“დედას რამდენიმე სამსახურში უნდა ემუშავა… ეს ყველაფერი მისი ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდა… მშობლების დაშორება ბავშვობის ტრავმაა, ვერ გადავხარშე”
ტელეწამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი, “რუსთავი 2“- ის რუბრიკაში “ყველაფერი დედაჩემის შესახებ,“ ბავშვობის რთულ პერიოდს იხსენებს და დედაზე ემოციურად საუბრობს.
“როგორც კი დედაზე ვიწყებ ფიქრს, მომენტალურად თითქოს სიყვარული მეღვრება მთელ სხეულში. მან მთელი ცხოვრება გაატარა ჩემზე ზრუნვაში და ახლა მინდა, რომ მე გავხდე მისთვის ის ადამიანი, რომელიც გაუფერადებს და გაულამაზებს ცხოვრების დღეებს.
განცდა მაქვს ხოლმე, რომ მე ისეთი შვილი ვარ, როგორიც მას უნდა. დედაზე რომ ვლაპარაკობ, ყველაფერი ერთად ამოხეთქავს ხოლმე. ყველას ცხოვრებაში არსებობს რთული ეტაპები. მის ცხოვრებაში ეს მაშინ დადგა, როდესაც ცხოვრების სირთულეებისა და გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა მარტო, ჩემთან ერთად, 25 წლის ასაკში უნდა მოეხერხებინა, რომ რამდენიმე სამსახურში ემუშავა, რომ მე ვყოფილიყავი წარმატებული, კარგი განათლება მიმეღო; ღირსეული ადამიანი დავმდგარიყავი. ეს ყველაფერი დედას ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდა.
მახსოვს, დილას მიდიოდა სამსახურში, საღამოს ბრუნდებოდა, შემდეგ ისევ მიდიოდა სხვა სამსახურში და ღამეს ათენებდა. შინ გამთენიისას ბრუნდებოდა და სახლის პირობებში საკონდიტრო ნაწარმს აკეთებდა იმისთვის, რომ დამატებითი შემოსავალი ჰქონოდა.
არასოდეს მახსენდება დღე, როდესაც რამდენიმე სამსახურიდან დაბრუნებული დედა მოწყენილი, დაღლილი ან უხასიათოდ მენახოს. ამიტომ ვარ ხოლმე აღფრთოვანებული მისით, რომ როგორი საოცარი სიყვარულია დედა-შვილობა, სულ რომ თავს ზემოთ ძალა არ არის, იმასაც კი გაკეთებინებს.
ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ეტაპი უკავშირდება ემიგრაციაში ყოფნას, იმიტომ არა, რომ სამშობლოდან შორს ვიყავი, ოჯახს სრულფასოვანი სახე ჰქონდა, დედა, მამა და მე. ეს წლები მახსენდება ყველაზე ბედნიერად.
მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა ბავშვობის ტრავმა იმ დროს უკავშირდება, როცა დედა და მამა დაშორდნენ ერთმანეთს, ბავშვობის ტრავმა დარჩა ტრავმად. ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე და ვერ გადავხარშე.
(ემიგრაციაში ყოფნის დროს) სულ მქონდა იმის განცდა, რომ ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა დავბრუნებულიყავით სამშობლოში. არ უნდოდა იქ შევსულიყავი სკოლაში და მიმეღო განათლება. დავბრუნდით და რაღაც ეტაპზე შემექმნა ფეხთან დაკავშირებული პრობლემა. სიმაღლიდან ჩამოვვარდი და ტრავმა მივიღე, ამ პრობლემის გამოსწორებას დასჭირდა დიდი დრო და ძალიან რთული პერიოდი იყო. ერთი წელი ვიწექი და არ მქონდა გადაადგილების შესაძლებლობა.
ამ დროს დედამ ისევ მიიღო გადაწყვეტილება რომ ემიგრაციაში წასულიყო. ეს სიმწარე მართლა არასოდეს დამავიწყდება. ზრდასრულ ასაკში ვიყავი, კარგად ვაცნობიერებდი, ეს განშორება რასთან იყო დაკავშირებული. ჩემს მდგომარეობას, ოჯახს, ბებიას, დეიდას, რომელიც ასევე შშმ პირია, ძალიან სჭირდებოდა, ყველას გვჭირდებოდა. ის იყო ძალა, რომელიც პასუხიმგებლობას თავის თავზე აიღებდა. ის დღე არასოდეს დამავიწყდება როდესაც მითხრა, თაკო, მე უნდა წავიდეო. მაშინ ვიგრძენი ყველაზე დიდი ტკივილი, იმედგაცრუება, უსუსურობა.
რამდენიმე თვის თავზე ჩვენთან მოვიდა ახლობელი, გაღიმებული სახე ჰქონდა, მომენტალურად მივხვდი რაც ხდებოდა, მივხვდი, დედა მიბრუნდებოდა. ათ წუთში დედა სახლში შემოვიდა. მაშინ ვთქვი, რომ ეს იყო უკანასკნელი განშორება – რა პრობლემაც უნდა გვქონოდა, დავჯერდეთ იმას ,რაც გვაქვს, ოღონდ აღარ წასულიყო არსად.
ჩემი შვილის აღზრდაში ორივე მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ. სულ ვამბობ, ყველაფერს გავაკეთებ, ყველა ის ამაგი რას ჩემთვის გაწეული აქვს, უანგაროდ, შეუშინებლად და სამაგალითოდ რასაც შევძლებ, მაქსიმალურად დავუბრუნებ.
დედას რაც ახლა ყველაზე მეტად აბედნიერებს ჩემი ნიაა. ის საათები რაც პატარა თაკოსთან დაკარგა, მასთან მიმართებაში ინაზღაურებს. სულ რაღაცას აკეთებენ, სულ ერთობიან, სულ კარგ ხასიათზე არიან. ღმერთმა ქნას ისეთი დედობა გავუწიო ჩემს შვილს, როგორიც დედაჩემია, მგონია, რომ ანგელოზი დამყვება.