“ვინ არის პირველი ქართველი გოგონა რომელიც “მის ნიუ-იორკის“ ტიტულისთვის იბრძვის და რა წარმატებებს მიაღწია მან ამერიკაში”

472

თეონა კბილაშვილი წარმატებული ქართველი მოდელია, რომელიც ამერიკაში საქმიანობს. ის ახლა „მის ნიუ-იორკის“ ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის, თუმცა აქამდეც, მონდომების, სწავლისა და შრომისმოყვარეობის დამსახურებით, უკვე ბევრ წარმატებას მიაღწია.

– თეონა, „მის ნიუ-იორკის“ ტიტულის მოსაპოვებლად, პირველად იბრძვის ქართველი გოგონა და ეს თქვენ ხართ. როგორ დაიწყო ეს ამბავი, როგორ ჩაერთეთ აღნიშნულ კონკურსში?

– უსაზღვროდ მოხარული ვარ, რომ ჩემი ექსკლუზიური ინტერვიუ თქვენთან შედგა. კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ და მოგახსენებთ, რომ დიახ, მე შევძელი და ვარ პირველი ქართველი მონაწილე კონკურსზე – ,,მის ნიუ-იორკი 2024’’. ამ კონკურსს წინ უძღოდა ჩემი რამდენიმეწლიანი სამოდელო კარიერა. ერთ-ერთ დიზაინერის შოუს, რომელშიც მე ვმონაწილეობდი, ევროპიდან და აზიიდან მოწვეულ დიზაინერებთან ერთად, ესწრებოდა „მის ნიუ-იორკი 2023“, რომელიც პირადად გავიცანი. მან მომცა მოტივაცია, გადამედგა ეს ნაბიჯი. გამაცნო პირობები და მასწავლა გზა კონკურსზე მოსახვედრად. მოგეხსენებათ, ინფორმაციის ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ამერიკაში. ამ გულახდილობისთვის მისი ძალიან მადლიერი ვარ.

– რთული შესარჩევი პერიოდი გაიარეთ?

– არც თუ ისე მარტივი შესარჩევი პერიოდი გავიარე, იგულისხმება რეგისტრაცია, რამდენიმე გასაუბრება და წარდგენა. კონკურსზე ფასდება არა მხოლოდ გარეგნული მონაცემები, არამედ ინტელექტიც. უნდა იყო ყველა მხრივ საინტერესო და კრეატიული აზროვნებაში.

– რამდენად ძლიერი კონკურენტები გყავთ და როგორ აფასებთ გამარჯვების შანსებს?

– საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავს. პირობებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა კონკურსში. მონაწილეებს, რომლებიც ჟიურის წინაშე მეორედ ან მესამედ წარდგებიან მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე მონაწილეებს, ვინც ამ კონკურსზე პირველად გავდივართ. მიუხედავად დიდი კონკურენციისა, მგონია, რომ გამარჯვების შანსი დიდია. ძალ-ღონეს არ ვიშურებ, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიო და ვასახელო ჩემი ულამაზესი ქვეყანა, საქართველო!

– სამოდელო საქმიანობა როდის დაიწყეთ?

– სამოდელო კარიერა 2019 წელს დავიწყე. გავიარე უამრავი ქასთინგი საიდანაც რამდენიმე დიზაინერმა ამირჩია. დასაწყისისთვის პატარა შოუებში მონაწილეობას ვთანხმდებოდი. ნელ-ნელა გამიცნო ხალხმა (მოგეხსენებათ, ყველა სფეროს თავისი შიდა წრე ჰყავს) და მეც უფრო ღრმად გავეცანი ყველაფერს. დროთა განმავლობაში დავიხვეწე და მეტი შემოთავაზება მომდიოდა დიზაინერებისგან დიდ, მასშტაბურ შოუებზე წარსადგენად. იმავდროულად, ჩემით დაინტერესდნენ ფოტოგრაფები და უამრავი ფოტოსესია მქონდა. ყველა ფოტოსესიიდან და შოუდან მოტივირებული ვბრუნდებოდი. მეუბნებოდნენ, რომ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებდი და შევძლებდი მეტი წარმატებისთვის მიმეღწია. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ გადავწყვიტე, გამევლო კოკო როჩას სამოდელო სკოლა – Coco rocha model camp. კოკო როჩას სამოდელო სკოლამ მომცა შესაძლებლობა, გავმხდარიყავი უფრო თავდაჯერებული. ვისწავლე უამრავი ხრიკი, თუ როგორ წარმედგინა თავი და უკეთესად მემუშავა კამერებთან. ვთანამშრომლობ უამრავ დიზაინერთან, მაქვს უამრავი ფეშენ-შოუ და ფოტოსესია.

– რა წარმატებები გქონდათ აქამდე?

– გარდა იმისა, რომ მონაწილეობას ვიღებ უამრავ ფეშენ-შოუში, სულ ახლახან, 23 მაისს, ჩატარდა One story award OSA 2024, სადაც გვირგვინის მფლობელი გავხდი. კონკურსი ჩატარდა ნიუ-იორკში, სადაც ჩამოსული იყვნენ იაპონელი ორგანიზატორები. ახლო მომავალში მივემგზავრები იაპონიაში, როგორც გამარჯვებული და ტიტულის მფლობელი. ჩემი ფოტოები დაიბეჭდა ცნობილ ფრანგულ ჟურნალში Malvie french magazine. ვიმყოფებოდი დუბაი ფეშენ-შოუზე – Dubay luxury fashion week, სადაც წარვადგინე Diana Mahrach couture და გადმომცეს საერთაშორისო მოდელის ჯილდო. მიწვეული ვიყავი ნიუ-იორკის ტელევიზიაში. ჩემი ერთ-ერთი ფეშენ-ვიქის გამოსვლის ვიდეო მანჰეტენის ბილბორდზე განათდა.

– სხვა საქმიანობითაც ხართ დაკავებული?

– ამჟამად ვარ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი. გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებ სხვა საქმიანობა შევათავსო ჩემს დღევანდელ საქმიანობასთან.

– როგორც ვხვდები, განსაკუთრებული გარეგნობა გენეტიკის დამსახურებაა, ულამაზესი დედა და და გყავთ. გაგვაცანით თქვენი ოჯახი.

– უღრმესი მადლობა ჩემი ოჯახის პოზიტიურ ჭრილში დახასიათებისთვის. გავკადნიერდები და დაგეთანხმები, რომ ჩემი გარეგნობა გენეტიკის დამსახურებაა. ჩემი ოჯახი ამჟამად არიან ჩემი მშობლები: დედა – ეკატერინე ხუსკივაძე, პროფესიით პედაგოგი და მამა – ვასილ კბილაშვილი, ბიზნესმენი. და – ნათია კბილაშვილი დაოჯახებულია და ცხოვრობს ცალკე თავის პატარა ოჯახთან ერთად.

– თავად თუ ხართ დაქორწინებული? თუ არ ხართ, მაშინ როგორია თქვენთვის სასურველი მამაკაცი და უნდა იყოს თუ არა ის ქართველი?

– დაქორწინებული არ ვარ. ჩემთვის სასურველი მამაკაცი უნდა იყოს ძლიერი და შემდგარი თავის საქმეში, ასევე, ერთგული, ქართველი და სიმპათიურიც. უნდა მიჭერდეს მხარს იმ საქმიანობაში, რასაც ვაკეთებ.

– ამერიკაში როდის გადახვედით საცხოვრებლად?

– ჩემი ოჯახი გრინ ქარდის ლატარიის გამარჯვებული გახდა და 2014 წელს ნიუ-იორკში გადმოვედით საცხოვრებლად.

– როგორი იყო თქვენი ცხოვრების პირველი პერიოდი ახალ ქვეყანაში და რა სირთულეებთან მოგიხდათ გამკლავება?

– როდესაც საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადმოვედით, მე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი. რთულია, დატოვო ნათესავები, მეგობრები, თანაკლასელები… ცხოვრების არცერთი წესი და კანონი არ ემთხვეოდა საქართველოსას და ყველაფრის სწავლა მომიწია. ყველაზე დიდ სირთულედ მაინც სკოლა მახსენდება. პირველ რიგში – ენის ბარიერი. ამერიკული ინგლისური ეს სულ სხვა თემაა. არ მესმოდა და ვერ ვიგებდი, რას ლაპარაკობდნენ. ამას მოჰყვა ბულინგი. ქართული თანაკლასელური ურთიერთობა აბსოლუტურად განსხვავდება ამერიკულისგან. სანამ ამოვხსენი მათი ურთიერთობების საიდუმლო, გამიჭირდა, მაგრამ არ დავნებდი. მიუხედავად ყველა სირთულისა, მე შევძელი და სკოლაში სათანადო ადგილი დავიმკვიდრე. სულ რაღაც ერთ წელიწადში გავმართე ენა და გავხდი მოწინავე მოსწავლე. დავიმეგობრე ყველა მასწავლებელი და მოსწავლე, მაგრამ ეს იყო ჩემი უდიდესი ძალისხმევისა და შრომის შედეგი. ღამეებს ვათენებდი სწავლაში.

– და ბოლოს, თუ ახერხებთ საქართველოსთან აქტიური ურთიერთობის შენარჩუნებას, სამშობლოში ჩამოსვლას და ასე შემდეგ?

– მიუხედავად ჩემი გრაფიკისა, ვახერხებ მუდმივ კავშირს ჩემს ქვეყანასთან. ჩემი ბებო და ბაბუ, დეიდა და ბიძა, დეიდაშვილები და ბიძაშვილები საქართველოში ცხოვრობენ, ასევე, ჩემი მეგობრები. სამწუხაროდ, რამდენიმე წელია, ჩამოსვლა ვერ მოვახერხე. სულ ვგეგმავ, მაგრამ დროში ვერ ვეტევი. იმედს ვიტოვებ, რომ მალე ვეწვევი ჩემს მონატრებულ საქართველოს.