“რანაირად არ უნდა მოგეწონოს ასეთი შოუ, ამხელა ენერგია და პროფესიონალიზმი სადაც არის ჩადებული, აი ტვინის რომელი მხარე გაკრიტიკებინებს ან რა ამპარტავნება გაქვს ასეთი“

203

„რანაირად არ უნდა მოგეწონოს ასეთი შოუ, ამხელა ენერგია და პროფესიონალიზმი სადაც არის ჩადებული, აი ტვინის რომელი მხარე გაკრიტიკებინებს, ან რა ამპარტავნება გაქვს ასეთი“, – ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ლევან მათითაშვილი აქვეყნებს, რომლითაც საზოგადოების იმ ნაწილის შეფასებებს ეხმაურება, ვისაც პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი არ მოეწონა.

მისი განცხადებით, ადამიანები, ბავშვობაში დაფიქსირებულ მოსაზრებაზე მიყენებული შეურაცხყოფის გამო, საკუთარი აზრის დაფიქსირებას ვერ ბედავენ და ამ შიშის გამო, ყოველთვის ყველაფერს კრიტიკულად და ნეგატიურად აფასებენ.

„ადრე, წლების წინ, ქართველები რომ ჩამოდიოდნენ, აქეთ-იქით დამყავდა, ვათვალიერებინებდი სხვადასხვა ქალაქებს, პარიზი, ამსტერდამი, დიუსელდორფი..

ბელგიაში ვცხოვრობდით და ირგვლივ ბევრი სილამაზეები იყო…

ხოდა, ბიჭოოო – ჭკუიდან გადავედი, არაფერი არ მოსწონდათ, ყველაფერზე – ფუ ეს რა არის, ფუ ამას როგორ აკეთებენ, ფუ ესენი როგორ ცხოვრობენ, ფუ ეიფელი რას ჰგავს, ფუ ლუვრი რამხელაა, ფუ ამსტერდამი როგორი ზედმეტად ფერადია და მოკლედ, მუდამ, ყველაფრის კრიტიკა და ლანძღვა იყო.
უცხოელს რაც არ უნდა ანახო, სიხარულით უყურებს და მოსწონს.

გუშინაც იგივე, აი, რანაირად არ უნდა მოგეწონოს ასეთი შოუ, (ოლიმპიადა) ამხელა ენერგია და პროფესიონალიზმი სადაც არის ჩადებული, აი ტვინის რომელი მხარე გაკრიტიკებინებს, ან რა ამპარტავნება გაქვს ასეთი, ან რა სინაგლე მაგას რომ გააკრიტიკებ, ან რა გემოვნება.

ახლა გეტყვი რაშია საქმე.

ბავშვობაში, როდესაც თქვი, სულერთია რაღაცაზე, რომ მოგწონს და კარგია, ვიღაცამ დაგცინა, მოგაყენა შეურაცხყოფა და გითხრა, რომ ის, შენ რაც მოგწონს, არის გოიმობა, შენ ხარ გოიმიო და მაგის მერე ვეღარ ბედავ რამეზე თქვა დადებითი, რადგან ფსიქიკას დამახსოვრებული აქვს და კარგს როცა იტყვი, ეშინია, რომ არ მოგაყენონ შეურაცხყოფა.

ამიტომ ყოველთვის ყველაფერს კრიტიკულად და ნეგატიურად აფასებ“, – წერს ლევან მათითაშვილი.