new_year

როგორ შექმნა ნანა მელქაძემ ნულიდან იმპერია და როგორ მართავს ის საკუთარ ემოციებს

74

დიზაინერი ნანა მელქაძე მოგვიყვება, როგორ ხვდება ახალ წელს, რა რიტუალებს მოაქვს მისთვის ხვავი და ბარაქა და რა ტენდენციებს ვიხილავთ მის ახალ კოლექციაში, რომელიც ახალ წელს თუ ნებისმიერ სხვა დღეს განსაკუთრებულად გადაგიქცევთ.

ნანა მელქაძე: 2024 წელს ძალიან დიდი წარმატება მხვდა წილად. ჩემი საკუთარი ოფისი შევიძინე „ნანა მელქაძის მოდის სახლისთვის“. ამბიციაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვიმსახურებდი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პროფესიულად მთელი წელი ძალიან აქტიური ვიყავი: გაზაფხულზე ოთხი ალბომი დავდე, წინასაახალწლოდ – კიდევ ექვსი. ჩემს მომხმარებელს ძალიან ახარებს ახალი კოლექციები, რომლებიც შექმნილია ჩემი პირადი ხელწერით, ორიგინალური დეტალებითა და ტენდენციების გათვალისწინებით.

– წელს რა ფერები და როგორი ფორმები იქნება აქტუალური?

– წელს საკმაოდ სერიოზული ნამუშევრები დავდე. რეიტინგიც შესაბამისი ჰქონდა. 160 მოდელი შევქმენი. გამოყენებული მაქვს კლასიკური ფერები: წითელი, შავი, თეთრი; აქტუალური ფერები: ხორცისფერი ტონალობები, ყავისფერები, ბორდოსფერები, რაც განსაკუთრებით ტრენდულია. ვერცხლისფერიც გამოვიყენე.

ჩემი მთავარი ნიშა ხელით შექმნილი დეტალებია, რაც მას განსაკუთრებულს ხდის და სხვაგან ასეთს ვერსად ნახავთ.

რაც შეეხება ფორმებს, ჩემი ხაზი ცოტა გაპრანჭულია, გამოსასვლელი, კლასიკური სამოსი. წელსაც ასე იქნება.

მე უკვე ვიცი, რა მოსწონს ჩემს მომხმარებელს. 23 წელია, ერთგული მომხმარებელი მყავს. პატარა გოგონები იყვნენ, ჩემი შეკერილი საპატარძლო კაბებით გათხოვდნენ, შვილები შეეძინათ, გამრავლდნენ, მერე მათი შვილებისთვის შევქმენი საბანკეტო კაბები, მერე – საპატარძლო კაბები. იყო ოჯახების ისტორიის მომსწრე, ეს უდიდესი ბედნიერებაა. ეს დიდ სტიმულს მაძლევს, მეტი და მეტი ვაკეთო.

– ახალ წელს სად ხვდებით ხოლმე?

– ახალ წელს სახლში ვხვდები, რადგან ეს ოჯახური დღესასწაულია. რა თქმა უნდა, დღესასწაულის შესაბამისად მაცვია. სამზარეულოშიც კი გაპრანჭული ვტრიალებ. სახლის ხალათიც კი გაპრანჭული მაქვს, რა თქმა უნდა, ჩემი შექმნილი. მარტო დღესასწაულზე კი არ ვარ ასე, საერთოდ ეგეთი ვარ. დედას ვგავარ, ბებოსაც. ასევე, დეიდას, მამიდას, ყველას უყვარს თავის მოვლა და ბუნებრივია, რომ მეც ასეთი გავიზარდე. ყოველთვის ფორმაში ვარ. სახლშიც კი ვერ მნახავენ თმადაუვარცხნელს. რომ ვალაგებ, მაშინაც კარგად უნდა გამოვიყურებოდე. სამსახურში, ხომ, საერთოდ, ყოველთვის მოწესრიგებული ვარ. სულ მეკითხებიან, როგორ ახერხებო…

რაც შეეხება საახალწლო სუფრას, მისთვის ყველაფერს მე ვამზადებ. ახალი წლისა და აღდგომის დღესასწაულები განსაკუთრებულად მიყვარს, ამიტომ სამზადისს მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ.

ახალ წელს გოზინაყი იქნება, საცივი, შემწვარი წიწილა, გოჭის ხორცი, ფხალეული, ტკბილეული თუ სხვა კერძები, აუცილებლად უნდა იყოს სუფრაზე. ძალიან მომწონს სუფრაზე სიმწვანე, ამიტომ მცენარეებით ვალამაზებ. საახალწლო სუფრასთან აუცილებლად მიდევს საშობაო ყვავილი, შანდლები, რომლის დამსახურებითაც ყველაფერი ბრდღვიალებს და საახალწლო სუვენირები, რაც საოცრად ალამაზებს სუფრას. ძალიან გაპრანჭული და ორიგინალური სუფრა მაქვს ხოლმე, ხელსახოცებსაც თვითონ ვქმნი. ჭურჭელსაც განსაკუთრებით ვარჩევ, საერთო ესთეტიკის გათვალისწინებით, სადღესასწაულო განწყობას უნდა შეესაბამებოდეს და მათი დანახვა უნდა მსიამოვნებდეს. კერძების ვიზუალურად გაფორმებაც ძალიან კარგად გამომდის. ეს პროცესი საოცარ სიამოვნებას მანიჭებს, მიუხედავად იმისა, რომ გურმანი არ ვარ (იცინის). ჭამა არ მიყვარს, ძალიან ცოტას მივირთმევ, მაგრამ მიყვარს, როცა სუფრაზე ლამაზ და გემრიელ კერძებს ვხედავ, მით უმეტეს, რომ ამით ჩემს შვილებს ვახალისებ.

– რა რიტუალები გაქვთ საახალწლოდ?

– ახალ წლამდე ბარბარობაა, რაც ჩემთვის ბედობის ტოლფასია და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. წელს ორი ახალი ცოცხი შევიძინე, ერთი – სახლისთვის, მეორე – სამსახურისთვის.

მე ჩემებური წესები მაქვს და ეს შენაძენი კარგად მაქვს დაცდილი. ჩემი ოჯახის მეკვლე მე ვარ. ტკბილეული, ცომეული, ცოცხი და ბრინჯი შემომაქვს სახლში, პირველ რიგში ტკბილეულს ვყრი და ბრინჯს ცოცხით ყველა ოთახში მოვფანტავ, თან, ოჯახს და ჩემს თავს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. უფალს ვთხოვ, რომ ეს წელი ყველას ცხოვრებაში საუკეთესო იყოს. ბრინჯს მთელი ღამე ვტოვებ, არ ვგვი. მთელი ღამე კი არა, ისე იცის გაფანტვა, რომ მთელი წლის განმავლობაში ვპოულობთ ხოლმე, ხან – სად და ხანაც – სად (იცინის).

ამ რიტუალს სახლში რომ დავასრულებ, მერე მივდივარ სამსახურში და იქაც ანალოგიურად ვაკეთებ. თითოეულ თანამშრომელს საკერავ მანქანებთან ვულაგებ ტკბილეულს და უკვე წინასწარ იციან, რომ მეორე დღეს ტკბილეული დახვდებათ.

ახალი წლის წინა დღეებში ვცდილობ, ახალი ნივთები შევიძინო. მოგეხსენებათ, ოჯახში ბევრი რამ არის საჭირო. 31-ში აუცილებლად მივდივარ ერთ-ერთ პარფიუმერიული ქსელის მაღაზიაში, სადაც უკვე მცნობენ, რადგან 17 წელია, ეს რიტუალი მაქვს და თავის მოვლის საშუალებებია თუ სუნამოები, რაც კი მჭირდება, ყველაფერს ვყიდულობ ჩემთვის თუ სასაჩუქრედ. ოჯახში ნაძვისხესთან საჩუქრების შეგროვება და მერე მათი გაცვლის ცერემონია კიდევ ცალკე სიამოვნებაა. საახალწლო სუფრისთვის მთელი ოჯახი ერთ ფერებში ვიცვამთ და ისე ვსხდებით ულამაზეს სუფრასთან, სადაც ახალ წელს შამპანურით ვხვდებით.

– ბევრმა იცის, რომ რთული ცხოვრება გაქვთ გამოვლილი. გექნებოდათ პერიოდები, როცა საერთოდ არ გედღესასწაულებოდათ. დღეს შეიძლება, სხვა არის რთულ მდგომარეობაში და მინდა, თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ – როგორ მოახერხეთ, რომ დიდი ტრაგედიის შემდეგ ცხოვრება დადებითად წარგემართათ?

– მგონია, ამაზე ჩემზე კარგად ვერავინ გიპასუხებთ. მე ურთულესი პერიოდი მქონდა ცხოვრებაში. პირველი ორი წელი ჩემთვის, მარტო ვიყავი. არ მაინტერესებდა არაფერი. მესამე ახალი წელი რომ მოდიოდა, მაშინ მოვიკრიბე ძალები და ჩემს თავს ვუთხარი: ნანა, დაასრულე ეს ყველაფერი, მორჩა, ჩააბარე ყველაფერი წარსულს. ის ტკივილი ჩემთან რჩება და ამას არასდროს არავის ვაგრძნობინებ. მე თვითონ გავხდი ჩემი თავის ფსიქოლოგი. საკუთარ თავზე ვიმუშავე. ახლა ძალიან ლაღი ვარ. ზუსტად ვიცი, როგორ ვმართო ჩემი თავი, ემოციები. ყოველთვის წინ ვიხედები. გადავწყვიტე, დამესრულებინა ის მდგომარეობა და ახალ წელს ძალიან კარგად შევხვედროდი. მე ეს შევძელი და მაშინ ყველაფერი შეიცვალა. რთულია, მაგრამ ჩემს თავზე მუშაობის შედეგად შევძელი. მე მაშინ ახალ წელს რესტორანში შევხვდი. ზოგმა შეიძლება თქვა, რა ერესტორნებოდაო, მაგრამ მე არავის მივაქციე ყურადღება და ჩემს საუკეთესო ოთხ მეგობართან ერთად, რომლებიც ახლა ჩემი შვილების ნათლიები არიან, რესტორანში წავედი, ნელ-ნელა კომპლექსები მოვიხსენი და მათთან ერთად ვიმხიარულე. ის წელი საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში.

მე ბევრი რამ შევძელი. ნულიდან დავიწყე და იმპერია შევქმენი. საკუთარი თავიც შევქმენი და უფლის მადლობელი ვარ, რომ ამის ძალა მომცა.