ფოტოგრაფი და პიარსპეციალისტი ნათია გედენიძე სოციალურ ქსელში მისი შვილის პრეზიდენტთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ პრეზიდენტმა მარიამ გედენიძის წერილი წაიკითხა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში თანადგომა აღუთქვა.
„განსაკუთრებული ფერისცვალება ჩვენი მარიამისთვის.
ამ პოსტის მერე გაიგებს ჩემი მადლობის ადრესატი, თუ ვინ იყო ის 19 წლის მარიამი, რომელმაც ათონელზე საფოსტო ყუთში ჩააგდო წერილი, სადაც უკანასკნელ იმედად პრეზიდენტი მიაჩნდა, ადამიანი, რომელსაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი აქვს საფრანგეთში გატარებული და ესმის რას ნიშნავს სხვა ქვეყანაში სწავლა და ცხოვრება.
მიუხედავად პრეზიდენტის დატვირთული გრაფიკის და საფოსტო ყუთში უამრავი წერილისა, ამ ქალბატონმა სრულად წაიკითხა მარიამის წერილი და პირადად გაცნობა ისურვა, რასაც საჩუქრად საკუთარი სახსრებით თანადგომა და მომავალი მხარდაჭერა მოაყოლა.
დიდი მადლობა პირადად ქალბატონ სალომეს, თქვენ დღეს არც იცოდით, რომ ამ საჩუქარს იმ გოგონას უკეთებდით, ვისი მშობლების სიმართლის ყოველთვის გჯეროდათ და მათი გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების დღეს უზენაეს სასამართლოში მობრძანდით. იქ შეგხვდით ერთხელ და დღეს ბედნიერებით სავსე გამოაცილეთ ათონელის რეზიდენციიდან ჩვენი შვილი. სასწაულებიც ხდება და ყოველთვის მჯეროდა რომ მეც გავიზიარებდი ამას! Salome Zourabichvili თქვენ ეს შეძელით“, – წერს ნათია გედენიძე.