„გერმანიაში წავედი იმიტომ, რომ ჩემი შვილისთვის კარგი გამეკეთებინა… რეალობამ დამანახვა, რომ ეს თურმე სავალდებულო ნაბიჯი ყოფილა..“
მოდელი და ჟურნალისტი თიკო ნატროშვილი, რომელიც წლებია, გერმანიაში მეუღლესა და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს, ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება. 7 წლის წინ, როცა ოჯახმა გერმანიაში საცხოვრებლად გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღო, ერთი დიდი მიზეზი ჰქონდათ, მესამე შვილის, კახის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
თიკო ახლახან საქართველოში ჩამოვიდა, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, გერმანიაში საბუთებს აკეთებდნენ, ამიტომ სამშობლოში აქამდე ვერ ჩამოვიდა:
„როდესაც გადავწყვიტე, საქართველოში ჩამოვსულიყავი, სულ მეკითხებოდნენ, რას გრძნობ, რა ეიფორია გაქვსო. სიმართლე რომ გითხრათ, ვერაფერს ვგრძნობდი, მაგრამ როგორც კი თვითმფრინავი საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ცაზე აღმოჩნდა, შინაგანი ფორიაქი დამეწყო და მივხვდი, რომ საოცრად მომნატრებია აქაურობა. ჩემს მეუღლესაც ვეუბნებოდი, აღარ მინდა უკან დაბრუნება-მეთქი. აგვისტოს ბოლომდე აქ ვიქნები.
სიმართლე გითხრათ, გერმანიაში ცხოვრებასაც მივეჩვიე, მაგრამ სამშობლოს მართლა არაფერი სჯობს. ჩემს შვილსაც, რომელიც ექვსი წლის არის, აქვს განცდა, რომ ეს ნამდვილი სახლია. პირდაპირ მითხრა, იქ მგონია, სტუმარი ვარ და აქ ვიგრძენი, სახლში რომ ვარო. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ გერმანულადაც აზროვნებს და მეგობრებიც იქ ჰყავს…
გერმანიაში წავედი, რომ ჩემი შვილისთვის კარგი გამეკეთებინა, რეალობამ დამანახვა, რომ თურმე ეს ყოფილა სავალდებულო ნაბიჯი. ერთი წამითაც არ ვნანობ, სადაც ვცხოვრობ და როგორც ვცხოვრობ…“