ეკა ტუჩაშვილი ამერიკული ემიგრაციის წარმომადგენელია. მისი ამერიკული ცხოვრების დასაწყისი ურთულესი იყო, ბევრი ბრძოლა გახდა საჭირო, თუმცა შეუპოვრობამ შესაბამისი შედეგი გამოიღო.
ეკა ტუჩაშვილი: საქართველო 2003 წელს დავტოვე ჩემს პატარა გოგონასთან ერთად, რომელიც ახლა 25 წლის არის. დაქორწინებიდან ზუსტად 11 თვეში ჩემი მეუღლე, ბადრი გოგრიჭიანი, ამერიკაში წავიდა, მე კი, ორი თვის შვილთან ერთად, საქართველოში დავრჩი. გვინდოდა, ერთად წავსულიყავით, მაგრამ ფეხმძიმობის გამო გავჩერდი, ვერ გავბედე პირველი შვილის უცხო ქვეყანაში გაჩენა, შემეშინდა. ჩემი ქმარი 1999 წლის ივლისში წავიდა ამერიკაში და მე ოქტომბერში ვგეგმავდი, გაცვლითი პროგრამით წავსულიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, მთელ ჯგუფს უარი ჩაგვირტყეს და პასპორტი გამიფუჭდა.
მაშინ, როცა პატარა და ჯერ არშემდგარი დედა ვიყავი, ძალიან ადვილად ვთქვი, ბავშვს ჯერ დავტოვებ-მეთქი, მაგრამ როცა ფაქტის წინაშე დავდექი, შვილის საქართველოში დატოვება ვეღარ შევძელი. ოთხი წელი ვიბრძოლე იმისთვის, რომ შვილთან ერთად წავსულიყავი და როგორც დასაწყისში გითხარით, 2003 წელს შევძელი და ორივე ერთად წავედით.
მე და ჩემს გოგონას ერთმანეთის მიმართ საოცარი მიჯაჭვულობა გვქონდა. მაშინ სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი და ბავშვს სახლში არ ვტოვებდი, ლექციებზე მასთან ერთად დავდიოდი. მთელი სტუდენტობა ერთად გავატარეთ. სამწუხაროდ, მაშინ არ იყო საშუალება, რომ მამასთან ეკონტაქტა, მისი სახე დაენახა, რის გამოც ბავშვს საშინელი სტრესი ჰქონდა. მამა მხოლოდ მის წარმოსახვაში ცხოვრობდა. ვერ იგებდა, რატომ არ ჰყავდა გვერდით, როცა გარშემო ყველას ჰყავდა და ბიძებს სთხოვდა, შეიძლება მამა დაგიძახოო?! ამის შემხედვარეს, მე როგორ შევძლებდი, რომ დედის გარეშეც დამეტოვებინა?!
დღეს ანუკი უკვე დიდი გოგოა და ახლა მისი ქორწილი გვაქვს, საქართველოში იწერს ჯვარს. ძალიან მიხარია, რომ ამერიკაში აღზრდილმა ბავშვმა, ქართველზე გადაწყვიტა დაქორწინება და ქორწილი საქართველოში მოინდომეს.
– ამერიკული ცხოვრების დასაწყისი როგორ გახსენდებათ?
– საოცრად რთული იყო. ჩვენ საბუთების გაყალბებით წავედით ამერიკაში. სხვა გზა არ არსებობდა, რომ ბავშვი ქვეყანაში შემეყვანა. ძალიან დიდი თანხა გადავიხადე, რომ ანუკიც თან წამეყვანა. რადგან პასპორტი თავიდანვე გამიფუჭეს, ძალიან რთული გზის გავლა დამჭირდა. უზარმაზარი ვალები ავიღე ამის გამო.
ფაქტის წინაშე რომ დავდექით, მივხვდით, რომ იმ ქვეყანაში თავის დამკვიდრება ძალიან რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე ოთხი წელი იქ ცხოვრობდა, ძალიან გაგვიჭირდა. მახსოვს, მარტო იმაზე ვზრუნავდი, რომ ანისთვის და ჩემი მეუღლისთვის საჭმელი გამეკეთებინა. სულ ვამბობდი ხოლმე, მე უკვე ვჭამე მომზადებისას, ვეღარ მოვითმინე-მეთქი, სინამდვილეში კი, უბრალოდ, ვითმენდი, რადგან საჭმელი ყველასთვის საკმარისი არ იყო. ბევრჯერ ისე მშიოდა, ცარიელი ქვაბიც კი მომიწმენდია.
– როგორ შეძელით ფეხზე წამოდგომა და თუ მოახერხეთ ამერიკული ოცნების ახდენა?
– ვერ ვიტყვი, რომ მე ამერიკული ოცნება მქონდა-მეთქი. წლებით ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი ამას. რომ ჩავედი, მოქმედება იყო საჭირო. მაშინვე მოვნახე სამსახური და ინტერიერის დიზაინერად დავიწყე მუშაობა. ვკერავდი ძალიან ძვირად ღირებულ ფარდებს, გადასაფარებლებს და ყველაფერს, რაც ინტერიერს სჭირდება. საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო, თუმცა შესაბამისი ანაზღაურება არ მქონდა. ბუნებრივია, არც ენა ვიცოდი, არც საბუთები მქონდა. ვფიქრობდი, კიდევ რისი გაკეთება შემეძლო, რადგან ბავშვს განვითარებისთვის ბევრი რამ სჭირდებოდა. გადავწყვიტე, სახლების დალაგება დამეწყო. ეს ძალიან რთული ნაბიჯი იყო. პირველად რომ ამერიკელების სახლში დასალაგებლად შევედი, დიასახლისი ძალიან ცუდად მექცეოდა. ის ადამიანი დღემდე არ მავიწყდება, ყინულის ქალს ვეძახდი. თუმცა, მასთან მუშაობით მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან შემეძლო, ჩემი შვილისთვის მასწავლებელი ამეყვანა.
ნელ-ნელა მყარად დავდექით ფეხზე და მეორე შვილიც შეგვეძინა – საბა. არ მინდოდა სამსახურის დაკარგვა და ავიყვანე დამხმარე გოგოები. ასე შეიქმნა „ეკას სახლების დალაგების კომპანია“. მექსიკელ გოგოებს ვამუშავებდი ჩემთან და უკვე საკმაოდ მყარად ვიდექი ფეხზე. რასაც ვაკეთებდი, მთლიანად ჩემი შვილების განათლებაში ვდებდი. საკუთარი თავი ცოტა ხანი გვერდზე გადავდე, რადგან მეგონა, საკუთარი თავისთვის დახარჯულ დროს შვილებს ვართმევდი.
საბა რომ ცოტა წამოიზრდა, მაშინ დავიწყე ფიქრი, რომ დრო იყო, ჩემი პროფესიით განვვითარებულიყავი. არტაკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე, რაც უსაბუთო ადამიანისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. საბოლოოდ მიზანს მაინც მივაღწიე, ყველაზე დიდი ემოციები მქონდა, როცა მითხრეს, რომ აკადემიაში მოვხვდი, მაგრამ მესამე შვილზე დავრჩი ფეხმძიმედ და ვეღარ გავრისკე. ამიტომ კიდევ ერთი პაუზა დამჭირდა. მესამე შვილი, მარიამი რომ წამოიზარდა, კოლეჯში ჩავაბარე. იქ კონსულტანტმა მკითხა, რატომ გინდა ჩვენთან სწავლაო და ვუთხარი, რომ ლიცენზია მჭირდება სამსახურისთვის, მინდა, ჩემი პროფესიით დავიწყო მუშაობა-მეთქი. კონსულტანტი გაბრაზდა და მითხრა, გაბრძანდი ოთახიდანო. ვერ მივხვდი ეს რას ნიშნავდა, ვიფიქრე, რომ რაღაც შემეშალა ენის სათანადოდ არცოდნის გამო, მაგრამ შემდეგ მითხრა, იცოდე, შენი ლიცენზია არის შენი ნიჭი და ცოტა სხვანაირად იფიქრე ცხოვრებაზეო. ეს სიტყვები ჩემთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ამის შემდეგ დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. ისიც მითხრა, თავი ასწიე და ყველა სამსახურში, სადაც მიხვალ, ასე წარადგინე შენი ნამუშევრები. თავდახრილ და აკანკალებულ ეკატერინეს ნუღარავის დაანახვებო.
რაც შეეხება ხელოვნებას, მუდმივად ძიებაში ვიყავი. პირველად თიხით დავიწყე. ვძერწავდი, პატარა სუვენირებს ვამზადებდი, თოჯინებს, ქანდაკებებს. მერე თიხა პროფესიონალურ დონეზე შევისწავლე.
პროფესიით მხატვარ-დიზაინერი ვარ. „კუტურ ფეშენ-ვიქისთვის“ 37 კოსტიუმი შევქმენი. ანდრეს აკინო გახლავთ „კუტურ ფეშენ-ვიქის“ პრეზიდენტი და მე სწორედ მისი დიზაინერი ვიყავი.
– რაც შეეხება მხატვრობას?
– მახსოვს, „ფეშენ-ვიქზე“ საბოლოო ტაშსა და ემოციებს ველოდი და როცა ის მივიღე, აღმოვაჩინე, რომ აღარ ვიყავი ისეთი ბედნიერი ამ საქმით, როგორიც მანამდე და მაშინ მივხვდი, რომ ამ სფეროში მუშაობა ჩემთვის, რატომღაც, მოსაწყენი იქნებოდა. ისევ ხატვა დავიწყე. 2019-2020 წლიდან, ფუნჯი სერიოზულად ავიღე ხელში. გარეთ არ გამომქონდა ჩემი ნამუშევრები, მაგრამ ხატვით ვივსებოდი, ეს იყო ჩემი ენერგიის წყარო.
ერთ დღეს ლელა ნინუა დამიკავშირდა და მითხრა, რომ კარგი იქნებოდა, პერსონალური გამოფენა გამეკეთებინა, რისი წინააღმდეგიც ვიყავი, რადგან მიმაჩნდა, რომ შესაბამისი მზაობა არ მქონდა. თუმცა, ლელამ დამარწმუნა და პატარა სალონური გამოფენა გავაკეთეთ. ეს ძალიან ემოციური დღე იყო. მახსოვს ხალხის ემოციები, მათი საოცარი შეფასებები… ხელოვანისთვის დიდი რისკია საკუთარი ნამუშევრების გამოფენა და მე იმ დღეს უზარმაზარი ჯილდო მივიღე ადამიანების შეფასებების სახით.
მას შემდეგ არაერთ სერიოზულ შემოთავაზებას ვიღებ. დავდიოდი ფესტივალებზე და ყველაზე მეტად ვამაყობდი, როცა ფესტივალზე საქართველოს დროშას ვაფრიალებდი და ამერიკელებს საქართველოს ვაცნობდი. შტატიდან-შტატში გადავდიოდი და ამან ძალიან მომხიბლა.
ამავდროულად, მე ხატვას, ფერწერასა და ძერწვას ვასწავლი კულტურის სახლ „ფესვებში“. ბავშვებთან მუშაობა კიდევ ცალკე ბედნიერებაა. სახლშიც გავაკეთე საკუთარი სტუდია, სადაც ასევე, პატარებს ვასწავლი. სწავლის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ჩემი მოსწავლეები ნიჭიერთა სკოლაში აბარებენ და საერთაშორისო კონკურსებში იღებენ მონაწილეობას. სიამაყით მინდა, გითხრათ, რომ ყველა კონკურსზე ჩემი ბავშვები იმარჯვებენ და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.
ამას წინათ საგარეო საქმეთა სამინისტროდან დამიკავშირდნენ – „დედაენის დღესთან“ დაკავშირებით გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც ჩემმა ორმა ბავშვმა გაიმარჯვა, პირველი და მეორე ადგილები აიღეს და მითხრეს, რომ ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა, რომ ერთი მასწავლებლის ორ მოსწავლეს ასეთი შედეგი დაედოო. მათ გამარჯვებული ბავშვები თავიანთი სახსრებით ჩამოიყვანეს საქართველოში და დააჯილდოვეს. ეს იმხელა ემოცია და სტიმული იყო, ღმერთო ჩემო, ვერც გადმოგცემთ.
მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ძალიან რთული გზით მოვედით, მე შემიძლია თამამად და ამაყად ვთქვა, რომ ჩემი ოჯახი შედგა. ჩვენ საოცარად ქართული, ტრადიციული ოჯახი გვაქვს ამერიკაში. საოცარი შვილები გვყავს, სამივე არაჩვეულებრივად საუბარობს ქართულად, ცეკვავენ და მღერიან ქართულად, ქართულ სულსა და გულს გრძნობენ და ეს ჩვენთვის ყველაფრის ტოლფასია. ამასთან ერთად, ჩემი კარიერაც რომ ასე განვითარდა და ისევ და ისევ საქართველოსა და მის მომავალს დაუკავშირდა, ესეც ძალიან მახარებს და ამ ყველაფრის გამო, უფლის უზომოდ მადლიერი ვარ.