რატომ ვერ გაბედა შვილის გაჩენა ახალგაზრდობაში ცუცა კაპანაძემ და ვინ აჩუქა მას ბინა საქართველოში

204

ყველასთვის საყვარელი, პოზიტიური და ნიჭიერი ცუცა კაპანაძე წლებია, ემიგრაციაშია. მისთვის ამერიკაში ცხოვრება ადვილი არ ყოფილა, რომ აღარაფერი ვთქვათ ნოსტალგიაზე, ბევრი სირთულის გადატანა მოუწია. თუმცა, იშრომა, იბრძოლა და უცხო მხარეშიც მყარად დადგა ფეხზე. ახლახან ცუცას ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ გამაოგნებელი საჩუქარი გაუკეთა, ბინა აჩუქა თბილისში და როგორც თავად ამბობს, სულ მალე ის საქართველოში დაბრუნდება და ახალ, ნაჩუქარ სახლში გააგრძელებს ცხოვრებას. ჩვენ ცუცას ამერიკაში დავუკავშირდით, მივულოცეთ ეს სასიხარულო ამბავი და ინტერვიუც ჩამოვართვით.

ცუცა კაპანაძე: მინდა, უდიდესი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო სამშენებლო კომპანია „დეკა დეველოპმენტის მიმართ“, რომელმაც წარმოუდგენელი სიურპრიზი გამიკეთა – ბინა მაჩუქა. არაჩვეულებრივი იდეაა, წელიწადში ერთხელ ერთ ემიგრანტს გადასცენ საჩუქრად ბინა, რათა ის სამშობლოში დაბრუნდეს. მინდა, ბევრმა ემიგრანტმა გამოცადოს ისეთივე სიხარული, რაც მე განვიცადე, სამშობლოს გარეშე ბედნიერება კი ფანჯრიდან დანახულ გაზაფხულს ჰგავს, უფალმა ინებოს, რომ ყველანი მალე დავბრუნებულიყავით, ისე, როგორც მერცხლები უბრუნდებიან თავიანთ ბუდეებს. მინდა, წარმატებები ვუსურვო და თქვენი ჟურნალის საშუალებით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო სამშენებლო კომპანია „დეკას“.

– რამდენი წელია, რაც ამერიკაში ხარ?

– უკვე 18 წელია, რაც ამერიკაში ვარ. ჩიტები რომ დაფრინავენ, ისე გაიფრინა ამ წლებმა. თვრამეტი თვე მეგონა და უკან რომ მოვიხედე და დავითვალე, თურმე 18 წელი გავიდა, წარმოუდგენლად ჩქარა გაფრინდა.

– იყო რთული პერიოდი, როცა თქვი: ახლა ბარგს ჩავალაგებ და საქართველოში დავბრუნდებიო?

– თავიდან რომ ჩადიხარ, რთულია უცხო ქვეყანაში ყოფნა. მანამდე, სანამ ამერიკაში დავრჩებოდი, ამ ქვეყანაში 10-ჯერ ვიყავი გასტროლებზე. 2006 წელს, დასარჩენად რომ ჩამოვედი, აქ ჩემი მეგობრები დამხვდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იყო, თუნდაც, დროებით ჩემი ქვეყნის დატოვება, როცა იქ პოპულარული ხარ, ხალხს უყვარხარ, ტოვებ ამ ყველაფერს და თავიდან იწყებ ცხოვრებას. სხვა გამოსავალი არ მქონდა, „პა-სეანსი“ დაიხურა, „იმედის“ არხზე სერიალებში ვიყავი და ისიც დახურეს, მხოლოდ თეატრის ხელფასზე დავრჩი, 80 ლარზე. ჩემმა მეგობრებმა მითხრეს: ჩამოდი, კარგი საბუთები გაქვს და ადვილად აიღებ მწვანე ბარათს და მიიღებ მოქალაქეობას, თუ ვერ გაძლებ, დაბრუნდი უკანო. მაგრამ, იცით, ყველაზე მეტად რა გამიჭირდა? – რომ ჩადიხარ და არავინ არ ხარ იქ, ნულიდან იწყებ ცხოვრებას, ადვილი არ არის. ძალიან გამიჭირდა. ბევრჯერ გადავწყვიტე დაბრუნება, ღამე ჩავალაგებდი ბარგს, ვიტირებდი კარგად და დილით ისევ უკან ვალაგებდი. ყველა მეგობარი მენატრებოდა, ჩემი თბილისი, იმერეთი, თეატრი… გული მწყდებოდა, რატომ უნდა წამოვსულიყავი-მეთქი. წავედი, რომ პირობები გამეუმჯობესებინა. მართალია, ჩემი თავისთვის არაფერი გამიკეთებია, გარდა მოგზაურობისა, მაგრამ ოჯახს ვეხმარებოდი, ყველაფერი გავუკეთე. ხუთივე ძმისშვილს უმაღლესი დავამთავრებინე, რასაც მე საქართველოში ვერ შევძლებდი, ხუთივეს ცხოვრება მოვუწყვე. მე საკუთარი შვილი არ მყავს, მაგრამ ისინი არიან ჩემი შვილები. ასე რომ, ბევრს უშვილო ვგონივარ, მაგრამ ხუთი შვილის დედა ვარ (იცინის). უმეტესობა უცხოეთში იმიტომ მიდის, რომ ფული დააგროვოს და ბინა იყიდოს. მე არ მიყიდია. მაქვს ბინა სოლოლაკში – ოცი კვადრატული მეტრი, საერთო სამზარეულოთი და იქ დაბრუნებას ვფიქრობდი. არც ვაპირებდი ბინის ყიდვას, რადგან ნამდვილად აღარ მინდა, წლები ისევ აქ დავრჩე, ვაგროვო ფული და ვაშენო და ვიხადო, მაგრამ ახლა, რაც სამშენებლო კომპანია „დეკამ“ სიურპრიზი გამიკეთა და დიდ დიღომში ბინა მაჩუქა, სამშობლოში დაბრუნებული ახალ სახლში ვიცხოვრებ.

– სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როცა სცენაზე გამოაცხადეს ეს ამბავი და შენი რეაქცია… მართლაც, ამაღელვებელი იყო.

– ნიუ-იორკში ნიკოლოზ წულუკიძეს ჰქონდა სპექტაკლი – „თეატრის ამბები“, სადაც ვთამაშობდი. სპექტაკლი რომ დამთავრდა, გამოვიდა ნიკოლოზი და თქვა: ჩვენთან ერთად იმყოფება სამშენებლო კომპანია „დეკა“, აქვს სიურპრიზი ემიგრანტებისთვის, არაჩვეულებრივი პროექტი დაიწყო – ყოველ წელს, ერთ ემიგრანტს აჩუქებს ბინას, რათა ის დაბრუნდეს სამშობლოშიო. ვდგავარ, ვიხედები დარბაზში, ალბათ, რიგების და სკამების მიხედვით იქნება გათამაშება, მოიგებს ერთი და რომ ამოვა სცენაზე, ტაშს დავცხებ-მეთქი. აზრად არ მომსვლია, რომ მე ვიყავი ის ბედნიერი. უცებ ნიკოლოზი აცხადებს: ეს პირველი ემიგრანტია ცუცა კაპანაძე!.. მეგონა, გული გამიჩერდა. კიდევ კარგი, როიალი იდგა ახლოს და იმას დავეყრდენი, თორემ წავიქცეოდი სცენაზე. სიტყვა ვერ ვთქვი, დავიწყე ისტერიკული ტირილი. ნიკოლოზი მეკითხება: ცუცა, როდის მოდიხარო… მე, კი ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი, ვერ ვლაპარაკობდი, ვერ ვცემდი პასუხს. მხოლოდ ვტიროდი. გონზე რომ მოვედი, კი ვიხუმრე; ამერიკა რომ ოცნებების ახდენის ქვეყანაა კი ვიცოდი, მაგრამ ქართველები ამერიკაში ოცნებას თუ ამიხდენდნენ, ვერ წარმოვიდგენდი, ახლა ამ სამშენებლო კომპანიამ, ჩემს დაოჯახებაზეც უნდა იზრუნოს, აბა, მარტო ბინა რა საკმარისია-მეთქი (იცინის). დარბაზში ყველა ფეხზე იდგა, ტაშს უკრავდა და ჩემთან ერთად ტიროდა. ამდენმა ადამიანმა რომ ჩემი ბედნიერების ემოცია გაიზიარა, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემთვის.

– ემოციებში მყოფმა, ნიკოლოზს ვერ გაეცი პასუხი, მაგრამ მოდი, ახლა მე გკითხავ იმავეს: ცუცა, პირველი ემიგრანტი ხარ, ვინც საჩუქრად ბინა მიიღო და როდის ბრუნდები საქართველოში?

– მალე ჩამოვალ, აუცილებლად. დასაბრუნებელ ბილეთსაც ყიდულობენ ჩემთვის. ტყუილი არ მინდა გამომივიდეს და ალალად გეტყვით, ალბათ, ორ წელში დავბრუნდები, როცა მოვაგვარებ საქმეებს. მანამდე კი, ამ წელს სექტემბერში ჩამოვალ და ჩემს ახალ ბინას ვნახავ.

– ახლა რომ შენს განვლილ ცხოვრებას გადახედო, ყველაზე მეტად რას ნანობ?

– პოზიტიური ადამიანი ვარ, არ მიყვარს წუწუნი, მიუხედავად ჩემი ტკივილებისა და წუხილისა. ვცდილობ, სხვას გავულამაზო ცხოვრება და ტვირთი შევუმსუბუქო. სულ ვიღიმი, ჩემი ცრემლი სპექტაკლში თუ აქვთ ნანახი და ახლა სიხარულის სცენაზე – ბინა რომ მაჩუქეს. იღბლიანი ადამიანი ვარ, ნამდვილად. ყოველთვის ვგრძნობდი ხალხისგან სიყვარულს. გამიმართლა ყველაფერში, თუნდაც იმაში, რომ ამერიკაში ჩამოვედი, ახლა ვბრუნდები, როგორც მერცხალი უბრუნდება თავის ბუდეს. ერთადერთი, ვნანობ რომ შვილი არ გავაჩინე. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და სამჯერ მიყვარდა ცხოვრებაში, მაგრამ არ შემეძლო თეატრის გარეშე, მეშინოდა ოჯახური მარწუხებისა და პასუხისმგებლობის. სულ მეგონა, ჯერ ადრეა… ამ ადრეა ადრეაში, ისე გაფრინდა წლები და უკან რომ მოვიხედე და სიცარიელე დავინახე, ძალიან დამწყდა გული. შეცდომა დავუშვი. ოჯახი კარგია, მაგრამ დედობა უმთავრესია. მე კი ეს შანსი გავუშვი ხელიდან და გული მწყდება. ისეთი ნაბიჯიც ვერ გადავდგი, რომ შვილი გათხოვების გარეშე გამეჩინა. სხვათა შორის, დედაჩემი მეუბნებოდა: გააჩინე შვილი, მე მოვაგვარებ ყველაფერს მამაშენთანო. მაგრამ, მამა ტრადიციული კაცი იყო, მისთვის მთავარი ოჯახის სიწმინდე იყო. მას ვცემდი პატივს – მამას ვერ გადავაბიჯებდი და ვერ ვატკენდი გულს. მამა რომ გარდაიცვალა, შვილის გაჩენა უკვე დაგვიანებული იყო. გათხოვებაზე კი აღარც მიფიქრია, მარტოც კარგად ვგრძნობ თავს, ჩემი უფროსი არავინ არ არის, სადაც მინდა და როცა მინდა, იქ წავალ. მარტო არ ვარ, უამრავი მეგობარი მყავს, მათთან ურთიერთობა მახალისებს, სიბერეში კი, იმედია, ჩემი ძმისშვილები მომივლიან.