არაჩვეულებრივი და ნიჭიერი მომღერალი ნინო ძოწენიძე ბოლო დროს სიახლით გამოჩნდა. მან ერთ დილას გაფიქრებული აზრი კარგად დაგეგმა, შეკრიბა ნიჭიერი მუსიკოსები და 12 წლის ოცნება, პრაქტიკულად, ერთ დღეში აისრულა. „ახალი ნეო“ – ასე დაარქვეს შეკრებილმა მუსიკოსებმა ჯგუფს და ისინი სულ მალე, სიახლეებით გაანებივრებენ გემოვნებიან მსმენელს.
ნინო ძოწენიძე: ადრე მყავდა ბენდი – ჯგუფი „ნეო“. მას შემდეგ 12 წელი გავიდა. ერთ დღესაც გავიღვიძე და ისევ ბენდის შეკრება მომინდა. დავურეკე ჩემს მეგობარს, ყოფილი ბენდის წევრს, თორნიკე სირაძეს და ვუთხარი: მიმიძებნე ბიჭები-მეთქი. ჩაერთო ამ საქმეში და ძალიან მალე მოხერხდა ძალიან ნიჭიერი მუსიკოსების შეკრება. ბევრი ვიფიქრეთ ბენდის სახელზე და ბოლოს, გადაწყდა, „ახალი ნეო“ გამეკეთებინა. ასე რომ, „ახალი ნეოს“ შექმნის იდეა, პრაქტიკულად, ერთ დილას გაჩნდა და დღეს უკვე აქტიურად ვმუშაობთ. მთელი ცხოვრება მიყვარს და მომწონს ცოცხალი მუსიკა, ბენდთან სიმღერას კი მომღერლისთვის აბსოლუტურად სხვა მუხტი აქვს და ბენდის ეს ახალი გაცოცხლება ნიშნავს იმას, რომ ახალი შემართებითა და ახალი შემოქმედებითი იდეებით დავუბრუნდეთ ჩვენს საყვარელ მსმენელს. სარეპეტიციო დარბაზი ჯგუფმა „მიქსტურამ“ გვათხოვა და ამისთვის დიდი მადლობა მათ. ნელ-ნელა დავიწყეთ, გადავიღეთ პრომოები, რეპერტუარი მზად გვაქვს და ვაპირებ, ბენდთან ერთად, აქტიურად ჩავება ბევრ კონცერტში. მიხარია, რომ იმ დილით გავიღვიძე ბენდის შექმნის იდეით და 12 წლის ოცნება ერთ დღეში ამიხდა. უცებ მოხერხდა ჩვენი შეკრება. ზოგადად, არ მიყვარს რაღაცების გაწელვა, დიდხანს ფიქრი და დაგეგმვა. თუ რამე მინდა, მინდა იმ დღესვე, ხვალ შეიძლება, გადავიფიქრო ან დამეზაროს. ასეთი ხასიათი მაქვს (იცინის).
– ბენდში ბიჭები არიან და მხოლოდ შენ ხარ გოგო?
– კიდევ ვამბობ, ძალიან მალე მოხდა ამ ყველაფრის თავის მობმა და არაჩვეულებრივი ჯგუფი შევიკარით: არაჩვეულებრივი მუსიკოსები – ძმები ჟორდანიები, გიორგი და ლაშა, სოლო გიტარა – 23 წლის არაჩვეულებრივი ნიკუშა ბრეგვაძე, არაჩვეულებრივი დრამერი, ბასი, კლავიში და ასევე, მომღერალი მარიამ ლიკლიკაძე, რომელიც არაჩვეულებრივად მღერის. თან, მე ხომ ნიჭიერებაზე ვგიჟდები და ეს ყველა ადამიანი საოცრად ნიჭიერია. რომ შევიკრიბეთ, ვუთხარი: თქვენ უნდა შეძლოთ, მე თავიდან გავცოცხლდე-მეთქი და ეს არაჩვეულებრივად მოახერხეს. შემიძლია, თამამად ვთქვა, ერთმანეთს ვაცოცხლებთ და ერთობლივად სასიამოვნო გარემოსა და სიმღერებს ვქმნით.
– თქვი, გადაწყვეტილებებს სწრაფად ვიღებ, რადგან შეიძლება, მერე დამეზაროს და თავი მივანებო იმ საქმესო. სისწრაფის გამო თუ შემცდარხარ?
– გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისას როგორ არ შევმცდარვარ, მაგრამ ისე არა, რომ დავზარალებულიყავი. ზოგადად, თუ რამე იდეა გამიწელავს, გადამიდია და მითქვამს: „დღეს არა, ხვალ“, მერე საერთოდ მიმვიწყებია. ეს ჩემი სისწრაფე და უცბად რაღაცის გადაწყვეტა, ხშირ შემთხვევაში, კარგად სრულდება. ინტუიცია მაქვს განვითარებული და გული ყოველთვის მიგრძნობს, როდის რა უნდა გავაკეთო, რომ არ შევცდე. კომუნიკაბელური ვარ და ადამიანს ყოველთვის კარგი მხრიდან ვუყურებ, ანუ ადამიანში იმ კარგ მხარეს ვირჩევ, რომელიც აქვს. თუნდაც, ბენდის წევრების შემთხვევაში, თვალი არ მეცეს, მაგრამ მიმართლებს. იმდენად გულთან ახლოს შემოვიდნენ ეს ადამიანები, რომ ჩვენ მარტო მუსიკა არ გვაერთიანებს. მგონია, უცებ რომ ვიღებ გადაწყვეტილებას, ამაში ინტუიცია და გულის კარნახიც მშველის და ამიტომ არ ვცდები. ჩემს ხასიათში ზის, რომ თუ მალევე არ მივიღე გადაწყვეტილება, მერე შეიძლება, დამეზაროს ან მიმავიწყდეს. ანუ, თუ ვერ მოგვარდა რაიმე, რაც იმწუთას მინდა, ვერ მოხერხდა და შედეგი ვერ დავინახე, ისეთი ხასიათი მაქვს, მერე შეიძლება, მოვეშვა. ჩვენი ბენდის შეკრებაში კი იმდენად სწრაფი შედეგი იყო, ისე დაგვიდგნენ გვერდში და ისე სწრაფად მოგვარდა, მეტი სტიმული გაჩნდა. საინტერესოცაა, ახალი სუნთქვაცაა და რადგან გაზაფხულზე დავიწყეთ ამოქმედება, ამ პერიოდში კი ყველაფერი იღვიძებს, ვხუმრობ: ამ გაზაფხულზე, მეც გავიღვიძე, „ახალ ნეოსთან“ ერთად-მეთქი (იცინის).
– ნინო, რისკიანი ადამიანი ხარ?
– ჩემს საქმეში რისკიანი ადამიანი ვარ. ზოგადად კი – არა. ზოდიაქოთი კურო ვარ და მიყვარს სტაბილური მდგომარეობა. ცხოვრებაში თავქარიანად არაფერს შევცვლი, თუმცა მუსიკალურ სფეროში სწრაფად მიმიღია ცვლილების გადაწყვეტილება, გამირისკავს და გამმართლებია. „შინამანაკენაც“ ხომ რისკი იყო, მაგრამ გაამართლა.
– შენი მეუღლე, გიგა კუხიანიძე ის ადამიანია, ვისაც შოუბიზნესის ბევრი წარმომადგენელი ეკითხება ჭკუას. შენ თუ გაძლევს რჩევა-დარიგებებს და რამდენად ითვალისწინებ?
– სანამ რაიმეს დაიწყებს, გიგას ბევრი ფიქრი უყვარს და სხვათა შორის, ბენდის თემას ცოტა არასერიოზულად უყურებდა. ახლა, შედეგით კმაყოფილია. მივხვდი, გიგას ფიქრისთვის დრო აღარ მაქვს, რომ არის რაღაცები, რაც მხოლოდ შენი გასაკეთებელია და ამას ვერავინ ვერასდროს ვერ გაგიკეთებს, რაც არ უნდა შენზე ზრუნავდეს. ეს თემა ჩემი გასაკეთებელი იყო და გავაკეთე კიდეც. ჩემი მეგობარი შოთიკო მაისურაძე დამეხმარა ყველა ფოტო-ვიდეოს გადაღებაში, საოცრებები გამიკეთა უანგაროდ. არიან ადამიანები, ვინც გვერდით მჭირდება და კონკრეტულ მომენტში მათ ღმერთი მიგზავნის. რასაკვირველია, გიგა სტუდიაში ჩაწერის დროს ჩვენ გვერდით იყო და ბოლომდე ჩართულია ამ საქმეში. არაფერი გაუპროტესტებია, პირიქით, მოსწონს ყველაფერი და მითხრა: ძალიან კარგია, აბა, შენ იცი, „მიაწექიო“ (იცინის). გვეხმარება, მაგრამ დიდად ჩართული არ არის და ვერც იქნება, იმდენი საქმე აქვს. სხვათა შორის, როცა რაღაცებს ვითვალისწინებ, ყოველთვის „ვბუქსაობ“, ამიტომ მირჩევნია, მე ჩემი საქმე გავაკეთო და შემდეგ გიგას ვაჩვენო და მისი აზრი მოვისმინო. არცერთ ჩემ მიერ ჩაწერილ და ნამღერ სიმღერას არ ვნანობ, ასეთი ჩემს რეპერტუარში არ არსებობს.
– ვინც გიცნობს, იცის, რომ ზაფხულის გოგო ხარ და ეს პერიოდი საოცრად გიყვარს. ამ ზაფხულს სად და როდის გაქვს დასვენება დაგეგმილი?
– რა თქმა უნდა, ოჯახი ტრადიციას არ დავარღვევთ და აგვისტოში აჭარაში წავალთ და დავისვენებთ. ზოგადად, არ მიყვარს წინასწარ ლაპარაკი, რადგან დავუკვირდი და როცა წინასწარ ვაგებ კოშკებს, მერე ის არ გამოდის. უცებ მინდა, ყველას მოვუყვე ჩემი სამომავლო გეგმა და მერე არ გამოდის ხოლმე. ამიტომ, სანამ კარგად არ დავგეგმავ და არ გადაწყდება, ხმამაღლა აღარ ვამბობ. მანამდე რომ ვიტყვი და არ გამომდის, მგონია, საკუთარი თვალი მეცა (იცინის).