როგორ აგიჟებდნენ დედას თამუნა და ქეთი გომართელები და რის გამო არის ყველაზე ბედნიერი ქალი ნუნუკა გომართელი

81

ნუნუკა კუპატაძე თამუნა და ქეთი გომართელების დედა და ძალიან წარმატებული ხელოვანი გახლავთ, რომელსაც არაერთი ქართველი ვარსკვლავი აღმოუჩენია და მისთვის გზა გაუკვალავს.

ქალბატონ ნუნუკასთან საუბარი იმ სიყვარულზე დავიწყეთ, რომლის მოპოვებაც მისმა შვილებმა მოახერხეს.

ნუნუკა გომართელი (კუპატაძე): უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც ხედავ, რომ საზოგადოება შენი შვილების მიმართ ძალიან დიდ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს – ეს ღმერთის საჩუქარია. 50-წლიანი, ძალიან სერიოზული შემოქმედებითი კარიერა მაქვს. მგონია, რომ ჩემი გზა ძალიან ლამაზად და ღირსეულად განვლე – უამრავი ჯილდოს მფლობელი და ღირსების ორდენის კავალერი გახლავართ, მაგრამ დედისთვის ყველაზე აღმატებული მიღწევა ეს ყოფილა.

მე ყველა ნიჭიერი ბავშვი მიყვარს. ჩემი საქმიანობა, სწორედ ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და ხელშეწყობას ემსახურება. მთელი ცხოვრება ამ მიზნით ვშრომობ და ვიტყვი ხოლმე, რომ ღმერთმა ამისთვის ჩემი შვილებით დამაჯილდოვა.

– ბავშვობაში როგორი გოგონები იყვნენ?

– მათი ბავშვობა, ჩემთვის, როგორც დედისთვის, ურთულესი პერიოდი იყო (იცინის). თამუნა იყო ბავშვი, რომელმაც ექვსი თვიდან დაიწყო მეტყველება და თავიდანვე გამართულად საუბრობდა, თუმცა დროსთან ერთად, ბუნებრივია, უფრო და უფრო იხვეწებოდა. მე ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ყოველთვის ძალიან დაკავებული ვიყავი და მის აღზრდაში, ოჯახის წევრებთან ერთად, ძიძა მეხმარებოდა, რუსი ქალბატონი. აქედან გამომდინარე, ბავშვმა თავიდანვე უაქცენტოდ დაიწყო საუბარი რუსულად. სიმართლე გითხრათ, ვერც კი გავიგე, როდის ისწავლა წერა-კითხვა, ინგლისური, გამრავლება-გაყოფა, მიმატება-გამოკლება და ასე შემდეგ. 4 წლისაც არ იყო, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ეს ყველაფერი იცოდა. სამი წლის იყო, როცა შექსპირის სონეტებს კითხულობდა. თოჯინებით არასდროს უთამაშია, სულ წიგნებთან იჯდა. პირველ კლასში დიდხანს არ უვლია, რადგან ძალიან ნერვიულობდა, კლასელები ძალიან ნელა და ბორძიკით კითხულობენო. თვითონ, რა თქმა უნდა, სრული ხუთოსანი იყო. განათლების სამინისტროს სპეციალისტებს დაკვირვების ქვეშ ჰყავდათ და კატეგორიულად გაგვაფრთხილეს, რომ ბავშვი არ უნდა დაგვეტვირთა. გვითხრეს, ღამე სინათლე გამოურთეთ, რომ არ იმეცადინოსო, მაგრამ თამუნა არ გვემორჩილებოდა. შუაღამისას ადგებოდა და წერდა, თარგმნიდა. გვეუბნებოდა, ეს რომ არ გავაკეთო, თავი გამისკდებაო. დღემდე ძალიან შრომისმოყვარეა. მისგან ვერასდროს გაიგებთ, რომ რამის გაკეთება არ შეუძლია. თავიდანვე ძალიან ჯიუტი და პირდაპირი იყო. მოგეხსენებათ, რა ხდებოდა იმ წლებში ქუჩებში. მაგალითად, თუ უბანში მივდიოდით და დავინახავდი, რომ იქვე საეჭვო, წამალდამოკიდებული ბიჭები იდგნენ, ვეტყოდი, დედიკო, თავი დახარე და ჩქარა გავიაროთ-მეთქი. ამ დროს, თამუნა გაჩერდებოდა და დაუწყებდა ლაპარაკს ამ ბიჭებს: როგორ შეიძლება, ცუდ სიტყვებს რომ ამბობთ ან ძირს ყრით ნაგავსო. შიშის კანკალი მიტყდებოდა, მაგრამ მას ვერაფრით ვაჩერებდი. ვტიროდი ხოლმე, ამ ბავშვით გარეთ ვერ გავალ-მეთქი. არც სამსახურში მიმყავდა. მეგობრები მეუბნებოდნენ, ჩემს შვილს ერთს რომ ვუჩქმეტ, მაშინვე ხვდება, რომ უნდა გაჩერდესო და თამუნასთვის სულ რომ თმები დაგეწიწკნა, გამორიცხული იყო, გაჩუმებულიყო, მაინც იტყოდა, რასაც ფიქრობდა და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა ხოლმე (იცინის). მაშინ მუსიკალურ სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგე ვიყავი და ერთ დღეს, ისე მოხდა, რომ დამტოვებელი არ მყავდა, ამიტომ სამსახურში წავიყვანე. ძალიან საყვარელი გარეგნობა ჰქონდა, მომწვანო თვალები, ქერა კულულები, პუტკუნა, საოცარი მოძრაობებით, მაგრამ ვერ იტანდა, ვინმე რომ ბავშვივით ექცეოდა. იმ დღესაც, ყველა ყურადღებას აქცევდა, უცინოდნენ, რა საყვარელიაო. ერთმა თანამშრომელმა უთხრა, როგორი საყვარელი და სასაცილო გოგოაო. თამუნა მიუბრუნდა და ეუბნება, შენ მაინც რა გაცინებს ამხელა ცხვირის პატრონსო. წარმოიდგინეთ, როგორ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი.

ბავშვობიდანვე ძალიან მოსწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამისთვის სპექტაკლებს დგამდა. ისევ და ისევ პროფესიული პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე, თამუნას ბებიასთან და დეიდასთან ვტოვებდი ხოლმე. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით, სადაც ბევრი მეზობელი გვყავდა. დავტოვებდი ბავშვს სახლში, კარგად იყო და რომ ვბრუნდებოდი, ეზო მეზობლებით სავსე მხვდებოდა. იდგა ხალხი და სახეს იხოკდა. ავიდოდი სახლში და იქ სასწრაფო მხვდებოდა. ჩემს არყოფნაში ბავშვს გული მისდიოდა და მიზეზს ვერ ხვდებოდნენ. დაიწყო სერიოზული გამოკვლევები, დაკვირვებები. ექიმები დიაგნოზს ვერ სვამდნენ. ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა ჩვენს თავს და წარმოიდგინეთ, რამხელა ტრაგედია იყო ეს ოჯახისთვის. საქმე ის იყო, რომ თამუნას ზუსტად ახსოვდა, რა ხდებოდა მისი გულის წასვლის პერიოდში. წარმოიდგინეთ, მთელი თვე ასე გრძელდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს, მე და ჩემი მეუღლე სახლიდან გამოვედით, მაგრამ შემთხვევით შევფერხდით, უცებ წივილ-კივილი ატყდა და ხალხი გარბის. ისევ იგივე – თამუნა ცუდად გახდაო. მაშინვე გავიქეცით და ვხედავთ, სასწრაფოს ჰყავს გადაწვენილი – თითზე უკბინეს, ყურზე მოქაჩეს, ის ქნეს, ეს ქნეს, მაგრამ არ ინძრევა ბავშვი. ამ დროს ძალიან პატარაა, 4 წლის იქნებოდა. ჩემმა მეუღლემ თავი დახარა, თვალებში სული შეუბერა მაგრად და უცებ თამუნამ თვალები დააფახურა. ასე აღმოვაჩინეთ, რომ ამ ყველაფერს თამაშობდა. მას, უბრალოდ, ყურადღების მიქცევა უნდოდა და ამ შოუს დგამდა… 4 წლის ასაკში.

– ქეთი როგორი გოგო იყო?

– თუ თამუნა ძალიან მშვიდი იყო და შეეძლო მთელი დღე ერთ ადგილას მჯდარიყო და ეკითხა, ქეთი კედლებზე დადიოდა. სახლში ყველაფერს ვმალავდით, რამე რომ არ დაეშავებინა. სულ ცდილობდა „დენცქვიტაში“ რაღაც შეერჭო და ყველაფერი დაგმანული გვქონდა. ერთ დღეს ძალიან მაღალი კარადის თავიდან გადმოვარდა და პირი სულ სისხლიანი ჰქონდა. ჩემს კივილზე მეზობლებით გაივსო სახლი და რომ დავრწმუნდი, საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ვეკითხები, დედიკო, ასეთ რამეს ხომ აღარ გააკეთებ-მეთქი და მპასუხობს, ვერ შეგპირდები, ისე ლამაზად მოვფრინავდიო.

ამიტომაც ვამბობ, ალბათ, მათი დღევანდელი წარმატებული ცხოვრება, საჩუქარია ჩემთვის იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ბავშვობაში გამომატარეს (იცინის).

ქეთი სწავლის მხრივაც თამუნას სრული ანტიპოდი იყო. თუ იცოდა, რომ მასწავლებელი არ გაიძახებდა, იმ დღეს გაკვეთილს არაფრით არ ისწავლიდა. ერთ დღეს, პედაგოგი მირეკავს და მეუბნება, მიაქციეთ თქვენს შვილს ყურადღება, ვუნდერკინდის ნიშნები აქვსო. გავბრაზდი, ვის ამაიმუნებს ეს პედაგოგი, მე არ ვიცი, ჩემი შვილი რა არის-მეთქი და გაბრაზებული მივედი სკოლაში, რომ ამ მასწავლებელსთვის საკადრისი პასუხი გამეცა, მაგრამ მან იგივე გამიმეორა, მაგალითად, გამრავლების ტაბულას რომ ვხსენი, ახსნას ვინ ელოდება, დამთავრებული არ მაქვს სიტყვა, რომ ქეთი უკვე პასუხს ამბობსო. გაოცებული ვეკითხები ქეთის, ასეთ პასუხებს როგორ სცემ მასწავლებელს-მეთქი და მპასუხობს: უიმე, დედა, კალკულატორი მაქვსო (იცინის).

ჩემი დედამთილი უძლიერესი იყო მათემატიკაში, მოსწავლეებს ამზადებდა და ქალი თავს იკლავდა, საკუთარ შვილიშვილს გამრავლების ტაბულა ვერ ვასწავლეო. ქეთი პასუხობდა, რა ჯანდაბად მინდა, აგერ რვეულს გადმოვაბრუნებ და ზედ წერიაო (იცინის). ასეთი იყო, ზედმეტ ნაბიჯს არ გადადგამდა თუ არ სჭირდებოდა. ხუთოსანი იყო, მაგრამ არ სწავლობდა. მას დღემდე აქვს ეს თვისება, არაერთ სისტემაში უმუშავია და ყველგან საოცარ მოხერხებულობას ავლენს. გამოსავლის პოვნა არასდროს უჭირს. ხუთი კაცი რომ ვფიქრობთ და თავი ძალიან ჭკვიანები გვგონია, ეს ერთ წინადადებას იტყვის და მერე გვიკვირს, ეს აქამდე როგორ არ მოგვაფიქრდაო.

წარმოიდგინეთ, მე ოქროს მედალი მქონდა, თამუნა ასეთი მოსწავლე იყო, უგამოცდოდ ჩაირიცხა, მეათე კლასში მეცნიერებათა აკადემიის პრემიის ლაურეატი გახდა, მისი წიგნი გამოვიდა, ჩემმა მეორე შვილმა კი წერა-კითხვა არ იცის. ერთ მშვენიერ დღეს მეუბნება, სკოლაში არ წავალო. მეუღლეს ვთხოვე, მკაცრად დალაპარაკებოდა, რომ აზრი შეეცვალა, მაგრამ ცოტა ხანში, ჩემი მეუღლე გამოდის მისი ოთახიდან მხრებჩამოყრილი და მეუბნება, რა ვქნა, არ წავა. მითხრა, ვაჟკაცი კაცი ხომ ხარ და კაცურად გამიგე რა, არ მინდა, მოგატყუო. რომ წავიდე, უნდა ვთქვა, რომ მუცელი მტკივა და თავი გამოვაშვებინო. დღეს მაინც არ გამიძახებენ და რატომ დავკარგო დროო?! ეს ლაწირაკი ბავშვი, მეორე კლასში, ამდენს ახერხებდა. სულ სახლიდან იპარებოდა და ჩუმად გვიყურებდა, როგორ ვეძებდით გამწარებულები.

– რაც შეეხება თქვენს საქმიანობას და შემოქმედებას…

– მე გახლავართ მუსიკოსი, პიანისტი, რომელმაც ძალიან წარმატებით დაამთავრა კონსერვატორია. ჩემი არაჩვეულებრივი პედაგოგების დამსახურებაა, რომ ვახერხებ, ვიყო ძალიან ამაყი, საერთაშორისო პროექტებში კორიფეების გვერდით ჟიურიში ჯდომისას და არა მხოლოდ. თუმცა, მე ბავშვობა არ მქონია. მეგობრებთან ერთად არასდროს ვყოფილვარ გასართობად თუ შატალოზე. დღეში რვა საათი ვუკრავდი. დილის ექვს საათზე ვდგებოდი, კურსზე ყველაზე პატარა ვიყავი. ძალიან წარმატებული პერიოდი მქონდა, მაგრამ ბავშვური გართობის დანაკლისი დღემდე მომდევს. ასე გაგრძელდა მთელი ცხოვრება, ყოველთვის ძალიან დაკავებული ვიყავი. ძველად ასე იყო, სირცხვილი იყო, რომელიმე წრეზე არ გევლო და კარგი განათლება არ მიგეღო.

კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, რუსთავის მუსიკალურ სასწავლებელში გამანაწილეს პედაგოგად, იმავდროულად დავინიშნე რუსთავის მეოთხე მუსიკალური სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ. შემდეგ ისე მოხდა, რომ მერიის კულტურის სამსახურის უფროსად გადამიყვანეს. ათი წელი ამ პოზიციაზე გავატარე, შემდეგ ვიცე-მერად დავინიშნე. ძალიან ვამაყობ ჩემი პროექტებით, რომელმაც ბევრი წარმატება მოუტანა რუსთავს და არა მხოლოდ. ვარ ჩვენი პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის – „ოქროს ნიღბის“, ერთ-ერთი დამფუძნებელი. მოკლედ, ძალიან საინტერესოდ ვცხოვრობდი. აქ უცნაური არაფერია. ბევრად უფრო წარმატებული და ნიჭიერი ქალბატონები ჰყავს საქართველოს. მე ვერც გავბედავ მათ გვერდით დგომას, მაგრამ იქ, სადაც მგონია, რომ მე განსაკუთრებული ვიყავი, არ ვიქნები თავმდაბალი და ხმამაღლა ვიტყვი, რომ ეს იყო ჩემი პირადი ცხოვრება. მე ზღაპარში ვცხოვრობდი. თუკი რამეს მივაღწიე, იმის დამსახურებით, რომ საოცარი მეუღლე მყავდა. ყველა ჯილდო, რაც გამაჩნია, მისი ჩემ გვერდით დგომის დამსახურებაა. ძალიან ბედნიერი ქალი ვიყავი – მჯეროდა, რომ ამ ერთი ადამიანისთვის ყველაზე ლამაზი, ყველაზე კეთილი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე სასურველი ქალი ვიყავი.

ჩვენი ისტორია ძალიან გახმაურებული იყო. მე პირველ კლასში ვსწავლობდი, ჩემი მეუღლე – მეოთხეში და ყველაფერი იქიდან დაიწყო. 33 წელი ვიცხოვრეთ ერთად. მთელი ჩემი ცხოვრება ბადრი გომართელს უკავშირდება და თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ძნელად მოიძებნება ქალი, რომელიც ასე უყვარდათ. ჩემი ოჯახი ჩემი ყველაზე დიდი ძალაა. სამი წელია, რაც ჩემი მეუღლე ჩვენ გვერდით აღარ არის. როდესაც ბადრი გარდაიცვალა, მე და ჩემს შვილებს ძალიან გაგვიჭირდა. შეიძლება, ითქვას, ბეწვზე გადავრჩით. ქეთიმ მითხრა, დედა, შენ თუ აღარ გინდა სიცოცხლე, მაშინ ყველა ერთად წავიდეთ მამასთან, მაგრამ შენ თუ აპირებ სიცოცხლის გაგრძელებას, მაშინ ისეთ ქალად დარჩი, როგორიც მამას უყვარდაო. ისევ ჩემი მეუღლის დამსახურებაა, რომ მე გონს მოვედი და ვცდილობ, ვიყო კარგი დედა, ჩემს საქმეში წარმატებული, ყურადღებიანი ადამიანი და გავაგრძელო ჩემი საქმიანობა, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ქვეყნის შიგნით და მაქსიმალურად შევუწყო ხელი ყველა ნიჭიერ ადამიანს. ზუსტად ამ მიზნით ჩამოვაყალიბე ხელოვანთა კავშირი „მომავლის ვარსკვლავები“, რომელიც უკვე მე-18 წელია, ნიჭიერ ახალგაზრდებს უკვალავს გზას საერთაშორისო ასპარეზზე და მომავალშიც ასე იქნება.