„როგორც იქნა ოცნება ავიხდინე…ვეებერთელა ოჯახი მქონია…“

37

ცისნამი საყვარლიშვილმა თავისი ოჯახი იპოვა.

ამის შესახებ ცისნამი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ დიდი ოჯახი ჰყოლია.

„როგორც იქნა მოვიკრიბე ძალა და ენერგია და მამას ვესაუბრე. ძალიან საყვარელი და მხიარული კაცია. მგონი ახლაც უყვარს თავისი პირველი სიყვარული ნანა. დიდი მონატრებითა და გრძნობებით იხსენებდა სასიყვარულო ისტორიას.

სასწაული ოჯახი მყავს მამის მხრიდან. ყველანი ჩავიდნენ საჩხერეში რომ ერთად ყოფილიყვნენ. დები, ჩემი მამიდა, ბიძა, ბიცოლა. ჯიგარი ხალხია. ისე ვისაუბრეთ თითქოს წლებია ერთმანეთს ვიცნობდით.

მამაჩემის მეუღლე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. უზომოდ განათლებული ქალბატონი. ისე ტკბილად, მშვიდად მესაუბრებოდა. ძალიან შეგნებული ადამიანია. მიხარია რომ ასე კარგ პატივს სცემს მამას. რაც მთავარია მაგრად უვლის. მამა 72 წლისაა და პატარა ბიჭივით გამოიყურება. ყოჩაღად არის. გაუხარდა ჩემი არსებობა. მისი სისხლი მაქვს. მასაც ჩემსავით პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი აქვს.

ვეებერთელა ოჯახი მქონია. 4 დედმამიშვილი ჰყავს მამას. მე მყავს უამრავი ბიძაშვილ-მამიდაშვილი. შენი და ირაკლის ჩათვლით 60 ვიქნებით ახლაო და ერთი სული აქვთ როდის გამიცნობენ მე და ჩემს ბიჭს.

თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, საჩხერის ერთ-ერთ უბანში გაშლილ ვეებერთელა სუფრას, სადაც მე ბედნიერებისგან ვტირი და ჩემს სისხლსა და ხორცთან ერთად ვხალისობ. როგორც იქნა ოცნება ავიხდინე, ჩემი ოჯახი ვიპოვე.

ყველაფერი მაგრად იქნება.

იმედია, დედის სიყვარულსაც მალე მოვიპოვებ და ირაკლიც დამიბრუნდება.

მიხარია რომ მამა ისევ მყავს.

გამზრდელი მამის გარდაცვალების შემდეგ თავს ობლად ვგრძნობდი. ახლა ობოლი აღარ ვარ. მამა მყავს, თან ძალიან კაი ტიპი.

ბედნიერი ვარ!

მადლობა ამხელა სითბოსა და სიყვარულისთვის.

მადლობა უფალო ყველაფრისთვის. ყველა დაღმართს აღმართი მოსდევს. ყველა განსაცდელის უკან ბედნიერება იმალება.

გურჯაანი ხომ ძაან ჩემია და ახლა მთელი საჩხერეც ჩემი ყოფილა.

ყველგან ჩვენ ვართ კაპანაძეები!“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.