“ისეთი ხმები გადის ჩვენი სახლიდან, იფიქრებ იქ ორასი კაცი ცხოვრობსო”

71

ქეთევან ქემოკლიძის მიღწევები საკმაოდ შთამბეჭდავია, შესაბამისად, საინტერესოა მისი ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარება როგორც მისი სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, ასევე ნებისმიერი ქალისთვის, ვისთვისაც ოჯახი და წარმატებული კარიერა ძალიან მნიშვნელოვანია.

ქეთევან ქემოკლიძე: ადამიანი თვითონ არის საკუთარი ცხოვრების შემოქმედი. მეც, როგორც შემიძლია, ვცდილობ. შეიძლება, ყველაფერი შენზე არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ ცდა აუცილებელია.

ამჟამად იტალიაში, პუჩინის ფესტივალზე ვიმყოფები, რომელიც ფესტივალის 70-ე და პუჩინის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ზოგადად, ეს კომპოზიტორი არ არის გულუხვი მეცოსოპრანოების მიმართ და პრაქტიკულად, ერთადერთი ოპერა აქვს, რომელშიც მეცოსოპრანო არის მთავარ როლში. ჩემი არტისტული ბედიდან გამომდინარე, ეს პერსონაჟიც ბოშა ქალია, როგორც ჩემი სხვა მრავალი როლი.

ფესტივალი საოცრად ლამაზ ადგილას იმართება, იქ, სადაც თავად კომპოზიტორი პუჩინი ცხოვრობდა. აქ ყველაფერი მისით არის ინსპირირებული. ეს ძალიან კარგი იდეაა დიდი კომპოზიტორების ღვაწლის დასაფასებლად და არაჩვეულებრივი იქნებოდა, რომ საქართველოშიც ხდებოდეს ასეთი რამ.

პრემიერა უკვე გვქონდა. ფესტივალის რეჟისორი გახლავთ იტალიელი ლეგენდა, 94 წლის საოცარი ადამიანი პიერ-ლუიჯი პიცი. მე აქ მისი პირადი მოწვევით ვარ. მასთან უკვე მეხუთე პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობ.

– საკმაოდ აქტიური სეზონი გაქვთ. ზაფხულში დასვენებას არ გეგმავთ?

– ჩემთვის ზაფხული დასვენებასთან არ ასოცირდება. ოპერის მომღერლებს, საზაფხულო ფესტივალებიდან გამომდინარე, ზაფხული ძალიან აქტიური გვაქვს. მიყვარს კიდეც ზაფხულში ბევრი მუშაობა. დასვენება უფრო შემოდგომით მომწონს, რადგან, როცა ბავშვები სკოლაში მიდიან, მირჩევნია, მათთან ერთად ვიყო. ზაფხულში დასვენება მხოლოდ აგვისტოს მცირე მონაკვეთს მოიცავს და თუ ეს დრო მომეცა, ვცდილობ, დრო საქართველოში გავატარო, ოჯახთან და შვილებთან ერთად. ეს პერიოდი ჩემთვის ოჯახურ, დიდ შეკრებასთან ასოცირდება. მშობლები, დისშვილები, ჩემი შვილები – ყველანი ერთად. ეს გარემო ძალიან მიყვარს და ჩემთვის უდიდესი ენერგიის წყაროა. ოჯახური ხმაურიანი გარემო დიდი მუხტია ჩემთვის. საბედნიეროდ, დიდი ოჯახი გვაქვს – ექვსი ბავშვი, უფროსები, ბებია-ბაბუები და ჩვენს დიდ სახლში, თიანეთში, სიონში მართლა საოცარი ჟრიამულია ხოლმე. ისეთი ხმები გადის ჩვენი სახლიდან, იფიქრებ, რომ იქ ორასი კაცი ცხოვრობს. ორასი არა, მაგრამ ოცი ნამდვილად ვართ (იცინის).

– ორი შვილის დედა ხართ. ასეთი კარიერის ფონზე, როგორ გამოგდით დედობა, რას ახერხებთ კარგად და სად გაქვთ შენიშვნები საკუთარ თავთან?

– შენიშვნები საკუთარ თავთან, ჩემი პროფესიიდან თუ ხასიათიდან გამომდინარე, მუდმივად მაქვს. ამაზე რომ დავიწყო საუბარი, ინტერვიუ ძალიან გაგვიგრძელდება (იცინის). იდეალურად არავის არაფერი გამოსდის და გამონაკლისი არც მე ვარ. ვცდილობ, რომ კარგი დედა ვიყო. შედეგი, ალბათ, უფრო მომავალში გამოჩნდება. დრო ხან არის, ხან – არა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ოჯახს გარეთ ყოფნა, მაგრამ ვცდილობ, დედის მოვალეობები შესაბამისად შევასრულო. ჩემი შვილი მეუბნება ხოლმე, შენ ხარ დედა „რა? სად? როდის? რატომ? როგორ? რამდენჯერ?“ (იცინის). როცა სადმე მივდივარ, ძალიან ხშირად ვრეკავ, რადგან მინდა, საქმის კურსში ვიყო იმის შესახებ, რაც ჩემი შვილების ცხოვრებაში ხდება. თინეიჯერს კი ეს კითხვები უკვე აღარ მოსწონს, მაგრამ რა ვქნა, დედის გული ასეთია. თვითონაც რომ გახდება მშობელი, მიხვდება, რომ ასეთია ცხოვრების წესი.

ბუნებრივია, რომ დახმარების გარეშე, ვერაფერს მოვახერხებდი. ძალიან მეხმარება ჩემი მეუღლე, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ძალიან დაკავებულია. ჩემი მშობლები მეხმარებიან ძალიან, ჩემი და. ეს გუნდური მუშაობაა. სცენაზე თუ სოლისტი ვარ, ამ საქმეში გუნდის ნაწილი ვარ და ერთიანი ძალებით ყველაფერი გამოგვდის. ისიც მიხარია, რომ ჩემი შვილები ხედავენ დახმარებისა და ერთმანეთის გვერდში დგომის ძალას. რასაკვირველია, დედის დანაკლისს გრძნობენ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ასე არ იყოს.

– თქვენი გამოცდილებით, რა სჭირდება წარმატებული ოჯახისა და კარიერის შეთავსებას?

– ჩვენ კი ვსაუბრობთ თანასწორობაზე, მაგრამ ქალისთვის ფიზიოლოგიურ დონეზე მაინც არის გამოწვევა – ორივე ერთად. მაგალითად, როდესაც დედა ხდები, როდესაც ფეხმძიმედ ხარ, ჩვეულად აქტიური ვერ ხარ. ამას კიდევ სხვა პროცესები მოსდევს. ეს ნამდვილად არის გამოწვევა. თუ ვინმეს გამოადგება ჩემი გამოცდილება, ვიტყვი, რომ პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანმა განსაზღვროს, რა უნდა. როცა იცი, რა გინდა, რა გაქვს მიზნად, მერე როგორღაც ისე აწყობ სიტუაციას, რომ შენი ყველა ნაბიჯი მიზნისკენ მიდის. შეიძლება, შედეგი ძალიან მალე არ მოვიდეს, მაგრამ აუცილებლად მოვა, ისე, რომ გარშემო არაფერი დაზიანდება. ამიტომ ყველა გოგონას ვეტყოდი, პირველ რიგში, განსაზღვრონ, რა უნდათ, დაინახონ, როგორი ცხოვრება უნდათ და აუცილებლად წავლენ სასურველისკენ. არ შეგეშინდეს შეცდომებისა და ცვლილებების. მე საქმიანობა დავიწყე როგორც ეკონომისტმა, მერე სრულიად სხვა სფეროში გადავედი, ოპერა გახდა ჩემი ცხოვრება. არ არის პრობლემა ცვლილებები და მარცხი, მთავარია, ნათლად ხედავდე შენს მიზანს. თუ შეცდომა არ დაუშვი, არ დაეცი და ცხვირი არ გაიტეხე, ვერ გაიზრდები. როცა მიზანი იცი და შრომისა და აზროვნების უნარი შეგწევს, დაბრკოლებები გამოწვევად იქცევა.

– როდესაც საჯაროდ ჩნდებით, ყოველთვის საოცარ ფორმაში ხართ. როგორ ზრუნავთ გარეგნობაზე?

– ეს არის ჩემი ყველაზე სუსტი წერტილი. ამ მხრივ, ძალიან ზარმაცი ვარ (იცინის). ვეტრფი და ქედს ვიხრი იმ ქალბატონების წინაშე, რომლებსაც შეუძლიათ, დილით ადგნენ, თავი მოიწესრიგონ, გამოიპრანჭონ და ასე დაიწყონ დღე. მე თუ არსად ვარ წასასვლელი, შეიძლება, კვირა ისე გავიდეს, რომ სახეზე არაფერი წავისვა. როცა აუცილებელია გამოპრანჭვა, მაშინ, რა თქმა უნდა, ასე ვიქცევი, მაგრამ სხვა შემთხვევაში ძალიან ვზარმაცობ.