“შვილი მხოლოდ საყვარელი მამაკაცისგან უნდა გააჩინო” – რა გზა გაიარა თამთა კვარაცხელიამ ტრავმებიდან წარმატებამდე

79

ტელეწამყვან თამთა კვარაცხელიას ცხოვრება ისეთი მხიარული და ბრჭყვიალა ამბებით არ არის სავსე, როგორც გარედან შეიძლება ჩანდეს. მას მტკივნეული მოგონებები აქვს წარსულიდან, მათ შორის – ბავშვობიდან. გასული საუკუნის მძიმე 90-იანები საკუთარ თავზე გამოსცადა. მერეც იყო ბევრი ტკივილი, ქმრის გარდაცვალება… მაგრამ ტრავმებთან გამკლავება ისწავლა, საკუთარ თავში საუკეთესო თვისებები გადაარჩინა და განავითარა. დღეს კი ბევრი ახალგაზრდა ქალისთვის იმის მაგალითია, როგორ შეიძლება დაცემული წამოდგე, გზა გააგრძელო და საკუთარი თავის უკეთესი ვერსია შექმნა. როგორ შეძლო ეს, თამთა „სარკეს” უყვება.

– დავიწყოთ იმით, თავად რას იტყვით საკუთარ თავზე, ვინ არის თამთა კვარაცხელია, როგორი პიროვნებაა ის?

– რთულია საკუთარ თავზე საუბარი, სჯობს, იმ ადამიანებმა დამახასიათონ, რომლებიც კარგად მიცნობენ. მე კი რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ამბივერტი (ასეთი ადამიანები ინტროვერტისა და ექსტრავერტის თვისებებს ავლენენ, რედ.შენ.) ვარ. ჩემი თვისებებიდან კი, რაც პირველი მახსენდება, მიზანდასახულობას და ერთგულებას გამოვარჩევდი.

– ამ ხასიათით და თვისებებით რა პერიოდები, რა ეტაპები გაიარეთ თქვენი ცხოვრების გზაზე აქამდე? ალბათ ბევრი სირთულე შეგხვდათ.

– საქართველოში ბევრი ქალის ისტორია ჰგავს ერთმანეთს და ალბათ არც მე ვარ გამონაკლისი. ბევრი ცუდი და რთული ეტაპი მქონდა ცხოვრებაში, ბევრი იმედგაცრუება, ტკივილი, მაგრამ იყო პატარ-პატარა სიკეთეები და გამარჯვებებიც, რისთვისაც მადლობელი ვარ უფლის.

– ბოლო პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილი რა იყო თქვენთვის?

– ბოლო პერიოდში უარყოფითი ცხოვრებისეული გაკვეთილი რაც მივიღე, არის ის აღმოჩენა, რომ ჩემს ახლო გარემოცვაში, სამეგობრო წრე იქნება ეს თუ სანათესაო, ბევრი ადამიანია, რომლებსაც არ უხარიათ ჩემი წარმატება და გულწრფელად არ შეუძლიათ ჩემი ბედნიერების გაზიარება. შური და ბოღმა დროთა განმავლობაში აბრმავებს ადამიანებს და სისულელეებს აკეთებინებს – ამ ყველაფრისთვის თვალის გასწორება ჩემთვის მტკივნეული იყო.

რაც შეეხება პოზიტიურ გამოცდილებას, საბოლოოდ დავიჯერე, რომ ცხოვრება კანონზომიერია და რომ ადამიანმა რწმენა არასოდეს უნდა დაკარგოს. უფლის ნებით, ყველა სიკეთე, რაც კი ოდესმე სხვებისთვის, თუნდაც დაუნახავი ადამიანებისთვის გიკეთებია, უკან აუცილებლად დაგიბრუნდება.

– თქვენი ბავშვობის ყველაზე ნათელ და ყველაზე სევდიან მოგონებებზე ვისაუბროთ.

– ჩემი ბავშვობის ყველაზე ნათელი მოგონება სამეგრელოში ბებიასთან გატარებული დროა. ის მასწავლებელი იყო და სულ რაღაცას მასწავლიდა, “ვეფხისტყაოსანიც” კი ზეპირად მასწავლა, სანამ სკოლაში შევიდოდი. რადგან ხშირად ვერ მხედავდა, მთხოვდა, ტელეწამყვანი გავმხდარიყავი, რომ ტელევიზორში ყოველდღე ვენახე. ეს ოცნება ავუსრულე, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ცოცხალი არაა.

90-იანების ბავშვობა მქონდა. შემდგომ წლებში, სადაც ვიზრდებოდი, დიდი ეზო გვქონდა. მეზობელ ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი, ვა-წყობდით სპექტაკლებს, კონცერტებს, ჩვენებებს, იქაურ მეგობრებთან ერთად მდინარეზე დავდიოდი, ბევრი ტკბილი მოგონება მაქვს და ის წლები დაუვიწყარია.

რაც შეეხება სევდიანს – ერთ ზაფხულს, სამეგრელოში ყოფნისას სამოქალაქო ომი დაიწყო. მე და ჩემი და მშობლების გარეშე ბებიასთან ჩავრჩით. ბევრი ცუდი მოგონება მაქვს, რასაც წლების განმავლობაში კოშმარულ სიზმრად ვხედავდი. ხან გახიზნულები ვიყავით მთაში და იქ მიტოვებულ სახლში ვიმალებოდით. დღეების განმავლობაში იატაკზე ვიწექით, როცა ისროდნენ, ხოლო როცა მეორე ბაბუასთან სახლში მოდიოდნენ, მეზობლები მიწაში ამოთხრილ სამალავში გვმალავდნენ.

იმ პერიოდიდან გადამწვარი შენობები მახსოვს, ტანკებით როგორ მოდიოდნენ, როგორ ისროდნენ, დასისხლიანებული, დაჭრილი ადამიანები, მათი ხმები და წარმოუდგენელი შიში, რომელიც არც ერთმა ბავშვმა არ უნდა განიცადოს.

– სამწუხაროა, რომ პატარა ასაკში ასეთი მძიმე მოვლენების გადატანა მოგიხდათ… როგორ გაუმკლავდით ამ ტრავმებს, გაუზიარეთ გამოცდილება მკითხველებს.

– რთულია ტკივილთან გამკლავება, ის არსად მიდის, უბრალოდ, დროთა განმავლობაში სწავლობ მასთან ერთად ცხოვრებას. პირველად როდესაც გარდამეცვალა საყვარელი ადამიანი, რომელიც ჩემთვის დის ტოლფასი იყო, პატარა ვიყავი. ერთ საწოლში ვიწექით, ერთად გვზრდიდნენ, ერთნაირად გვაჭმევდნენ და გვაცმევდნენ… მახსოვს, მაშინ ვფიქრობდი, რომ ვერ გავუძლებდი და შევიშლებოდი.

მერე ისევ მალევე დატრიალდა ჩვენს ოჯახში ტრაგედია და მას შემდეგ თითქოს მივიღე ტკივილი ჩემი ცხოვრების თანმდევად. მას ვერსად გაექცევი, ასეთია ეს ცხოვრება – ან მოგერევა და დაგაუძლურებს, ან შენ უნდა იპოვო საკუთარ თავში ძალა, რომ გაძლიერდე და აიტანო. ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ გადარჩე. ეს შინაგანი ძალა კი დროსთან ერთად გაუსაძლისი ხდება, რადგან შემდეგ ხედავ, რომ ყოველ ჯერზე ყველაფერს ერევი. სამწუხაროა, მაგრამ ადამიანი თითქმის ყველაფერს ეჩვევა. მთავარია, ჩემსავით ყოველ ჯერზე მარტოს არ მოგიწიოთ ტკივილთან შეხვედრა და მისი გადატანა.

– თქვენი ოჯახი რა ფასეულობებით ცხოვრობდა, რა შეითვისეთ მისგან?

– დედას და მამას მთელი ცხოვრება ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ამას წლების განმავლობაში ვუყურებდი და მათგან სიყვარული და ერთგულება ვისწავლე. ორი და და ერთი ძმა მყავს და მათგან თანადგომა ვისწავლე. როცა მიჭირდა, პირველები ისინი მედგნენ მხარში. სწორი ღირებულებები და ფასეულობები ჩემმა ოჯახმა მომცა, რასაც ვერც წიგნით ისწავლი და ვერც განვითარების კურსების გავლით. ჩემთვის ყოველთვის ყველაზე და ყველაფერზე წმინდა იყო ოჯახი, ასე არის და ასე იქნება ყოველთვის!

– გაიხსენეთ ის შეგრძნებები, ამოციები, როცა დედა გახდით.

– დედა როდესაც გავხდი, ის ბედნიერების ცრემლები არასოდეს დამავიწყდება. გეგა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ხილული სასწაულია, რომელიც უფალმა მარგუნა. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ყველაფერი ერთად გამოვიარეთ და გადავიტანეთ. დღეს დიდი მეგობრები ვართ. როცა სძინავს, ზოგჯერ ვერ ვიჯერებ, რომ ამხელა შვილი მყავს და ხელს ვადებ, ვამოწმებ, ხომ ნამდვილია. ის არის ჩემი ცხოვრების განძი და მარადიული სიყვარული. მასზე ღირებული არასოდეს არაფერი შემიქმნია. ვფიქრობ, რომ ერთადერთი მიზეზი, რამაც გადამარჩინა, მისი არსებობაა. მის გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდი.

– ბოლო დროს შვილის გაჩენის ასაკმა გადაიწია. როგორ აფასებთ ამ ტენდენციას?

– ვფიქრობ, რომ შვილი მხოლოდ საყვარელი მამაკაცისგან უნდა გააჩინო, რომელიც მთელი გულით გიყვარს და ასეთი დიდი სიყვარული ქალის ცხოვრებაში 25 წლის ასაკში შემოვა თუ 35 წლის, არავინ იცის. ასე რომ, ასაკს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მთავარია, შვილი იყოს გულწრფელი, ნამდვილი, უსაზღვრო სიყვარულის ნაყოფი.

– რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა ქალებს, რომელთაც ოჯახისა და კარიერის შეთავსება სურთ?

– არ ვიცი, ჩემი რჩევა და გამოცდილება ახალგაზრდა ქალებისთვის რამდენად კომპეტენტური იქნება, რადგან, როდესაც მე შევქმენი ოჯახი, კარიერაზე უარი ვთქვი, რასაც შემდგომ ვნანობდი. მას შემდეგ კი კარიერას პირად ცხოვრებას ვერ ვუთავსებ და ჯერჯერობით არჩევანს კარიერაზე ვაკეთებ. მიუხედავად ამ გამოცდილებებისა, ფარ-ხმალს არ ვყრი, რადგან ვიცი, რომ შეუძლებელი არაფერია და ამასაც აუცილებლად მოვახერხებ.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, მეორე ნახევართან მქონდეს კარიერული ბმა, საერთო მიზანი, ვგავდეთ ერთმანეთს, ბევრი რამ გვქონდეს საერთო, რომ მოვახერხოთ ბალანსი და ორივეგან რეალიზება.

მთავარია, იყვნენ თავისუფლები, რეალიზება მოახდინონ კარიერაში და როცა მიაღწევენ ფინანსურ დამოუკიდებლობას, მას შემდეგ იფიქრონ ოჯახის შექმნაზე. ასე უფრო აარიდებენ ბევრ პრობლემას თავს. ასევე მნიშვნელოვანია, ვის აირჩევენ ცხოვრების პარტნიორად, რადგან, პირველ რიგში, მისი მხარდაჭერა დასჭირდებათ.

ასე რომ, გოგონებო, არ იჩქაროთ, ბევრი იფიქრეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ და არაფერი დაიზაროთ თქვენი ბედნიერი მომავლისთვის, რომელსაც თქვენ გარდა ვერავინ შექმნის!

– რა არის ის თვისებები, რომელთა გამომუშავებას დღეს საკუთარ თავში ცდილობთ? და კიდევ, რა თვისებები წაიღო დრომ, რა გენატრებათ?

– სულსწრაფი ვარ და ძალიან მაღიზიანებს ეს თვისება. ვცდილობ, გამოვიმუშავო უნარი, რომ ცოტა შევნელდე და უფრო დავმშვიდდე, რადგან აღარსად მეჩქარება. იქიდან გამომდინარე, რომ დროის დაკარგვა არ მიყვარს, ჯერჯერობით მიჭირს, მაგრამ საკუთარ თავთან ვმუშაობ ამ საკითხზე. ყველაზე მეტად კი სილაღე მენატრება.

– როგორ გგონიათ, პოპულარობას ახლავს იდენტობის, საკუთარი თავის დაკარგვის საფრთხე?

– მე ტრენდების შექმნა მიყვარს. შეგიძლია, პოპულარული გახდე ისე, რომ არავის მიბაძო, შეინარჩუნო და წარმოაჩინო ინდივიდუალიზმი. თუ ნიჭიერი და მამაცი ხარ, შენ უნდა შექმნა შენი თავი და მხოლოდ ამ გზით არ დაკარგავ იდენტობას. მარტივია, სხვას მიბაძო და ნაცადი გზით იარო. მე ყოველთვის რთულ გზას ვირჩევდი და, ვფიქრობ, ამ პრობლემის წინაშე ამიტომ არ დავმდგარვარ.

– თქვენი ამჟამინდელი მთავარი პროფესია – ტელეწამყვანობა, ახდენს თუ არა გავლენას თქვენს პიროვნებაზე?

– ტელეწამყვანობა მომწონს, მიყვარს კამერებთან მუშაობა. როცა ყურში მეუბნებიან, რომ პირდაპირ ეთერში ვარ, ვგრძნობ, ცოცხალი ვარ. ვიცი, რომ ვიღაც იქ, სადღაც მიყურებს, ვიღაც მისმენს, ვიღაც მხედავს და ეს ისეთი შეგრძნებაა, რომელიც “გწამლავს”, როცა გაქვს შესაძლებლობა, ბევრი სასარგებლო რამ აკეთო და სხვა ქალებისთვისაც მაგალითის მიმცემი იყო.

– თქვენს ცხოვრებაში, ადრეულ ასაკში იყო რეალითი შოუ “ამტანები”. როგორ აფასებთ ახლა იმ გამოცდილებას?

– “ამტანებში” 18 წლისა შევედი, რადგან ბავშვობიდან მინდოდა, საინტერესო, გამორჩეული ცხოვრება მქონოდა და პოპულარული გავმხდარიყავი. ამ პროექტმა კი მოულოდნელად დიდი პოპულარობა მომიტანა. პირველი კადრები პროექტის დატოვებისას, რაც მეხსიერებაში ჩამრჩა, იყო პოლიციის მიერ გაკეთებული დერეფანი, რომ გამოვეყვანე, რადგან ბევრი გულშემატკივარი იყო მოსული. სახლიდან გარეთ მარტო ვერ გავდიოდი, უცებ ქუჩაში ხალხი ავტოგრაფს მთხოვდა, ფოტოებს იღებდნენ.

პოპულარულობის ეს შედეგი გაუაზრე-ბლად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, რადგან პროექტში ჩაკეტილად ვცხოვრობდით. მაშინ არ მომეწონა, ვფიქრობდი, რომ პროექტში მონაწილეობა და შიმშილი არ იყო ისეთი ღირებული რამ, რომ ასე ფანატიკურად ყოფილიყვნენ ჩემ მიმართ განწყობილი. ამ დოზით ვერ მივიღე პოპულარობა, არ ვიყავი მზად ამისთვის, ნაადრევი იყო.

მაშინაც ადამიანებთან ურთიერთობისას ძალიან ბევრი სიყალბე ვიგრძენი და მივხვდი, რომ თუ ამ გზას ავირჩევდი, ჩემი ცხოვრების თანმდევი გახდებოდა ის და არც ჩემი ოჯახი მიეკუთვნებოდა იმ სოციალურ ფენას, რომელიც დააკმაყოფილებდა პოპულარული ადამიანის ცხოვრების სტილს, ამიტომ თმა შავად შევიღებე და თვეები სახლიდან არ გავსულვარ. რამდენიმე თვეში კი ჩემს ცხოვრებაში ამ ტალღამაც გადაიარა.

– გარემო ახდენს ადამიანებზე ზეგავლენას, ცვლის მათ ხასიათს, ბუნებას?

– არ მჯერა, რომ ადამიანები იცვლებიან. რა თქმა უნდა, გარემო ფაქტორები ახდენენ პიროვნებაზე ზეგავლენას. შეიძლება ჩაიკეტო და შენი პირადი სამყაროს გამოვლენა არ გინდოდეს, ბარიერები დააწესო, მაგრამ თუ გულის სიღრმეში კეთილი ხარ, მჯერა, რომ ვერ გაგაბოროტებენ. არასოდეს უნდა შეწყვიტო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნა, არ უნდა დაკარგო ბავშვობის ოცნებები, რადგან, მერწუნეთ, ისინი რეალურად ხდება.

ჩემი აზრით, ყველაფერზე მნიშვნელოვანია, გაიცნო საკუთარი თავი და მიჰყვე შენი სურვილების რეალიზების გეგმას, რომელიც თავისთავად შენს განვითარებას გამოიწვევს, დანარჩენი კი უკვე ცხოვრების მენეჯმენტია.

– დაბოლოს, რა სიახლეებით ხვდებით ახალ სატელევიზიო სეზონს?

– სიახლეები არ მაქვს, იმავე ფორმატით ვბრუნდებით ეთერში და მაყურებელს ახალ სეზონს შევთავაზებთ გადაცემით “რა გვსურს ქალებს”. ბოლო პერიოდში, რაც ბიზნესი დავიწყე, მეტი თავისუფალი დრო ვერ გამოვნახე, რომ უფრო ხშირად გამოვჩნდე ეთერში, მაგრამ არა უშავს, პირდაპირი ეთერი და ყოველდღიური გადაცემები ალბათ წინ მელოდება, თუ ძალიან მოვისურვებ. ამ ეტაპზე სხვა პრიორიტეტები მაქვს.