“სამი წელი საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში”

65

ულამაზესი ბალერინა თათა ჯაშისთვის ზაფხულის შვებულება ნაადრევად დასრულდა, რადგან რეპეტიციები დაეწყო. თუმცა, დასვენება და სასიამოვნო დღეების გატარება საყვარელი ადამიანების გვერდით უკვე მოასწრო და მომავალი ზაფხულის ლოკაციების გეგმებიც დასახა.

თათა ჯაში: ზაფხულში შვებულება და დასვენება, როგორც ყველა ადამიანისთვის, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, რომ მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ფიზიკური დატვირთვა მაქვს, სტრესულ გარემოში მუშაობა მიწევს და ერთი სული მაქვს ზაფხული როდის დადგება, რომ ერთთვიან შვებულებაში გავიდე. ვცდილობ, ეს პერიოდი იყოს მრავალფეროვნად დატვირთული, წავიდე ზღვაზე, მთაში, მქონდეს როგორც აქტიური, ისე პასიური დასვენება. მოკლედ, ამ ერთ თვეში ყველაფრის მოსწრება მინდა ხოლმე. ახლა, როცა ზაფხული მიიწურა, გული მწყდება. ზოგადად, ჩემთვის დასვენება საკმაოდ ნაადრევად დასრულდა, რადგან აგვისტოს დასაწყისში დავიწყეთ მუშაობა და ავტომატურად დავიწყე მომავალი ზაფხულის დაგეგმვაც (იცინის).

– როგორ მოხვდი საბალეტო სამყაროში, თავად გინდოდა თუ ვინმემ დაგეგმა შენი მომავალი პროფესია – ბალერინობა?

– ზოგადად, ცეკვა ძალიან მიყვარდა და დავდიოდი კიდეც. უშუალოდ ბალეტზე სრულიად შემთხვევით მოვხვდი, არ მქონია გადაწყვეტილი ბალერინობა. ჩემს მეგობარს გავყევი მისაღებ გამოცდაზე ანუ ქასთინგზე. დედებმა მიგვიყვანეს და ვიფიქრე, რატომაც არა, მეც მოვსინჯავ ბედს-მეთქი (იცინის). და იმ დღიდან შემოვრჩი ამ სფეროს ამდენი წელია. ალბათ, იმ საჭირო ადგილას, საჭირო დროს ბალეტის სამყაროში მოხვედრა ჩემმა ბედისწერამ განაპირობა.

– ვისაც შეხება არ აქვს და არც იცის, როგორი შრომატევადი პროფესია გაქვს, ალბათ, ვერც წარმოიდგენს მის სირთულეს. არის განცდები, ტრავმები, სტრესები… შექმნილა ოდესმე ისეთი მომენტი, როცა გიფიქრია, თავს დავანებებ ბალეტსო?

– სამწუხაროდ, ხერხემალზე მძიმე ტრავმის გამო მე მართლაც მომიწია ბალეტისთვის დროებით თავის დანებება. ფიზიკურად შეუძლებელი იყო ფიზიკური აქტივობის გაგრძელება და სამწელიწადნახევარი, საერთოდ არ ვცეკვავდი, სხვა პროფესიაში ვიმკვიდრებდი თავს. უსაქმოდ ჯდომა არ მინდოდა და დავიწყე სხვადასხვა კურსებზე სიარული და სხვადასხვა საქმიანობით დავკავდი, რომ ჩემი თავი სხვა სფეროშიც მეპოვა. ასე რომ, სამწუხაროდ, გავიარე პერიოდი, როცა მომიწია დროებით შევშვებოდი ბალეტს, რომელიც ძალიან მიყვარს. ის სამი წელი საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებით, პირველი წელიწად-ნახევარი. ბუნდოვნად მახსოვს, რადგან ალბათ, გონება ცუდ მოგონებებს ბლოკავს. ეს კარგი თვისება აქვს და მადლიერი ვარ ჩემი გონების, რომ ის ცუდი მოგონება დამიბლოკა (იცინის). მერე ის ცუდი ცუდ სიზმრად თუ გვახსოვს ხოლმე. საბედნიეროდ, ამ ყველაფერმა ისე ჩაიარა, არ მეგონა, მაგრამ მაინც დავუბრუნდი ცეკვას, ათი წელია, ისევ ამ სფეროში ვარ და წარმატებით ვმოღვაწეობ. თუმცა, კიდევ ვამბობ, იყო ძალიან რთული პერიოდი, საკმაოდ დეპრესიული. ძალიან რთულია, როცა რაღაცას მიუძღვნი თავს და მერე, უცებ მის გარეშე რჩები.

– ისეთი მომენტები თუ ყოფილა, როცა არ გეცეკვებოდა, მაგრამ სცენაზე იდექი და მაყურებლისთვის მაქსიმალურად იხარჯებოდი?

– რასაკვირველია. ადამიანები ვართ, გვაქვს ცუდი და კარგი დღეები, ცხოვრება სავსეა სასიამოვნო და უსიამოვნო სიურპრიზებით. ყოფილა დღეები, როცა არ მეცეკვებოდა, სცენაზე გასვლა არ მინდოდა, მაგრამ, როცა დარბაზში შევაბიჯებ და სცენაზე ვდგები, ეს ჩემი პირადი პრობლემა სხვამ არ უნდა დაინახოს. როცა სცენაზე გადიხარ, ირგებ იმ როლს, რა პარტიასაც ასრულებ და რა თქმა უნდა, გადადიხარ იმ საუკუნეში, რომლის პერსონაჟიც ხარ. ირგებ იმ ამპლუას და ხასიათს, რა პერსონაჟსაც განასახიერებ და იმწუთას შენ ხარ ის პერსონაჟი და არა თათა, ანუ ადამიანი, ვინც ცეკვავს. იმ მომენტში ყველაფერი გავიწყდება. ასე რომ, ხშირად მიწევს შუა საუკუნეებში და ზღაპარში მოგზაურობა და ამ მხრივ, ჩემი პროფესია ძალიან საინტერესოა. ეს კი ამსუბუქებს იმ შრომასა და ტკივილს, რისი ატანაც ჩვენ გვიწევს.

– შენი შვილი როგორ აღიქვამს იმას, რომ დედა სულ რეპეტიციებზეა და დატვირთული დღის რეჟიმი აქვს?

– ლუკა ექვსი წლისაა და ძალიან შეგნებული და დისციპლინირებული ადამიანია. არ მიწევს მასთან წუწუნი, ჩხუბი ან ჩიჩინი. ყოველთვის გვერდით მიდგას, მამხნევებს, როცა დაღლილი ვარ, ცდილობს, რამით შემიმსუბუქოს დაღლის ტკივილი და მეკითხება: რა შემიძლია, შენთვის გავაკეთოო. ამ მხრივ, ძალიან გამიმართლა, რომ დედად მე ამირჩია. გასტროლებზე რომ ვარ, ვენატრები, მაგრამ არასოდეს გაბუტულა. ხშირად დამყავს რეპეტიციებზე და სპექტაკლებსაც ესწრება. ხუთი წლის იყო, „მძინარე მზეთუნახავში“ რომ მნახა ბოროტი ფერიის როლში, ძალიან განიცადა, ბოროტის როლში რომ ვიყავი და მეკითხებოდა: კეთილ ფერიასაც ხომ ითამაშებო (იცინის). იმავე სპექტაკლში სხვა დღეს კეთილ ფერიასაც ვცეკვავდი და ვიდეოები ვაჩვენე და დავამშვიდე: აი, კეთილი ფერიაც ვარ-მეთქი. (იცინის). მისთვის მაინც კეთილი ფერია ვარ.

– ბალერინები ადრეულ ასაკში ასრულებენ სასცენო კარიერას. ალბათ, ესეც ერთგვარი სტრესია. ამაზე გიფიქრია?

– რა თქმა უნდა, ნაფიქრი მაქვს. ჩვენთვის, ბალერინებისთვის, დაახლოებით, ორმოც-ორმოცდახუთ წლის ასაკში ხდება კარიერის დასრულება. ამ ასაკის შემდეგ, პროფესიულად უკან ვიხევთ და ნაფიქრი მაქვს, ამის შემდეგ რას გავაკეთებ. მაქვს ბიზნესიდეები, რომელსაც ჯერ ვერ გავაჟღერებ (იცინის). ვფიქრობ, ნელ-ნელა უკვე დავიწყებ ბაზის მომზადებას და როდესაც ჩემს კარიერას დავასრულებ, მთლიანად გადავერთვები სხვა პროფესიაში.

– რა დაგიტოვა განვლილი წლების გამოცდილებამ და არის ისეთი თვისება, რაც შენს ხასიათში არ მოგწონს?

– განვლილმა წლებმა იმის გამოცდილება შემძინა, რომ ვარ უფრო წინდახედული, აღარ ვარ ისეთი გულჩვილი და მიმნდობი. მარტივი ცხოვრებისეული გამოცდილება ადამიანს უფრო ძლიერს გხდის. რა თქმა უნდა, ყველა გამოცდილება სასიამოვნო არ იყო, მაგრამ საჭირო იყო და დღესდღეობით მე უფრო ძლიერი ადამიანი ვარ. ჩემს ხასიათში კი მომწონს ის, რომ ვარ ძალიან მიზანდასახული და არ მომწონს ის, რომ ძალიან მიმნდობი ხასიათი მაქვს, რასაც ვებრძვი, მაგრამ გენეტიკურ დონეზე რაც „გიდევს“ ადამიანს, რთულია აღმოფხვრა.