“დროის დაბრუნება რომ შემეძლოს, ოთხ სიყვარულს გამოვაკლებდი ჩემს ცხოვრებას და დავტოვებდი მხოლოდ ორს”

56

დიზაინერი ლიკა ყაზბეგი ზოდიაქოთი თხის რქაა. ვნახოთ, ამ ნიშნის რა თვისებებია მისთვის ძალიან ნაცნობი და რას არ ეთანხმება.

– თხის რქა ძალიან ჯიუტი და თავისებური ხასიათისაა – ასეა? რა იგულისხმება თავისებურში ლიკას შემთხვევაში?

– ჯიუტი? კი, სამწუხაროდ, ეს თვისება ჩემში ბევრჯერ დამიფიქსირებია. ამას დამატებული მოხეური ხასიათი და მოკლედ, კარგი „ბუკეტი“ ვარ (იცინის). არ შემიძლია ლავირება, დროებით დათმობა, დიპლომატია და ამ თვისებებს ხშირად უხერხულ მდგომარეობაშიც ჩავუგდივარ. სიჯიუტე საქმესთან მიმართებაში რომ გამაჩნდეს, კარგი იქნებოდა, ძირითადად, ადამიანებთან მიმართებაში ვჩანვარ ჯიუტი. რომ მკითხონ, თუ რა არის ჩემი სამი უარყოფითი თვისება. ამ სამიდან პირველს სიჯიუტეს დავასახელებდი. ისე, თხის რქების ყველაზე გამოხატული თვისება სიჯიუტე არ არის, ამ თვისებას მე უფრო ჩემს მოხეურ ფესვებს მივაწერ.

– ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან ურთიერთობისას, განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო, რადგან ისინი შეიძლება, ძალიან სასტიკები იყვნენ… ეთანხმებით?

– კი, ვეთანხმები. თუ ჩემთან მიმართებაში წითელი ხაზები გადაკვეთეს, შესაძლებელია, დაუნდობელი ვიყო. ზოგადად, ძალიან ემოციური ვარ და ეს ბავშვური ინფანტილობა იმაშიც გამომყვა, რომ ბრაზს სათანადოდ ვერ ვმართავ. ერთი ჯეკ ნიკოლსონი მინდა (იცინის). ის ფილმი ხომ გახსოვსთ „ბრაზის მართვა“, ჯეკ ნიკოლსონი რომ ათვინიერებს ერთ ბიჭს, ბრაზის მართვას რომ ასწავლის, აი, ეგეთი ერთი ადამიანი მჭირდება (იცინის).

– ნებისმიერი წვრილმანი, მათთვის შესაძლოა, ომის დაწყების საბაბი გახდეს.

– ომის დაწყების? აუ, კი! (იცინის) სამწუხაროდ, კი. ბუზი სპილოდ მიქცევია, რამდენჯერაც გნებავთ. ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი ზედმეტი ემოციურობის გამო რამდენჯერ გავირთულე ცხოვრება, სინანულში ვარ, მაგრამ ამას არაფერი ეშველება. სხვათა შორის, წლები მშველის, რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო ვღვინდები და ჩემი ცხოვრებაც წყნარ ოკეანეს ემსგავსება.

– ხშირ შემთხვევაში, ეს ადამიანები მარტოხელები არიან, რადგან მათ გულში შეღწევა საკმაოდ რთულია.

– ჩემს გულში იმდენს შევაღწევინე… ახლა – აღარ. ჩემ გარშემო სულ არიან ადამიანები, მაგრამ ჩემს თავთან ყოფნა მირჩევნია. აღმოვაჩინე, რომ მეზარება ხოლმე ისეთ წვეულებებზე წასვლა, ადრე რომ მივფრინავდი. თუ მარტოხელაბას პირად ცხოვრებას დავუკავშირებთ, ოთხი თხის რქა ქალი მახსენდება ჩემ ირგვლივ, აქედან ერთს გარდაცვლილი ჰყავს ქმარი, დანარჩენი სამი გათხოვილ-გამოთხოვილები ვართ, ასე რომ, მარტოხელები გამოვდივართ (იცინის).

– შეყვარების უფლებას საკუთარ თავს მხოლოდ მაშინ აძლევს, როცა გრძნობს, რომ პარტნიორის მხრიდან საფრთხე არ ემუქრება. თხის რქა ქალს სურს სტაბილურობა პირად ცხოვრებაში და ხშირ შემთხვევაში ამას იღებს კიდეც.

– სტაბილურობა თხის რქა ქალისთვის კი არა, ნებისმიერი ქალისთვის სასურველი რამ არის. შეყვარების უფლებას, სამწუხაროდ, იმაზე უფრო ხშირად ვაძლევდი საკუთარ თავს, ვიდრე საჭირო იყო. ახლა, დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ჩემს ცხოვრებას ოთხ სიყვარულს გამოვაკლებდი და მხოლოდ ორს დავტოვებდი.

– ის ყოველთვის მოვლილია, აკურატულად და მოდურად ჩაცმული, და რაც მთავარია, ქალურია. სწორედ ამის გამო მას ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს…

– რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, არ ვარ ყოველთვის აკურატული და მოდის ტენდენციებსაც არ მივყვები ისე, როგორც ჩემი სფეროს წარმომადგენლები. ქაოსური ადამიანი ვარ. ზედმიწევნით კარგ ფორმაში ყოფნას კი იმდენი ძალისხმევა და დრო სჭირდება… არც ერთი მაქვს და არც – მეორე. პიჟამათი რომ შეიძლებოდეს პურის საყიდლად გასვლა, ალბათ, გავიდოდი. არიან ქალები, თითოეულ ჭაღარას დასდევენ. მე კი ისეთი ბედნიერი ვარ, ჭაღარა თმა რომ შემოვიდა მოდაში და თმის შეღებვა აღარ მომიწევს. რამდენი დროის ეკონომიაა. ყველაფერს მივესალმები, რაც გვიმარტივებს ცხოვრებას.

– თხის რქებს უჭირთ ახალი ურთიერთობების დაწყება და პირველი ნაბიჯის გადადგმა. ხშირ შემთხვევაში ეს პატივმოყვარეობიდან გამომდინარე ემართებათ, რადგან სხვებს უღირს და მათთან ურთიერთობისთვის შეუფერებელ არსებებად აღიქვამენ. ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ უცნობები საპირისპიროს არ დაუმტკიცებენ…

– ურთიერთობებში ლაღი და გახსნილი არ ვარ. იშვიათად, ისიც თუ ძალიან ჩემიანებში ვარ. სხვათა შორის, არასდროს ვყოფილვარ სუპერკომუნიკაბელური გოგო. ურთიერთობებში ჩემი ხუშტურები მქონდა. ვიღაცა მიძლებდა, ვიღაცა – ვერ. ამის გამო მუდმივად ვიცვლიდი მეგობრებს.

– მათთან მეგობრობა ადვილი ნამდვილად არ არის, რადგან თხის რქას ყოველთვის თავისი პირადი შეხედულება აქვს ნებისმიერ საკითხზე და ჯიუტად ცდილობს, საკუთარი მოსაზრება და გავლენა მისაღები გახადოს სხვებისთვისაც.

– არის მომენტები, მე თვითონ მიჭირს საკუთარ თავთან ურთიერთობა და სხვას რა მოვთხოვო (იცინის).

– თხის რქები არასდროს სთხოვენ სხვას დახმარებას, ცდილობენ, ყველაფერს მარტო გაუმკლავდნენ. მათ არ მოსწონთ სხვა ადამიანებზე დამოკიდებულება.

– ნეტა ასე იყოს. ზემოთ ვახსენე ჩემი ინფანტილურობა. ეს კი გულისხმობს იმას, რომ დახმარების თხოვნაც შემიძლია, დამოკიდებულიც ვარ და არაფრის გაკეთება არ მინდა მარტოს. მინდა, ყველაფერი სხვამ გამიკეთოს (იცინის).

– თხის რქები იმდენად პატიოსნები არიან, რომ ხშირად ეს პატიოსნება ღუპავთ.

– პატიოსნები ვართ? დაე, ვიყოთ! რამე ხომ უნდა გვქონდეს ჩვენც კარგი (იცინის). მე უფრო სამართლიანს ვუწოდებდი ჩემს თავს.

– თუ მას უყვარხართ, თხის რქა დედამიწის შემოივლის თქვენთვის.

– კი, გვიყვარს მსხვერპლშეწირვა სიყვარულისთვის. ახალგაზრდა თხის რქებს (ქალბატონებს) ვურჩევდი, რომ სწორედ ეს თვისებაა ის, რაც ანგრევს ურთიერთობებს. სიტყვა მსხვერპლშეწირვა თავის თავში მოიცავს უარყოფით კოდს, იმას, რომ მსხვერპლი ხარ და შეწირული. არც ერთია კარგი და არც მეორე და ჯობს, ეს ყოველთვის ახსოვდეთ.