“სადმე გინახავთ რესტორნის მეპატრონე გამოსულიყოს და ემღეროს?“ – როგორ ხვდება თბილისის ერთ-ერთი ვინტაჟური კაფეს მეპატრონე სტუმრებს (ვიდეო)
სოციალური ქსელი თბილისში, ერთ-ერთ ღია კაფეში გადაღებულმა ემოციურმა ვიდეომ მოიცვა – კადრები ვერცხლის ქუჩა #52-ის იტალიურ ეზოში მდებარე ერთ-ერთ ვინტაჟურ კაფეში – Musa Tbilisi-შია გადაღებულია.
კაფეს მეპატრონე, ზუტა ძიძიგური აკომპანემენტის თანხლებით, სტუმრების წინაშე გამოდის და შესანიშანავად ასრულებს სიმღერას „O Sole Mio“.
ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს ზუტა ძიძიგურის და, მარიამ ჩაჩუა და წერს:
„ჩვენი ეზო, თბილისური, ეკო-მეგობრული, მყუდრო და თან ძალიან მხიარული. ბრავო ჩემს ძმას თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელმაც ჩვენი ბავშვობის მოგონებების ადგილი ვინტაჟურ კაფედ და ძველ თბილისში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილად აქცია“, – წერს მარიამ ჩაჩუა.
როგორც მარიამი „ფორტუნას“ უყვება, და-ძმა სწორედ ამ ეზოში გაიზარდა, გასულ წელს კი ზუტამ ეზო საკუთარი ხელით გადააკეთა და ვინტაჟურ კაფედ აქცია.
ზუტა ოპერის მომღერალია, მას მილანში, ვერდის კონსერვატორია აქვს დამთავრებული.