ალა პუგაჩოვა ნიკოლოზ რაჭველს: მაესტრო თქვენ ხართ ნამდვილი ქართული გენია, თუკი ოდესმე კვლავ მომიწევს სცენაზე გამოსვლა, ვიოცნებებ რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენთან ერთად მოხდეს
იურმალამ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – „ლაიმა. რანდევუ. იურმალა 2024“ უმასპინძლა. ოთხდღიანი ფესტივალი ლატვიაში ცნობილ საკონცერტო დარბაზ „ძინტარიში“ გაიმართა.
ტრადიციულად, ლაიმა ვაიკულეს მიწვევით, ლატვიის ორკესტრთან ერთად, ფესტივალის დახურვაში მონაწილეობა მიიღეს ნინო ქათამაძემ და ნიკოლოზ რაჭველმა, წელს კი პირველად მათ შემადგენლობას სტეფანე მღებრიშვილი შეემატა ვიქტორ დოლიძის და გოგი ცაბაძის მუსიკის ნიკოლოზ რაჭველისეული ვერსიებით.
უკვე მეორე წელია ლაიმა ვაიკულეს ფესტივალი უკრაინის მხარდასაჭერი აქციის ფორმატში მიმდინარეობს და შემოსავლის ნაწილი, ომით დაზარალებულებს ხმარდება, ასევე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ეძლევა გაიღონ შემოწირულებები.
ფესტივალზე თავს იყრიან ცნობილი შემსრულებლები ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აგრეთვე ის არტისტები, რომლებიც რუსეთის მთავრობამ უცხოური ძალის აგენტებად გამოაცხადა და ქვეყნის ტერიტორიაზე სამართლებრივი ძებნა გამოაცხადა. ფესტივალის საპატიო სტუმრის სტატუსით მეორე წელია დახურვას ესწრება ლეგენდარული მომღერალი ალა პუგაჩოვა, რომელიც როგორც აღმოჩნდა ნიკოლოზ რაჭველის მოსმენით იმდენად მოხიბლული დარჩა, აღფრთოვანება ვერ დამალა და მაესტრომ პირადად მისგან დიდი კომპლიმენტიც დაიმსახურა.
ალა პუგაჩოვასთან ემოციური შეხვედრის ამ დეტალს ნიკოლოზ რაჭველი „ფორტუნას“ უზიარებს.
„მაესტრო, თქვენ ხართ ნამდვილი ქართული გენია, გისმენდით და ვფიქრობდი, თუ კი ოდესმე კვლავ მომიწევს სცენაზე გამოსვლა, ვიოცნებებ რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენთან ერთად მოხდეს“, – უთხრა ალა პუგაჩოვამ ნიკოლოზ რაჭველს.