“რაც ეთერში აღარ ვარ უცებ გაჩუმდა ტელეფონი გათენებიდან დაღამებამდე რომ რეკავდა… გაქრნენ ადამიანები, მადლობა მათ ვინც მკითხულობს”
ჟურნალისტი მაია ასათიანი „ინსტაგრამით“ თავის გამომწერებს მიმართავს და კიდევ ერთხელ საუბრობს დეტალურად, თუ როდის და როგორ დაინტერესდა წლების წინ მისი საავტორო გადაცემა „პროფილის“ გუნდი სამშობიაროდან გაყიდული ჩვილების თემით.
მაია ასათიანის თქმით, მას გულწრფელად უხარია თამუნა მუსერიძის 8 წლიანი ძიების შემდეგ მამასთან შეხვედრის გახმაურებული ამბავი, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ თემაზე, მანამდე მუშაობდა და თავს სწირავდა მისი გადამღები ჯგუფი, სანამ თამუნა მუსერიძე თავისი დაბადების საიდუმლოს გაიგებდა:
„ჩემო ძვირფასებო❤️არაფერს ვითხოვ, გულწრფელად მიხარია, არ მშურს,მე მამა წლების წინ ვიპოვე და ვიცი ეს რა განცდაცაა, ჩვენს ჟურნალისტურ ნამუშევარზეა აქ საუბარი, გამიხარდებოდა, ერთხელ მაინც სადმე თქმულიყო, რომ ამ თემაზე, მანამდე სანამ თამუნა თავისი დაბადების საიდუმლოს გაიგებდა, ადამიანები მუშაობდნენ და თავს სწირავდნენ“ – წერს მაია ასათიანი.
ჟურნალისტი პოსტის კომენტარშივე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ეთერში აქტიურად აღარ ჩანს, გაქრნენ ადამიანები, ვინც მანამდე მას ემეგობრებოდნენ და ხშირად კითხულობდნენ:
„რაც ეთერში აღარ ვარ, უცებ გაჩუმდა ტელეფონი გათენებიდან დაღამებამდე რომ რეკავდა… უცბად გაქრნენ ადამიანები და მადლობა მათ, ნამდვილებს, ვინც მკითხულობს იმის მიუხედავად ვჭირდები თუ არა!“ – წერს მაია ასათიანი.
მაია ასათიანი ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ ერთ დღეში ისეთი თემის გახსნა, როგორიც სამშობიაროდან გაყიდული ჩვილების საქმეა – შეუძლებელია:
„ერთ დღეში ასეთი თემის გახსნა არ მომხდარა, წლობით შრომაა ჩადებული საიმისოდ, რომ ეს საკითხი და ეს დიდი დანაშაული საჯაროდ გამოგვეტანა“ – ამბობს ჟურნალისტი.