“რაც შევძელი, შემზარავი კივილი იყო…”

1,387

ტელეწამყვანი და პიანისტი თათია შარანგია სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი უმცროსი ვაჟი აუზში დახრჩობას გადაურჩა:

“ვეცდები სიტყვებს თავი მოვუყარო.. რაც მე გადავიტანე, არ გადაიტანოს არცერთმა მშობელმა. ღმერთს მადლობა! ანდრუშა მეორედ დაიბადა ჩემს თვალწინ, მამამისის დაბადების დღეზე. წინა ღამეს ამბობდა, ეს ჩემი დაბადების დღეა-მამიკომ მაჩუქაო. სიმართლეს ამბობდა თურმე.

ანდრუშა აუზში ჩავარდა, კამერის გარეშე. წყლიდან მე ამოვიყვანე, წყალნაყლაპი… დეტალებს ვერ მოვყვები… რაც შევძელი შემზარავი კივილი და არაადექვატური რეაქციები იყო. ამ ყველაფერს ხედავდნენ ედუ და სანი. ვერ გადმოვცემ მათ ცრემლებს და უდიდეს, წარმოუდგენელ ემოციებს. მუხლებზე მდგომი იძახდნენ “ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ძმა”… უდიდესი მადლობა ჰოლიდეინის თანამშრომელს – ლუკა მურვანიძეს, Luka Murvanidze რომელმაც თავისი სწრაფი, პროფესიონალური რეაქციით თვალწინ მაჩუქა შვილი. არვიცი საიდან გაჩნდა წამებში იქ, უშიშარი, გამბედავი… ის, რომ არა, მე ვხედავდი რა მემართებოდა. რომ შეგვეძლოს დაუნანებლად ვაჩუქებდით სიცოცხლის წლებს. მეც და სანდროც.

დიდი მადლობა იაშვილის კლინიკას, განსაკუთრებული მადლობა გიორგი გორგიჯანიძეს, ვალერი კვარაცხელიას… Valeri Kvaratskhelia მადლობა ზე-პროფესიონალ ექიმებს. რომლებიც საკუთარი შვილივით ექცევიან ანდრუშას. მადლობა ქალბატონ მარინას, მაკას,ელენეს, ნანას. არაჩვეულებრივ ექთნებს – ლიზის, ქეთის, ანას…

მადლობა ყველას ვინც ილოცეთ ჩემი შვილისთვის… მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც 3 წუთში გაჩნდნენ ჰოლიდეინში… დედაჩემის თვალებში ვკითხულობდი იმედს. მადლობა ჩემს გარემოცვას, მთელ არმიას რომელიც იაშვილის ეზოში იდგა და ჩვენთან ერთად ნერვიულობდა. ჩვენს შვილს ორი დაბადების დღე აქვს. ჩემს თვალწინ, ჩემს თვალწინ ის მეორედ დაიბადა. ალბათ ამ შემზარავ წუთებს ვერასდროს გავიხსენებ ცრემლების ზღვის გარეშე. მაგრამ მადლობელი და უბედნიერესი ვარ რომ ის ჩემს გვერდით არის და რაც მთავარია ჯანმრთელი… სიკეთე არ იკარგება და პირველად ცხოვრებაში რეანიმაციის კართან მდგომმა ვთქვი, რომ რაც კი სიკეთე გაუკეთებია სანდროს, მამაჩემს, ზოგადად ჩემს ოჯახს, ბუმერანგივით დამიბრუნდა შვილის მეორედ დაბადებით…

არაფერია ჯანმრთელობის ფასი.. ერთმა უყურადღებო წუთმა შეიძლება ტრაგედიად აქციოს ჩვენი დარჩენილი ცხოვრება. გავუფრთხილდეთ შვილებს, ყველა წუთი ვაჩუქოთ მათ. სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. ამ ყველაფერმა ძალიან დაგვაფიქრა ცხოვრებაზე და ბევრ რამეს სხვანაირად შეგვახედა. 18 აგვისტოს მოგვილოცეთ ამიერიდან მთელ ოჯახს დაბადების დღე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა”, – წერს შარანგია.