რომელი ოცნება აუხდინეს შვილებმა თინათინ ჭულუხაძეს და რა გზა გაიარა მათე მარტიაშვილმა მაყურებლის სიყვარულამდე

145

მომღერალი თინათინ ჭულუხაძე, როგორც „ჯეოსტარის“ გამარჯვებული არაჩვეულებრივი მომღერალი, ყველას კარგად გვახსოვს. ცოტა ხნის წინ კი, საბავშვო მუსიკალურ პროექტ „რანინაში“ მისი შვილი, უნიჭიერესი მათე მარტიაშვილიც გავიცანით.

თინათინ ჭულუხაძე: ძალიან მიხარია, რომ მათეს წარმატებებს ამხელა გამოხმაურება აქვს. ჩემმა კარიერამ უკანა ფლანგზე გადაიწია, ახლა მთელი ოჯახი მათეზე ვართ აქცენტირებული და მისი წარმატებით ვხარობთ. მინდა, ყველას მოვესიყვარულო, ვინც მათეს მიმართ დიდ სიყვარულსა და ყურადღებას გამოხატავს. ეს ემოციები შეუდარებელია. აქამდე მეგონა, რომ ეტაპები, რომელიც ჩემი კარიერის განმავლობაში გავიარე, ყველაზე დიდი სიამოვნებისა და ბედნიერების მომტანი იყო, მაგრამ შვილის წარმატების ხილვა ძალიან აღმატებული გრძნობა ყოფილა. ეს ბედნიერება განუსაზღვრელია. როცა ხედავ, რომ საქმეს, რომელიც შენთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელია, შენი შვილიც აკეთებს და თან ისე კარგად გამოსდის, რომ მისით მთელი საქართველო ხარობს, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

– როგორ დაიწყო ეს ამბავი?

– მათე ძალიან პატარა იყო, როცა მასში მუსიკალური ნიჭი შევნიშნე. არც დროს ვიშურებდი და არც ენერგიას, რომ მისი მუსიკალური მონაცემები განმევითარებინა. ვაძინებდი, ვაჭმევდი თუ ვეთამაშებოდი, სულ ვღიღინებდით. სიმღერა ჩემთვის ყველაფერია და ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მათე ჯერ კიდევ ბაღის ასაკში იყო, როცა მის ხმაში პროფესიონალური ელემენტები აღმოვაჩინე, ვატყობდი, რომ მუსიკალურად აზროვნებდა და გადავწყვიტე, ფორტეპიანოზეც მიმეყვანა. ახლა ნიჭიერთა პროგრამაშია და საკმაოდ კარგად უკრავს. მეოთხე კლასი დაასრულა. „რანინას“ დამთავრების შემდეგ ვოკალის აკადემიაშიც მივიყვანე – „შავნაბადაში“ დათო ცინცაძესთან. ვცდილობ, შესაძლებლობები მრავალმხრივ განავითაროს.

– პროექტში მონაწილეობა რომ მარტივი არ არის, მიუხედავად გამარჯვებისა, ეს საკუთარი გამოცდილებით კარგად იცით. იგივე გზა გაიაროს შვილმა, თან ამ ასაკში, არ იქნებოდა მარტივად მისაღები გადაწყვეტილება.

– როცა მათეს შესაძლებლობებში დავრწმუნდი, იმდენად მინდოდა, ამ პროექტში მიეღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ მათემ თავიდან უკან დაიხია, მითხრა: დედა მე არ ამიყვანენ ამ პროექტში, არ ვარ ასეთი ძლიერი შემსრულებელიო, მე მის შესაძლებლობებსა და ინდივიდუალიზმში ეჭვი არ მეპარებოდა. პირველივე ქასთინგზე ჟიური ისეთი განწყობით შეხვდა, რომ თავდაჯერებულება მოემატა და მეორე ქასთინგზე ძალიან ლაღი წავიდა.

ახალი წლის წინა დღით პროდიუსერმა დამირეკა და მითხრა, რომ მათე შერჩეულ კონკურსანტებს შორის იყო, მაგრამ არ შეიმჩნიოთ, თუ შეძლებთ, ბავშვს წერილი დაუწერეთ ამის შესახებ და ნაძვის ხესთან დაუდეთ, რომ საჩუქრებთან ერთად ნახოს და როცა ამ ამბავს გაიგებს, მისი რეალური რეაქციები აღბეჭდეთო. ასეც მოვიქეცით და მათემ, ახალი წლის ღამეს, ამ წერილის მეშვეობით გაიგო, რომ „რანინას“ მეშვიდე სეზონის ათეულში მოხვდა. მის ბედნიერებას, ისევე, როგორც მთელი ჩვენი ოჯახისას, საზღვარი არ ჰქონდა.

ვითვალისწინებდი იმას, რომ პროექტს ბევრი სირთულე ახლავს, მით უმეტეს, 10-11 წლის ბიჭისთვის, მაგრამ „რანინაში“ იმხელა სიხარული და პროფესიონალიზმი ტრიალებდა, რომ ვიცოდი, ჩემი შვილი ძალიან ბედნიერი იქნებოდა. ამ პროექტისგან კარგის მეტი მოლოდინი არ მქონია. ძალიან კარგი განწყობით მივედი და მართლაც ძალიან ბედნიერები ვართ. მათეს ისეთი დონის მუსიკოსებთან და მომღერლებთან მოუწია მუშაობა და ისე გაიზარდა, რომ არ დავიღლები ამ ჯადოსნური პროექტისთვის მადლობის გადახდით. რვაასი ბავშვიდან რომ ათეულში მოხვდები, ეს უკვე გამარჯვებაა და ჩვენ ამას ვაფასებთ. ხალხისგან კი მათეს მიმართ იმხელა სიყვარული წამოვიდა, რომ ეს ყველაფრად ღირდა.

– მეორე შვილზე და თქვენს ტრიოზეც ვისაუბროთ.

– თომაც ძალიან მუსიკალურია. 8 წლისაა, ფორტეპიანოზე დადის, დედიკოს სტუდიაშიც დადის, ძალიან ღრმა და მგრძნობიარე ბიჭია. მრავალფეროვანი ინტერესები აქვს, სპორტი უყვარს, ცურვაზე გიჟდება და მუსიკალური ნიჭიც აქვს. ვიტყვი, რომ ორივე შვილში გადავიდა დედის გენეტიკა. ჩემი მეუღლე სპორტული სამყაროს წარმომადგენელია, წარმატებული მოჭიდავე იყო, თუმცა ამჟამად სახელმწიფო სამსახურშია. ვხუმრობ ხოლმე, შვილებში ჩემმა გენმა იმძლავრა-მეთქი. ვცდილობთ, ხმებში ვიმღეროთ. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, როცა შვილებთან ერთად სამ ხმაში ვმღერი. ჩემი ოცნება იყო, შვილებს ჩემთან ერთად ემღერათ და ახლა ეს უკვე ჩემი ახდენილი ოცნებაა.

– 15 წლის ასაკში უამრავმა ადამიანმა გაგიცნოთ, მუსიკალურ პროექტში გაიმარჯვეთ. შემდეგ იყო აქტიური თუ პასიური პერიოდები. ახლა კი შვილებში გადასული ეს ნიჭი, მგონია, რომ თქვენთვისაც მეტის გაკეთების სტიმულია.

– როცა დედა გავხდი, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვნად იქცა. ახლა, როცა საზოგადოების მხრიდან მათეს მიმართ ამხელა დაინტერესებაა, დიახ, მეც მეტი სტიმული მომეცა და ერთადაც ვაქტიურობთ. უკვე პირველი დუეტიც ჩაიწერა, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ძალიან მიხარია. შვილთან ერთად საზოგადოების წინაშე, სცენაზე დგომა და შესრულება სულ სხვა ემოციები ყოფილა. კი, ეს სასიამოვნოა, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, უფრო მეტად მაინც მათეს კარიერაზე ვარ ორიენტირებული. ჩემი ნაკლებად მაინტერესებს. მინდა, ჩემი შვილი იყოს წარმატებული და მაქსიმუმი გააკეთოს. შეიძლება, მე ბევრი რამ ვერ გავაკეთე ისე, როგორც საჭირო იყო, ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა და ვერ განვავითარე ჩემი კარიერა ისე, როგორც მინდოდა, ამიტომ განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ ჩემს შვილს, არ მინდა, დაკარგოს ის, რაც მოიპოვა და დავეხმარები, რომ საკუთარი პოტენციალი ბოლომდე განავითაროს.

– თქვენთვის არ იყო რთული, აღმაფრენისა და გამარჯვების შემდეგ მოვლენები ისე რომ არ განვითარდა, როგორც ელოდით?

– თავისთავად, ძალიან მტკივნეული იყო, მით უმეტეს იმ ასაკში და ვბრაზობდი, რატომ ვერ ვაკეთებ იმდენს, რამდენიც შემიძლია-მეთქი. ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა, ომის პერიოდი დაემთხვა, შემდეგ სწავლაზე გადავერთე. უნივერსიტეტი დავამთავრე თუ არა, დევნილთა მუნიციპალიტეტში დავიწყე მუშაობა და ჩემი კარიერა სხვა მიმართულებით მივმართე. გავთხოვდი და ჩემი პრიორიტეტების სიაში პირველი ადგილი ოჯახმა დაიკავა. დედობამ, შვილებზე ზრუნვამ დიდი დრო მოითხოვა და იმ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო. ერთი წუთითაც არ ვნანობ. სცენა მენატრებოდა, მაგრამ შვილების აღზრდა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და ამ მონატრებას ანეიტრალებდა.