ახლახან ტელეწამყვანმა თაკო კორინთელმა და მისმა მეუღლემ, რეაბილიტოლოგმა ლევან ნარეშელმა ჯვარი დაიწერეს.
თაკო კორინთელი: ჩვენ უკვე მეხუთე წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ. დაახლოებით ხუთი წლის წინ იურიდიულად გავაფორმეთ ქორწინება და ერთად ცხოვრება დავიწყეთ. ვგეგმავდით, რომ ქორწილი და ჯვრისწერა ერთად გადაგვეხადა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ დროში გაგვეწელა.
ახლაც გვინდოდა, დიდი ქორწილი გადაგვეხადა, მაგრამ ვერ მოხერხდა და ისევ გადაგვედო. მეც და ჩემი მეუღლეც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჯვრისწერას და რადგან ჩვენი გრანდიოზული ქორწილი დროში იწელება, ვინაიდან ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, გვაწუხებდა, რომ ჯვარი ჯერ კიდევ არ გვქონდა დაწერილი, სულ რამდენიმე დღის წინ ძალიან სპონტანურად გადავწყვიტეთ, რომ ახლა მხოლოდ ჯვარი დაგვეწერა. ქორწილისთვის მთელი ცხოვრება წინ გვაქვს და ესეც აუცილებლად გვექნება.
ამჯერად ყველაფერი საკმაოდ ვიწრო წრეში მოხდა. ჯვრისწერისთვის მეჯვარეები წავიყვანეთ თავიანთ მეუღლეებთან ერთად, დედები და დედმამიშვილები. ქორწილი არ გვქონია, თუმცა, ბევრს ასე ეგონა. ეს იყო ჯვრისწერა და თან, ძალიან სპონტანური. თარიღი – 18 ივნისი, შემთხვევითი არ არის. 18 ჩვენი რიცხვია. ბევრი წლის წინ, ხელი რომ მთხოვა, 18 იყო, შემდეგ წელს ხელი ზუსტად 18 ივნისს მოვაწერეთ და ახლა ჯვარიც ამ რიცხვში დავიწერეთ, სიმბოლურად დავამთხვიეთ.
– მიუხედავად სპონტანურობისა, მომზადება მაინც საჭირო იყო, თან, თეთრი კაბა გეცვა…
– ბევრს ეგონა, რომ ესეც დაგეგმილი იყო. რეალურად, კაბის ჩაცმას არ ვაპირებდი. მინდოდა, სიმბოლურად, თეთრები მცმოდა, თუმცა რამის შეკერვის დრო არ იყო, ხუთი დღით ადრე მივიღეთ გადაწყვეტილება და ვერაფერს მოვასწრებდი, მაგრამ ჩემს მეჯვარეს, ნანუკა გულუას აქვს ატელიე და მათ შემიკერეს ეს კაბა ზუსტად ორ დღეში. მეჯვარემ გადაწყვიტა, რომ აუცილებლად კაბა უნდა მცმოდა (იცინის).
– როგორი შეგრძნებაა, როცა უკვე ჯვარდაწერილი წყვილი ხართ?
– როგორც ვთქვი, ჩვენთვის, ორივესთვის, ძალიან დიდი დანიშნულება ჰქონდა ჯვრისწერას, ხელის მოწერაზე და ქორწილზე მთავარი ეს იყო. ამ თემას ძალიან სათუთად ვუდგებოდით. ორივე იმდენად დაკავებულები ვართ, რომ თითქმის ხუთი წელი ისე გავიდა, რომ ჯვარი ვერ დავიწერეთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, აღარ გადაგვედო. სხვათა შორის, იმ დილით ორივე სამსახურებში ვიყავით და იქიდან წავედით ეკლესიაში (იცინის). ძალიან სასიამოვნოა, რომ ის გავაკეთეთ, რაც ასე გვინდოდა. მე და ჩემი მეუღლე მორწმუნეები ვართ და ვფიქრობთ, რომ ჯვრისწერა ყველაზე მთავარია მართლმადიდებელი წყვილისთვის. ეს იმხელა ემოციაა, არც კი ვიცი სიტყვებით როგორ შეიძლება, აღვწერო.
– ხუთი წლის შემდეგ, ალბათ, ემოციები განახლდა, ბევრი მოლოცვა მიიღეთ, თითქოს, კიდევ ერთხელ გაიარეთ ეს ეტაპი.
– კი, ისე მილოცავდნენ, თითქოს, ახლა შევუღლდით. მეხუთე წელია, ერთად ვართ, მაგრამ მოლოცვებს მთელი გულით ვიღებდი. ძალიან ამაღელვებელი ემოციები ახლავს ამ პროცესს და მიხარია, რომ როგორც იქნა, ეს დღეც დადგა. მალე ქორწილი გვექნება და მერე უკვე ვიტყვი, რომ ჩემმა მეუღლემ მესამედ მომიყვანა ცოლად (იცინის).
– სოციალურ ქსელში შენს პოსტებს რომ ვუყურებ, მგონია, რომ განსაკუთრებული წყვილი ხართ, გამორჩეული ურთიერთობა გაქვთ…
– ძალიან მიხარია, რომ ეს სხვისთვისაც შესამჩნევია. ჩვენი ურთიერთობა გულწრფელად, მეგობრულად დაიწყო და დღემდე ასე ვაგრძელებთ. ხომ ამბობენ ხოლმე, ქორწინების შემდეგ რაღაცები იცვლებაო, ჩვენს შემთხვევაში ორივე იმდენად სათუთად ვუდგებით ამ ურთიერთობას, რომ უფრო მაღლა და მაღლა საფეხურზე აგვყავს. რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ერთმანეთის აზრს ყველაფერში ვითვალისწინებთ. როდესაც შენი მეუღლე შენი მეგობარია და შეგიძლია, ჩამოჯდე და ნებისმიერ საკითხზე გულწრფელად ელაპარაკო, ეს არის ურთიერთობისთვის ყველაზე მთავარი. ჩვენ მართლა ყველაფერს ერთად ვიზიარებთ. არ არსებობს ისეთი საქმე, რასაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვაკეთებთ. ვცდილობთ, ყველაფერში ორივე ვიყოთ ჩართულები. ჩემს მეუღლეს თავისი კლინიკა აქვს და მე იქაც, ყველა საქმეში თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ.
– ტელევიზიასთან ერთად როგორ ახერხებ?
– დილის ეთერები მაქვს და დაახლოებით, 12 საათისკენ ტელევიზიაში მუშაობას ვასრულებ. ამის შემდეგ კლინიკაში მივდივარ და ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებ. გარდა იმისა, რომ ვარ კლინიკის დირექტორი, ყველა წვრილმანსა თუ მსხვილმან საქმეში ვიღებ მონაწილეობას: პაციენტს ეხება საქმე, ინტერიერს, მენეჯმენტს, მარკეტინგს თუ სხვას.
– ესე იგი, ოჯახურ საქმეებსაც ერთად უძღვებით და საქმეშიც ერთად ხართ.
– კი, ასეა და მგონია, რომ ვინც ამ ნიშას დაიჭერს, თავს ძალიან ბედნიერად იგრძნობს. მართლა ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ბედნიერება სხვისთვისაც ძალიან შესამჩნევია. კიდევ უფრო მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ყველაფერი ისე ჩანს, როგორც არის.
– თან, იმის ფუფუნება გაქვთ, რომ დიდი დრო გაატაროთ ერთად.
– ჩემს მეუღლეს პაციენტი პაციენტზე რომ ჰყავდეს და ძალიან დაკავებული იყოს, თვალს რომ მოვეფარებით, ჩვენთვის მაინც დისკომფორტია და სულ ვცდილობთ, ერთმანეთი თვალსაწიერში გვყავდეს. როგორღაც ვახერხებთ. როცა ეს ორმხრივია, მაშინ ყველაფერი ძალიან მარტივია. მგონია, რომ ქალბატონებს განსაკუთრებულად გვეტყობა გარეგნულად თუ ხასიათზე, როცა ბედნიერი ვართ, როცა გვერდით ღირსეული და კარგი ადამიანი გვიდგას. ბედნიერებას ვერ ითამაშებ. მიხარია, რომ ასეა და ხანდახან მეშინია ხოლმე, ამაზე ზედმეტად საუბარი (იცინის).
– რა ხდება, როცა დამღლელი დღის შემდეგ სახლში ბრუნდებით?
– თუ დღის განმავლობაში ცალ-ცალკე ვართ, მუდმივი კონტაქტი გვაქვს ერთმანეთთან და ვიცით, რა ხდება, მაგრამ დღის ბოლოს, როცა სახლში მოვდივართ, მაინც მთელი დღის ამბებს განვიხილავთ. საღამოს ძალიან გვიყვარს ტელევიზორთან გემრიელად ჩაჯდომა. როცა გადაღლილები ვართ, მცხეთაში გავისეირნებთ ხოლმე, იქ ხშირად ჩავდივართ. განსაკუთრებით სამთავროს მონასტერი გვიყვარს. კიდევ ბევრი საყვარელი ადგილი გვაქვს, მაგრამ საღამოების მცხეთაში გატარება ყველაზე მეტად მოგვწონს.
– რაც შეეხება სახლის საქმეებს?
– ჩვენთან არ არის ის სიტუაცია, ერთმა მეორეს უთხრას, ახლა ადექი და სადილი და ვახშამი მოამზადეო. დავალდებულება ჩვენთან არ ხდება. ამ ყველაფერსაც ერთობლივად ვაკეთებთ. გააჩნია, რომელია ნაკლებად დაღლილი (იცინის). ვაღიარებ, ლევანს იმდენად კარგი ხელი აქვს, რომ კულინარიის მეფეა (იცინის). ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. თუ ორ სადილს ვაკეთებთ, ერთს ის ამზადებს, მეორეს – მე. ხშირად გვყავს ხოლმე სტუმრები და მათ დასახვედრადაც ერთად ვემზადებით. აქაც ძალიან ვაბალანსებთ ყველაფერს, რომ მთელი დატვირთვა ერთზე არ გადავიდეს. გვყავს ძაღლი, რომელსაც ასევე სჭირდება ჩვენი ყურადღება და დღეში რამდენჯერმე ვასეირნებთ, დილით – უფრო მე, საღამოს – უფრო ლევანი. თუ ორივეს საქმეები გვაქვს ან ქვეყნიდან გავდივართ, არაჩვეულებრივი დამხმარე ადამიანი გვყავს, რომელსაც მთელი გულითა და სულით ვანდობთ ენდის.
– რა შეიცვალა ხუთი წლის განმავლობაში?
– ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ რაც დრო გადის, ლევანი მით უფრო მეტად მიყვარს და მით უფრო მეტ სიყვარულს ვგრძნობ მისგანაც. მიხარია, რომ ასეა. შეხვედრის დღიდანვე ორივემ კარგად ავუწყვეთ ერთმანეთს ფეხი და დღემდე ასე გრძელდება. შესისხლხორცებული გვყავს ერთმანეთი, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, სულ ერთად ვართ, მაგრამ მაინც სულ ერთად ყოფნა გვინდა (იცინის).
– სოციალურ ქსელში ხუმრობდი ბოლო წლებში მომატებულ კილოგრამებთან დაკავშირებით. მარტივად უყურებ ამ საკითხს თუ იმ გოგონების კატეგორიას მიეკუთვნები, ძველი ფორმის დაბრუნებას რომ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ?
– მე ეს საკითხი დიდად არ მაწუხებს. უფრო მეტად არამკითხე მოამბეების აზრები მაწუხებს, ვიდრე წონის ცვალებდადობა. პუტკუნაც ძალიან ბედნიერი ვარ და გამხდარიც ძალიან ბედნიერი ვიყავი (იცინის). მაშინაც ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი და ახლაც ასეა. მით უმეტეს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მეუღლის აზრია და ეს არც მას აწუხებს, პირიქით. წონა ხან წავა, ხან მოვა. წლების განმავლობაში მეუღლე სულ იმას მეუბნებოდა, ძალიან გამხდარი ხარ, ასე არ შეიძლება, ვიტამინები მიიღე, რომ მოიმატოო და მეც გამოვცადე, ხომ უნდა მენახა, როგორი ვიქნებოდი პუტკუნა (იცინის). ვფიქრობ, რომ ძალიან საყვარელი პუტკუნა ვარ (იცინის).
– მართლა ძალიან ლამაზი ხარ ასეთიც და ისეთიც.
– ძალიან დიდი მადლობა, წონას მართლა არ შევუწუხებივარ, არამკითხე მოამბეებისა და უცხო ადამიანების მესიჯები უფრო მაწუხებდა, მწერდნენ, რა ხდება, რატომ მოიმატეო. ძალიან კარგად ვიყავი გამხდარიც, პუტკუნაც, ახლა უკვე საშუალო წონა მაქვს და ახლაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს (იცინის). თუ სხვას აწუხებს, არ ვიცი, ჩემს ქმარს გამხდარიც ვუყვარდი და პუტკუნაც ვუყვარვარ (იცინის).
– და ბოლოს, როგორი იქნება ან როდის თქვენი გრანდიოზული ქორწილი?
– რაც უფრო მეტს ვილაპარაკებ ქორწილზე, მით უფრო დიდი შანსია, რომ ისეთი არ გამოვიდეს, როგორიც მინდა (იცინის). უბრალოდ, იმდენად ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი და იმდენი ადამიანია ჩართული, რომ დროში იწელება და ამიტომ გადაიდო. ძალიან შორეული ამბავიც არ არის, უახლოეს მომავალში იქნება. რაც ზუსტად შემიძლია, ვთქვა, ისაა, რომ საკმაოდ გრანდიოზული და გემრიელი ქორწილი გვექნება, სადაც ჩვენი ყველა მეგობარი და საყვარელი ადამიანი გვეყოლება გვერდით.