია, რომ „ფული გადაყარე“?

– კი, იმ შემთხვევაში თუ შემომატყდა ან ბავშვმა გამიფუჭა ან, უბრალოდ, მივხვდი, რომ ვერ გამოვიყენე ან გამოვიყენე და ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი.

– ტანსაცმელი, აქსესუარები, თავის მოვლის საშუალებები და კიდევ ბევრი რამაა, რაშიც გოგონებს თანხის დაზოგვა უჭირთ. შენთვის რა არის ასეთი?

– ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მე არ შევდივარ „მატერიალისტი გოგონების“ ჯგუფში, რომლებიც გადართულნი არიან მიწიერ ნივთებზე და მოთხოვნილება აქვთ, ყოველთვის ვიღაცას რაღაც უმტკიცონ. არ ვინტერესდები მსგავსი თემებით, აქსესუარი „პირსინგები“ მაქვს მთელ სახეზე და რაც გავიკეთე, იმის შემდეგ არც შემიცვლია. თითოში 1 ლარი გადავიხადე, არც ვერცხლია არც ოქრო. სახეზე არასოდეს გამიკეთებია რაიმე პროცედურა, ვიყენებ კორეულ იდეალურ საშუალებებს, რომლის ფასიც 12 ლარია. უმაკიაჟოდ როცა დავდივარ, დღემდე ყველას პატარა ბავშვი ვგონივარ. მაკიაჟს მხოლოდ მაშინ ვიყენებ, თუ სცენაზე გავდივარ ან რაიმე შეხვედრა მაქვს. მოკლედ რომ ვთქვა, არ მაქვს ისეთი გატაცებები, რაც სხვა გოგონებს და ქალებს აქვთ.

– ოდესმე რამე მოგიგია?

– აზარტული თამაშები ჩემგან ისე შორს არის, როგორც ათეისტისგან ღმერთი, თუ ეს იგულისხმება, პირადად მე შეხებაც არ მქონია. 2015 წელს, როდესაც პროექტ „ერთი ერთში“, ფინალისტთა შორის მეოთხე ადგილზე გავედი, მოვიგე 10 000 ლარი, 18-იანი დაბეგვრით, ანუ 8 000 (იცინის).

– თანხა დაგიკარგავს?

– ერთადერთი, რაც დამიკარგავს არის ნაჩუქარი ტელეფონი და 5 დოლარად გამოწერილი სათვალე. ფული არასოდეს დამიკარგავს.

– ვალი. როგორი დამოკიდებულება გაქვს მის მიმართ?

– ყოველთვის ვაბრუნებ, შეიძლება, რამდენიმე დღე გადამიცდეს და ამის შესახებ აუცილებლად ვაფრთხილებ. ეს ადამიანური მომენტია, როდესაც გეხმარებიან, ელემენტარული პატივისცემა უნდა გქონდეს იმ ადამიანის და საქმის კურსში ჩააყენო. ისე ვაბრუნებ, რომ ჩემ გარშემო არავის აქვს შიში, როდესაც დახმარებას ვთხოვ, იციან, რომ დავაბრუნებ.

– თვითონ ხშირად გთხოვენ ფულის სესხებას?

– მე არასოდეს არავინ მთხოვს ფულის სესხებას, იმიტომ რომ არავის ვაყენებ საქმის კურსში, რა შემოსავალი მაქვს. ეს ჩემი და ჩემი ოჯახის საქმეა.

– როგორ ფიქრობ, ფული ადამიანებს ცვლის?

– ბევრს ვიცნობ, რომ შეიცვალა, მაგრამ ისეთებსაც ვიცნობ, რომ ძვრა ვერ უყო. ვერც იფიქრებ, რომ შეიძლება, ძალიან ბევრი ფული ჰქონდეს, რადგან ადამიანობა არ დაჰკარგვია და არ შეცვლილა.