“დუდუს მკვლელობის წინა დღეს მთელი სხეულით ვცახცახებდი, ცუდად გავხდი”

170

,,საოცარი ინტუიცია მაქვს, მთელი სხეული მიკრთის ხოლმე. მაგალითად, დუდუზე წინა დღეს მთელი სხეულით ვცახცახებდი, ცუდად გავხდი. ვიფიქრე, ალბათ გრიპი მეწყება-მეთქი. მეორე დღეს, მოხდა თუ არა ეს ამბავი, სხეული დამიწყნარდა. ასეთი რამ გეგაზე არ დამმართნია, არაფერმა მიბიძგა იმისკენ, რომ შეიძლებოდა რამე ცუდი მომხდარიყო. არც ისეთი დამსიზმრებია რამე, ამ ამბავს რომ დავუკავშირო”, – ყვება დახვრეტილი მსახიობის, გეგა კობახიძის დედა, მსახიობი ნათელა მაჭავარიანი ,,სარკესთან” და იხსენებს თავისი ცხოვრების კიდევ ერთ ტრაგედიას – კალათბურთელ დუდუ დადიანის სასტიკ მკვლელობას.

– რამდენი წლის იყო დუდუ, რომ გაზარდეთ?

– მე და დუდუს მამამ ერთმანეთი როცა გავიცანით, დუდუ 5 წლის იყო, მაგრამ მას ჩვენთან ერთად არ უცხოვრია, და-ძმა ჰყავდა და ერთად ცხოვრობდნენ თავიანთ სახლში, ბებია ზრდიდათ. საოცარი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, მეც მივდიოდი მათთან და ისინიც ყოველთვის მოდიოდნენ ჩვენთან.

მერე, როცა დუდუ წამოიზარდა, ის ბინა გაყიდეს და დუდუ და ლევანი ჩვენთან გადმოვიდნენ. და გათხოვილი იყო, ლევანმა მალე შეირთო ცოლი და ცალკე გადავიდა. დავრჩით მე და დუდუ. მას მერე სულ ჩემთან იყო, სანამ ბინას იყიდდა. ბინა ამ ამბამდე 2 წლით ადრე შეიძინა. სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, ჩვენ შორის არ იგრძნობოდა, რომ მე მისი დედინაცვალი ვიყავი და ის – ჩემი გერი.

ამაშიც არ მომეცა ბედი, რომ ეს მაინც შემენარჩუნებინა. დუდუმ თავისი სიკვდილით წერტილი დაუსვა მთელ ჩემს უბედურებას. თბილი, ყურადღებიანი, კეთილი, გულალალი ბიჭი იყო. დღე არ გავიდოდა,არ მოვეკითხე. მისი ყველა საუბარი ამ სიტყვებით მთავრდებოდა – ნათელ, ძალიან მაგრად მიყვარხარო.

იმ დღითაც დამირეკა, ახლა სამსახურში მივდივარ და მერე შეიძლება გამოვიდეო. ვუთხარი, გამოდი,ის მოგიმზადე, შენ რომ გიყვარს-მეთქი. ერთ საათში ასეთი ამბავი მოხდა.

კიდევ ერთი უბედურება შემემთხვა. ამერიკაში დის შვილიშვილი დამეღუპა, 21 წლის ბიჭი. ნასვამი იყო, სასულეში რაღაც გადასცდა და დაიხრჩო. როგორც ჩანს, ძლიერი ფსიქიკა მაქვს, თორემ ასეთი სამი ვაჟკაცი გამოგეცალოს ქალს ხელიდან, რად გინდა თავი ცოცხალი? სამივენი ჩემი შვილები იყვნენ.