“სხვისი გულისთვის ძალიან ბევრი რამ დავკარგე”

164

მედეა ლორთქიფანიძის “უცნობი მხარე”👇

– ვინ არის მედეა ლორთქიფანიძე?

მედეა ლორთქიფანიძე: ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხს ასიამოვნოს თავის პატარა თეატრალური ნიჭით. ადამიანებისთვის მხოლოდ სიკეთე მინდა. არასდროს არავის არ გავლანძღავ, არასდროს პოლიტიკაში არ ჩავერევი და არავის გავჭორავ. პირიქით, ყველას ვეფერები და ალბათ, ამიტომ არის, რომ უამრავ მადლობას და სიყვარულს ვიღებ ხალხისგან. ეზოში რომ ჩავდივარ, უნდა ნახოთ, რა ხდება, განსაკუთრებით ბავშვები გამოხატავენ სიყვარულს და ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?! ერთად ვვარჯიშობთ ტრენაჟორებზე, ვხუმრობთ, ვიცინით. რაც მთავარია, ბავშვებს წიგნი შევაყვარე. ძალიან მწყინს, რომ ბევრი წიგნს საერთოდ არ კითხულობს. ყველა ჩემი წიგნი გადმოვიღე, ბავშვებს უნდა წავაკითხო.. ვუთხარი, ვინც არ წაიკითხავს, ჩემთან არ იმეგობრებს-მეთქი.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– მე და ჩემი ქალიშვილი ერთ კორპუსში ვცხოვრობთ. არაჩვეულებრივი სიძე მყავს. ორი შვილიშვილის ბებია ვარ, ერთი ხუთოსანია, მეორე ცოტა მოიკოჭლებს მათემატიკაში და ამაზე გვაქვს დიდი ომი. სამწუხაროდ, მე თვითონ არ ვიცი მათემატიკა და რით ვუშველო, არ ვიცი.

ჩემი შვილი საჭმელს რომ გააკეთებს, მეც მომიტანს ხოლმე, უნდა გამასუქოს (იცინის). სინამდვილეში ძალიან გავხდი. 120 კილოგრამი ვიყავი და 60-ზე ჩამოვედი. ამ ცხვირს რა ჯანდაბა ვუყო, დანარჩენი ყველაფერი დამისუსტდა და ეს დამრჩა გრძელი (იცინის).

დღეს გადასარევი ცხოვრება ვის აქვს, მაგრამ ბედს არ ვუჩივი, ვარსებობ, აქტიური ვარ, ექსკურსიებზე დავდივარ და დიდი მადლობა ამისთვის მაია ხაბურძანიას.

– გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს და სულ მეტირება. ფეხბურთელებმა რომ ასე გაგვახარეს, თვალები დამევსო. ერთი ცუდი თვისება მაქვს, სიგარეტი ვერ გადავაგდე, 60 წელია, ვეწევი. 87-ე წელიწადში ვარ, პატარა კი აღარ ვარ. მაშინაც ვეწეოდი, ჩვენს ბიჭებს რომ ვუყურებდი, საოცარ აზარტში ვიყავი. გოლი რომ გაიტანეს, ვაიმე-მეთქი, ვიყვირე, უცებ თავი დავხარე და კიდევ კარგი, ეს პაპიროსი თვალში არ მომხვდა, ცხვირსა და თვალს შორის მომხვდა და ორი კვირა ცუდ დღეში ვიყავი, თუმცა, ამას ვინ ჩივის, ისეთი ბედნიერი ვიყავი, არც მახსოვდა ეს.

– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– რაც მე ამ ფეხბურთებზე ვიტირე, სულ სიხარულის ცრემლებად დაგვიბრუნდეს ყველას. ბედნიერებისგან ვტიროდი. მადლობა ღმერთს, საყვარელი ადამიანები ცოცხლები მყავს და მწუხარების ცრემლი არ მქონია. ღმერთმა არ მომასწროს ვინმეს ცუდს. ამ ფეხბურთელებმა ისეთები გააკეთეს, ჭკუიდან გადავედი. გულის ყველა წამალი დავლიე, რაც კი სახლში მქონდა (იცინის).

– რას გააკეთებდით, ახლა ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?

– არ გეგონოთ, რომ ლამაზი სიტყვების გამო ვამბობდე, მაგრამ მილიონი რომ მომცა, უპატრონო ბავშვებს დავეხმარებოდი. ამას წინათ ტელევიზორში ვნახე, პატარა ბავშვი იყო, არავინ ჰყავდა მომვლელი, მათთვის ავაშენებდი სახლს და კიდევ უპატრონო მოხუცებულებისთვის. ეს ორი ნატვრა თუ შემისრულდა, მერე თუ გინდა, მოვკვდე, მაგრამ ბიზნესმენი მე არ მყავს ვინმე და ვინ შემისრულებს?! ბავშვებს სახლს კი ავუშენებდი, მაგრამ ისე არა, რომ თვითონ ფეხი ფეხზე გადაიდონ, უნდა იშრომონ აუცილებლად. ისე არავის არაფერს მივართმევ. ბაღიც უნდა გააშენონ, მცენარეები მოამრავლონ, მოსავალი აიღონ. გაგიჟდებით, რომ ნახოთ, რამდენ კურკას ვაგროვებ, რომ თესლად გამოვიყენო. ქობულეთში მინდა წასვლა აგვისტოში და უნდა გავალამაზო იქაურობა. სადაც მივდივარ, ყველგან კურკებს ვყრი (იცინის). თბილისში ასანთის კოლოფში ვცხოვრობ, მაგრამ სადმე რომ მივდივარ, იქ ვაშენებ ტყეებს (იცინის). სამაგიეროდ, თბილისში, ყველა მეზობელზე ვიცი, რას აკეთებს, რომელია პატიოსანი და რომელი – არა, რომელი კარგი დიასახლისია და რომელი – არა, ყველაფერს ვხედავ ჩემი სახლიდან (იცინის). აივანი მაქვს, დავჯდები და ვიყურები. მტრედები მყავს და მასკინტლავენ, მაგრამ ეს არაფერი, ავიტან, იმათაც ვუვლი (იცინის).

– წარსულიდან რა მიგაჩნიათ თქვენს შეცდომად?

– სხვისი გულისათვის ძალიან ბევრი რამ დავკარგე. ამხანაგს საკუთარი მაღაზია ჰქონდა, სახლი და მთხოვა, ჩინეთში მივდივარ, რაღაცები უნდა ჩამოვიტანო, ფული მაკლდება და ეგება, ბანკიდან გამომიტანოო. გამოვუტანე და გაქრა. რაც ჰქონდა, ყველაფერი გაუყიდია და ჩემი ფულიც გაიყოლა. რა მექნა, კოტორაანთკარში აგარაკი მქონდა და გავყიდე. რა ვქნა, ყველას თავისი სინდისის მიხედვით გაუმარჯოს!

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– აქამდე არა, მაგრამ ახლა ვაპირებდი. მეზობელს რემონტი ჰქონდა და ულამაზესი ლამფა გამოიტანა გარეთ. ერთხელ გავაფრთხილე, ორჯერ, მოგპარავ–მეთქი და სახლში არ შეუტანია?! (იცინის).

ბავშვობაში სხვისი ხილიც კი არ მომიპარავს. მე ისეთი ბებია მყავდა – მაღალაშვილის ქალი, ისეთ ოჯახში გავიზარდე, ამას როგორ ვიზამდი.

– ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– კაი ტყუილი მითქვამს, უბოროტო (იცინის). მაგალითად, მინახავს ჩვეულებრივი შესახედაობის ადამიანი და მითქვამს, დედა, რა ლამაზი ხარ-მეთქი. ისე, ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ჩემგან ბოროტ ტყუილს ვერავინ გაიგებს.

– სახალისო შემთხვევა პაემანზე…

– სულ სახალისო ამბებში არ ვარ? სულ ზევით ზევით რომ იყურები, დაბლაც ჩაიხედეო, ჩემი შვილი მეტყვის ხოლმე. სულ ვეცემი და ამიტომ. ეგ კიდევ არაფერი, ბადეშიც მოვყევი. შაორზე ჩავედი წყალში, თურმე, გვერდზე მებადურები ყოფილან და ჩემი წყალში ჩასვლა და ბადის სროლა ერთი ყოფილა. ის ყვირის, უზარმაზარი, დიდი თევზი დავიჭირეო, მე ვყვირი, მიშველეთ, ნიანგი დამესხა თავს-მეთქი. რა ვქნა, ფოთში ვარ გაზრდილი და მიყვარს ჩაყვინთვა. რომ ამოვყვინთე, უნდა გენახათ, ნაპირზე ხალხი სიცილისგან კვდებოდა, მე წყალში – შიშისგან (იცინის).

პაემანზე რა გითხრათ, როგორ ვივლიდი პაემანზე, იმისთანა მამა მყავდა… სკოლიდან თუ მომაცილებდა ვინმე, კარგი დღე კი დაადგებოდა, რას ჰქვია ჩვენი უბნის გოგოს მოაცილებო, პასუხს მაშინვე მოსთხოვდნენ. თან სულ დაკავებული ვიყავი.

– რა მიგაჩნიათ თქვენს გამარჯვებად და მარცხად?

– გამარჯვებად, ალბათ, ის სიყვარული, რომელსაც ყველა ნაბიჯზე ვგრძნობ და ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მარცხად ის, რომ ძალიან გულუბრყვილო ვიყავი. წინ გახედვა არ ვიცოდი, აგარაკიც ამ მიზეზით დავკარგე.